2010 წელი ( პირველი ნაწილი )
ერთა თასი
როგორც ვვარაუდობდით, პირველ ტურში პროფესიონალ “ბორჯღალოსნებს” მოყვარული გერმანელები ცოტა ხანს გაუძალიანდნენ. ჩვენი უპირატესობა განსაკუთრებით თვალში საცემი იყო შერკინებაში. პირველი ლელო ტრაქტორივით მიწოლის შემდეგ, ჩაწოლასა და ოფსაიდში გადმოჭრას მოყვა, და მერეც მათ შეგორებაზე ჩვენს სასარგებლოდ რომ ინიშნებოდა ჯარიმა, ისევ შერკინებას ვითხოვდით.
პირველ ტაიმში ტყუპებივით მსგავსი წყვილი ლელო დერეფანში მოლის დაწყობით, დაძვრით, დატრიალებითა და მოწყვეტით შევიტანეთ. ვიხეირეთ მეტოქის შეცდომებითაც. მონდომებით, მწვავედ რაგბობდნენ უდესიანი, სამხარაძე და უმცროსი გიორგაძე. კვირიკაშვილმა გოლი 11-ვე ცდაზე გაიტანა, მაგრამ მეორე ტაიმში ბურთაობა მოგვბეზრდა და ბეკებსაც მოუმრავლდათ ლაფსუსი.
<< საქართველო 77:3 გერმანია
პორტუგალიასთან დავწინაურდით პირველსავე შეტევაში, როცა შერკინებაში წამოვშალეთ მეტოქე და "მეკომ" ჯარიმა შეაგდო. იმათ უმალ ფათერაკი შეემთხვათ - ოზმა გარდნერმა გასატანი ააცილა, მაგრამ ისე კი გაგულისდა, რომ მოგერიებულის გამოქცუნებაზე ხუთი მბოჭავი გაგვიბითურა და კარში დაგვალელოვა.
ეს იყო მთელ მატჩში ჩვენი დაცვის ერთადერთი შეცდომა. ლუზიტანები თანდათან დავიბრიყვეთ. პირველი მეოთხედის ბოლოს მარცხნივ ავაგორეთ მოლი და ჭიდილ-ჭიდილ კარისკენ რომ წავინაცვლეთ, "აბუ" რაქის გვერდით თვალსა და ხელს შუა გაუძვრა ყარაულებს (10:7) ლელო მეტად აღარ გასულა. არადა, შესვენებამდე შვიდი (!) შანსი კიდევ მოგვეცა, იმათ კი კიკერებმა უმტყუნეს.
კებრალმა კიდიდან ააცილა 28-ე წუთზე. მერე წითელ ზოლში ხან წინ გადაგვივარდა ოვალი; ხან რეფმა დაგვაჯარიმა ბოჭვაზე ბურთის შეფერხებისთვის; ხან შეტანილი ვერ დავამიწეთ; ხანაც ადრე მოვწყდით მწყობრს; "მანჩხოს" დადებამდე კონტაქტში გააგდებინეს; შეცდომათა თაიგული კი "სატვირთო - მისაბმელმა" დაამშვენა.
მეორე ტაიმში დამრტყმელობა ისევ გარდნერმა იკისრა და ვიდრე ტელე-რეპორტაჟი განახლდებოდა, ძელთა წინიდან დაახაია. 51-ე წუთზე, თითქო ბევრით ვიგებდით, კარში დასარტყამი კიდეზე გადავიტანეთ და ლელოსთან თერნოვერი შეგვემთხვა. ლათინთა შერკინება კიდევ რომ წამოდგა, ბედისწერასთან "გლახაობას" თავი ვანებეთ და მეკომ სამი ქულა აიღო, მაგრამ უმალ შეგვემთხვა სინბინი.
