Lado kilasonia
იქიდან კი ირლანდიაში
მარტინ სკორსეზეს “ირლანდიელს” დიდი ინტერესით ვუყურე და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში ამ ფილმმა სკორსეზეს ძველი ფილმის ჩვენებურად “დიდებული ბიჭების” (ჩემი აზრით “კაი ბიჭები” რომ უფრო მოუხდება) და “კაზინოს” შეჭაღარავებული შეგრძნება დამიტოვა, მაინც ძალიან ბევრმა რამემ მომხიბლა მასში: ჯო პეში უხმოდ, ღვინის მოწრუპვით და ჩამუქებული სათვალეების სიღრმიდან გამოშუქებული ბოროტი თვალებით რომ გასცემს ახალგაზრდა და უტიფარი იტალიელი ბოსის მოკვლის ბრძანებას, როგორ დაუფიქრებლდ კლავს დე ნირო ხაფანგში შეტყუებულ უახლოეს მეგობარს, მაგრამ ყველაზე მეტად ის სცენა მომხვდა გულში, როდესაც ფილმის დასაწყისში, დე ნირო ხელს დაავლებს სამსუხურიდან სახლში დაბურნებულ ატირებულ ქალიშვილს, იმ მაღაზიასთან მიიყვანს, რომელშიც მუშობს, მის უფროს გამოათრევს და შვილის თვალწინ სცემს სასტიკად.
ვითომ ისეთი არაფერი, მაგრამ აი, სწორედ მანდ, ფიცხი და ჯანიანი ირლანდიელი ბუტლეგერის როლის შემსრულებელმა დე ნირომ მოხუცის მოუხეშავი, შენელებული მოძრაობით რომ ასწია ფეხი ძირს დაგდებული მაღაზიის თეთრწინსაფრიანი, მსუქანი პატრონის თავში თუ თითებში ჩასაზელად, მივხვდი, რომ დაბერდა და ვეღარ თამაშობს ახალგაზრდას, დე ნიროც კი.
და გამახსენდა ამას წინათ როგორ ჩავისეირნე ნახალოვკაში, როგორ დავუყევი მახათის მთიდან ხუდადოვის ტყეს, უკან მოვიტოვე მანქანების ხმები და ტელეფონების ზარები თუ შეტყობინებების წკრიალი, ჩავედი მარუაშვილის ქუჩამდე, იქიდან ზაზიაშვილზე შევუხვიე და როდესაც მზით განათებული, ცარიელი ქუჩა ნელ-ნელა ისევ გაივსო მანქანებით და ხმებით, უკან გავბურნდი. მივაბიჯებდი ჩემთვის, ზამთრის თბილ მზეს მიფიცხებული და იმაზე ვფიქრობდი რომ აი, ახლა ორი ქალაქის საზღვარს ვკვეთდი, უკან დღევანდელი და მომავლის თბილისი მედგა, საცობებით, ახალი კორპუსებისგან დავიწროვებული ქუჩებით, სექსუალური უმცირესობების და პროპორციული არჩევნების პრობლემებით, წინ კი ჩემი ბავშვობის ქალაქი, ნარდის მოთამაშე მყრალი მოხუცებით, დაძაბულმზერიანი, შავებში ჩაცმული ბიჭებით, დაბზარული და სივრცეებიანი, რომელსაც თითქოს სულაც არ ანაღვლებდა არც გლობალური დათბობა და არც გენდერული თანასწორობა და იმ უკანა ქალაქის არსებობას აქ მხოლოდ ძველი, რკინის ჭიშკრებზე მიკრული წარწერები – Hostel, ან family hotel და ამავე ჭიშკრების წინ ჩამომდგარი ჰიბრიდული მანქანები თუ გაგახსენებდა. და ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ უკან მორჩენილი ახალი თბილისი ბევრ რამეში უფრო სწორი და კარგი მიმაჩდნა, ჩემი მაინც წინ მედო და ახლა ძალიან მსიამოვნებდა, რომ ჩემს ქალაქში ჯერ კიდევ არსებობდა ასეთი ადგილი, სადაც ჩემნაირი ახალგაზრდა კაცი ცოტა ხნით მაინც უკან მოიტოვებდა ბოლო წლებში საოცრად აჩქარებული ცხოვრებისგან თავზე დაყრილ საქმეებს და ხმებს და თუნდაც ძველი, დაბზარული ღარიბი, ქუჩების ლაბირინთში მოხეტიალე, ზამთრის საამურს მზეს მიფიცხებული გაიხსენებდა რაღაცა თავისას.
