ზაფხულში იტალიასთან მოგების შემდეგ ვწერდით….
“ბორჯღალოსნებმა იფრინეს და ისტორია შექმნეს. ჩვენს აქტივში უკვე არის ერთი წაქცეული ბობოლა. მერე რა რომ ეს ბობოლა ცოტა სუსტია, დავამტკიცეთ რომ ჩვენ შეგვიძლია. იმედია ეს მატჩი ცვლილებების ახალი ტალღის მომტანი იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში ქართულ რაგბის სხვა საფეხურზე გადაიყვანს.”
ჩვენს გულებში გაჩნდა იმედი, რომ მალე სხვა დიდ გუნდებსაც “გავაგორებდით. მაგრამ ბევრი ვერ იფიქრებდა, თუ ეს – ასე მალე იქნებოდა.
თან სად ? შუაგულ კარდიფში, სარაგბო მექაზე. უესლთან.
ვინ, ვინ და უელსი ნამდვილად დიდი გუნდია. 6 ერის – 28 გზის გამარჯვებულია და ამ მხრივ მხოლოდ ინგლისს ჩამორჩება. ( ინგლისი 29 გზის ჩემპიონია)
ზაფხულში – როდესაც იტალია დავამარცხეთ ეს დიდი გამარჯვება იყო, ისტორიის წერა დავიწყეთ. თუმცა ყველამ კარგად ვიცით რომ “დიდ ბიძიებთან” გარეული იტალია – ყველაზე სუსტი და მიწვდომადი იქნებოდა. “თიერ 2-ის” დონეზეც რამდენიმე, არანაკლები გუნდი გვყავს.
მაგრამ უელსი, კარდიფში – ეს უკვე სხვა დონეა. 63 500 მაყურებლის თვალწინ ბრწყინვალე ჯახი გავმართეთ. 5 წუთიანი მონაკვეთი ჩაგვივარდა, სხვა შემთხვევაში კი “დრაკონებს” შანსიც არ ჰქონიათ.
ჰოდა თამაშის მიწურულს ლუკა მატკავამ ბრწყინვალედ რომ დაჰკრა ოვალს ფეხი და ძელებს შორის გააძვრინა …. დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
არადა ნოემბრის ტესტ-მატჩებში პირველი გამარჯვების შემდეგ, სამოასთან გულდასაწყვეტი მარცხი ვიწვნიეთ. რამდენიმე ტაქტიკური შეცდომა მარცხის ფასად დაგვიჯდა. არადა 1 საჯარიმო, ან გარდასახვა, რომ გაგვეტანა მაინც ვიგებდით…. ამ ცოტა წამხდარ გუნებაზე უელსთან გამარჯვება უდიდესი ემოცია იყო – ყველა ქართველისთვის.
და ისევ
ბორჯღალოსნებმა იფრინეს და ისტორია შექმნეს. ჩვენს აქტივში უკვე არის ორი წაქცეული ბობოლა. მერე რა რომ ეს ბობოლა მსოფლიო თასის გამარჯვებული არასდროს ყოფილა. დავამტკიცეთ რომ ჩვენ შეგვიძლია. იმედია ეს მატჩი ცვლილებების ახალი ტალღის მომტანი იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში ქართულ რაგბის სხვა საფეხურზე გადაიყვანს. 🙂