12 თვის წინდელის დარად, "დუდუ" ბრძოლაში ჩაბმიდან ათიოდე წუთში მეტოქესთან კინკლაობისთვის გაგვიგდეს. "ლობუშს" გული მიეცა და დადუმებული სტადიონიც ახმაურდა. 61-ე წუთზე გაიჯეჯილეს პინტუმ და ვეშკუმ, ოთხის შემდეგ კი სილვამაც, მაგრამ თოდუამ, "კაჭმა" და თედომ ბოჭვით კიდეზე გადადენეს მომხვდურები.
იქვე დროულად გავაჩაღეთ შეცვლები. მეკომ მოედანს გაარტყა დამიზნებული, გარდნერმა კი ვერა. მანვე 74-ე წუთზე, 45 მეტრიდან ვერ გააფრევა თამაში. სამაგიეროდ, "მალაღურამ" შეაგდო არეკნი მაგავე მანძილიდან და სამ წუთში ფორის ცხრამდე აყვანაც სცადა, მერე კი კაჭი დამრტყმელს დაეჯახა და ლობუშს ბოლო შანსი მიეცა.
პორტუგალიამ წამატებულ დროში ბარემ ორი წუთი გვიტია. ფაზას ფაზე ებმოდა, მაგრამ ყველა ძალურ სოლოს რომ გავუმკლავდით, იმათ ფრთისკენ გაშლილად წაიბურთავეს და კიდეზე მივაბრძანეთ. დერეფანში ჩვენი მეოთხედიდან ავაგორეთ მოლი, რაიც მეტოქემ ჩაგვიქცია და უფალმა სმოლმაც ბოლოჯერ დაუსტვინა.
>>> საქართველო 16:10 პორტუგალია
ესპანეთი გვესტუმრა თბილისში, პირველ მეოთხედში იმათ ორჯერ შემოგვიტიეს, მსაჯმა კაცი გაგვიგდო და ნავამაც ორიდან ერთი ჯარიმა შეაგდო. მეოცე წუთის მიდამოში გოლის ნაცვლად სამჯერ დავიჟინეთ ლელოს გატანა და ამად ანგარიშიც ვერ გავათანაბრეთ. 29-ე წუთზე მალაღურაძემ დიაგონალზე გადაკიდა, მაგრამ წითელ ზოლში დავჯარიმდით, შემდეგ ბურთაობაზე კი იქვე წინ დაგვივარდა ოვალი.
ესპანეთმა თავის შერკინებაში იდედლა, ჩვენს შეგდებაზე კი უდესიანმა აიტაცა, ჯიქურ წავიდა და ლელო სამ მბოჭავთან ჯახით შეიტანა. ტაიმის ბოლო წუთზე გიორგაძემ და ზიმზიბაძემ ალმისკენ გააქანეს ურჯუკაშვილი, მაგრამ მე-60 კეპის მომხვეჭ მახოს ი.მარტინმა ნახტომში გააგდებინა ბურთი და რეფმა ლელო რომ არ ჩათვალა, მაგ განჩინების სისწორეში სტადიონი სხარტი ტელევიზიისა და თანამედროვე ტაბლოს მეშვეობით თვალდათვალ დარწმუნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მეხუთედაც რომ ვიცოტავეთ სამი ქულა, იმათ კიდევ მოიგერიეს ჩვენი მიძალება, მაგრამ მაჩხანელმა გამოაქცუნა გადაკიდებული, კვირიკაშვილისა და მალაღურაძის ოფლოუდებით კი ახალბედა თავართქილაძემ შეიტანა ლელო (12:3) მერე თამაში გაუფერულდა. 65-ე წუთზე კვირიკაშვილს 30 მეტრიდან მოეჭრა არეკნი, ხუთ წუთში კი ფორა ფაზური შტურმით 14 ქულამდე გავზარდეთ.