ასე რომ დე ნიროს ბებრულად გაქნეულმა, ვითომ ახალგაზრდა წიხლმა, ნახალოვკაში გამტყორცნა, ნახალოვკამ კი ბავშვობაში და მეც უცებ აღმოვჩნდი საბურთალოზე, თენგო ბიჭოსა და ბადიდას ტელევიზორთან, საბურთალოდან საფრანგეთში, იქიდან კი ირალნდიაში.
ირლანდია მგონი გასვლაზე ეთამაშებოდა საფრანგეთს, ეს ის დროა, როდესაც რაგბი ჯერ კიდევ არ შეჯავშნულა მომდგარ სამოსში, მოთამაშეებს ხალვათად დაჰფენიათ მხრებზე ნაჭრის დიდი მაისურები, პარაშუტივით რომ გაფრიალდება ხოლმე გარბენისას და უცებ ვიღაცა თხელი, ქერა, უწვერული ირლანდიელი ბავშვი ბურთს ჩაიგდებს ხელში და ისეთ სამ ლელოს გაუტანს მაშინდელ მსოფლიოში ხელით ბურთაობის დიდოსტატებად მიჩნეულ ფრანგებს, პირი ღია დაგვრჩება.
_ მგონი იმ ახალგაზრდულში იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რომ გავიდა, _ ამბობს მამა, საქართველოს იმჟამინდელი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.
რა ვიცოდით მაშინ პატარა ოთახში შეყუჟულმა ერთმა მუჭა ქართულმა რაგბისტობამ, რომ მეშვიდე არხის მოპარული პირდაპირი ეთერით ვიხილეთ სარაგბო ცაზე ახალი ვარსკვლავის ამოსვლა – უწვერული, ქერა ირლანდიელი ხომ ბრაიან ოდრისკოლი იყო.
მე არა მგონია, რომ დღევანდელი ირლანდიის ნაკრებში, რომელიც ბოლო წლებში მუდამ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო თასებს შორის და მუდამ ფლავდება მსოფლიოზე, ვინმე ჰყავდეთ ოდრისკოლის დარი.
არც ვიცი როგორ და რანაირად ვთქვა მის ოსტატობაზე, აქედან ვუვლი, იქიდან და ვერ ვეკარები, თითქოს მეშინია ცუდად შერჩეული სიტყვით არ გავაფუჭო ის, რასაც დიდი ბრაიანი ერქვა, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი – უნაკლო იყო. უნაკლო გუნდში უნაკლოობა ბევრად ადვილია, ნაკლიანში კი ძალიან ძნელი. ჰოდა, მაშინ ირლანდია გვარიანად ნაკლიანი იყო, მარტო ბრაიანი იყო უნაკლო და ამას ყველა აღიარებდა, რადგან მაშინდელ მსოფლიოში ბევრი არ მოიძებნებოდა, ავსტრალიის სუპერ დაცვისთვის ორმოცდაათმეტრიანი სოლორეიდით გაეტანა ლელო, ოდრისკოლმა კი გაუტანა, თანაც ავსტრალიაში და თანაც სულ ახალგაზრდამ.
და რადგან ბრაიანს ყველაფერი ჰქონდა, რაც სპორტულ ვარსკვლავს ესაჭიროება – ავადმყოფური შრომისმოყვარეობა, იღბალი, ოსტატობა, ხასიათი, საკუთარი თავის კრიტიკა, ყველაფერიც მიიღო – ირლანდიის კაპიტანიც იყო და ბრიტანელი ლომებისაც, ყველზე მეტი კეპის მომხვეჭმა და რეკორდების მომხსნელმა ექვის ერიც მოიგო, ლომების ტურნეც და ჰანიკენის თასიც, მოკლედ ყველაფერი რაც ხელეწიფებოდა ირლანდიას, ყველაფერი მსოფლიო თასის გარდა.
და მიუხედავად ამისა, მისი ბრწყინვალე სპორტული კარიერა მაინც ძალიან სევდიანი ამბავია, რადგან ავსტრალიის და კიდევ მრავალი სუპერ დაცვის გამრღვევი ოდრისკოლი – რომელმაც აჯობა ყველას და ყველაფერს, ისეთ დიდ და მასზე ბევრად უფრო დიდ გუნდებში მოთამაშე ლეგენდარულ ცამეტ ნომრებს როგორებიც იყვნენ სტივ მორტლოკი, უილ გრინვუდი და ტანა უმაგა, ვინც გამიზნულად შუბური ბოჭვით ლამის კისერი მოტეხა ზელანდიაში – დამარცხდა სწრაფი მოთამაშის ყველაზე დიდ და დაუნდობელ მტერთან, დროსთან.
სპორტსმენი უამრავ რამეს ინარჩუნებს, ფიზიკურ ფორმას, ოსტატობას, გამძლეობას, სიხისტეს, ყველაფერს სისწრაფის და სისხარტის გარდა.
ოდრისკოლიც ძალიან ცდილობდა, ამობდნენ თითქმის არასოდეს წასულა მეგობრებთან ლუდის დასალევადო, მაგრამ: სპორტული დიეტა, ვარჯიში, თამაში, აღდგენის მკაცრი პროტოკოლი, საკვები დანამატები აი, მთელი ის საწყალი არსენალი რითიც კაცს შუძლია დაუპირისპირდეს დროს.
ოდრისკოლმაც ამით იომა, ძალიან დიდხანს, ბოლომდე. უკვე შენელებულიც თითქოს ტოლს არ უდებდა ახალგაზრდა და ტყვიასავით მოზუზუნე ხაზის მოთამაშეებს, ოღონდ სხეული აღარ მიჰყვეობდა, ამიტომ გამოცდილებით ცდილობდა დროის ბზარების ამოვსებას და კიდევ უფრო დიდი იყო, ვუყურებდი და მეჩვენეობდა, რომ ოთარ ჭილაძის ფრაზის არ იყოს, ყოველი ახალი შეჯახებისას “ღილებაწყვეტილი ქვედაკაბასავით სათითაოდ სცვიოდა განვლილი წლები” და მაინც მაგარი იყო.
ყველაფერი კი იმან დაამთავრა ვინც დაიწყო. ზელანდიელი მწვრთნელი უორენ გატლენდი აღმოჩნდა ის კაცი, რომელმაც პირველად აიყვანა სულ ახალგაზრდა ბრაიან ოდრისკოლი ირლანდიის ნაკრებში და მრავალი წლის შემდეგ, ბრიტანელი ლომების ტურის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში ოცდასამ კაცში, ანუ განაცხადში აღარ შეიყვანა საკუთარი ხელითვე გზაგაკვალული თანამედროვე რაგბისთვის უკვე ბებერი ლეგენდა.
ამ ამბის შესახებ ბევრჯერ ჰკითხეს ერთსაც და მეორესაც და ბევრიც თქმულა. თუმცა მე მაინც ყველაზე მეტად უილ გრინვუდის ინტერვიუ მომეწონა, რომელიც ლომების ტურნეს, იმ ცნობილი ბოლო მატჩის შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ ჩაწერა უელსელ ჯეიმი რობერტსთან.
ზღვის პირას ქვიშიან სანაპიროზე მიაბიჯებენ ეს ორი დიდი რაგბისტი, მოქმედი და კომენტატორად ქცეული ვეტერანი და გრინვუდი ეკითხება, როგორ მოიქცა ბრაიენი, როცა გაიგო რომ შენ მის მაგივრად ჩაგსვესო? მოვიდა და მითხრა, მე არ ვთამაშობ და თუკი თამაშამდე ინდივიდუალურად რამეში ვარჯიში გინდა და ან ბურთის მომტანი დაგჭირდება ან კიდევ დამხმარე, აქ ვარო!
ლომებმა ის ტურნე მოიგეს და მე უკვე წლების შემდეგ, როდესაც ოდრისკოლი კარგა ხნის წასული იყო რაგბიდან, ვნახე როგორ იზეიმა ბრაიანმა გუნდთან ერთად გამარჯვება და თუ ის სიხარული ნათამაშევია, მაშინ მასაც რობერტ დე ნიროსავით ეკუთვნის ოსკარი!
და მაინც რამდენი ვიხსენებ ბრაიან ოდრისკოლის ბრწყინვალე კარიერას, სულ ჯეკ ლონდონის “ხორცის ნაჭერის” ბოლო ფრაზა მაგონდება სტოუშერ ბილზე, დაბერებული და ნაცემი თავისთვის, ჩუმად რომ ტირის გასახდელში, მერე კი, ალბათ, დალილავებული, მაგრამ მკაცრი სახით გააბიჯებს ქუჩაში.
გაეცანი სხვა საინტერესო სტატიას ლადო კილასონია-მფრინავი ფიჯელი