კვირიკაშვილმა და მაჩხანელმა წყვილი ჯვრით არიეს მეტოქის დაცვა და სამმა ქუთათურმა (დადუნაშვილი ჩხიკვაძე გიორგაძე) მარჯვენა ალამთან გაიტანა ლელო. ბოლოს იმათაც აგვიგორეს მოლი და ნავამ ჩამორჩენა რვამდე დაიყვანა, ბოლო შეტევაში კი, კარის წინ, 30 მეტრზე კიდევ გვერგო ჯარიმა, მაგრამ ისიც გავათამაშეთ და რაქში ხელით ჩალიჩისთვის დავჯარიმდით.
>>> საქართველო 17:9 ესპანეთი
წინა ექვსივე მსოფლიოზე ნარაგბალ რუმინეთს მეშვიდეზე მოხვედრის შანსი ჩვენთან წაგების შემთხვევაში ეკარგებოდა კარპატელებმა თავი გადადეს, შეძლების და გვარად ოპტიმალური რაზმი შეკრიბეს, გვაჯობეს ჩვენსავე ყაიდაზე, ანუ მოლის გორებით, და გაახარეს ბარემ ათასი მოკეთე, ვინც მზიან, ოღონდაც თოშიანსა და ქარიან დღეს, გუნდის საქომაგოდ მაინც შეგროვდა.
რუმინეთს გადასარევად არ ურაგბია და ბოლოსკენ რომ დაიღალა, პროფესიულ ფოლებზეც გადავიდა. ირლანდიელ რეფს შეეძლო, მასპინძლებისთვის კაცი სინბინში გაეგდო, მაგრამ არა ჰქნა, რამაც არ უნდა გაგვაკვირვოს. კიდევ ეგ შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი ბანაკის გასამართლებლად, რომ შერკინებაში გვაკლდნენ გორგოძე, გიორგაძე და ზირაქაშვილი, სხვაფრივ კი გუნდმა ითამაშა ისე, როგორც ამას ავსტრალიელ გურუთა ხელქვეით შვრება და “სტეჟარზე” უღონო და უწრთობ, მოყვარულ მეტოქეებს მაინც ერევა.
რა თქმა უნდა, წავაგეთ რუმინელთა სიკარგისა და ჩვენი ლაფსუსების გამო. დამრტყმელმა ხუთჯერ ვერ გაარტყა მოედანს და უკან დაგვხია; უკანა სამეულს უჭირდა გადაკიდებულის აღება; მგეზავმა კვლავაც ვერ აბურთავა ბეკები; ეს უკვე მერამდენედ, რაგბული ლოგიკის შეუსაბამო იყო სარდალთა ტაქტიკური გადაწყვეტილებანი; და მწურთნელებმაც ტრადიციულად დააგვიანეს ბრძოლაში მარქაფის ჩაბმა, რაღაი მავანთ შეცვლას ვერ ჰკადრებენ.
არადა, დასაწყისი მთლად ცუდსაც არ გვიქადდა. იმათ მგორავი მოლით დაგვალელოვეს და ჩვენც იქვე, მაგავე ხერხით გავეცით პასუხი. მერე იმათ შეგვიგდეს ჯარიმა, ჩვენ კი მოგერიებაზე დავუფარეთ, ბლოკით ხაზიც გავუჭერით და შერკინებაშიც ავართვით ოვალი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ 30-ე წუთზე ანგარიში გაგვეთანაბრებინა, ბოლო მსოფლიო თასის აქეთ ეს უკვე მერამდენედ ლელოს დავხარბდით და 5-მეტრა დერეფანში სწორად ვერ ავაგდეთ ბურთი.
>>> საქართველო 10:22 რუმინეთი
თრაბზონი (გინდაც ტრაპიზონი) ის მხარეა, სადამდეც რვა საუკუნის წინ საქართველოს პოლიტიკური გავლენა წვდებოდა. ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე სამშენებლო მასალები და იდეებიც ჩვენში მეგობარი თურქეთიდან რომ შემოედინება, შავი ზღვის პირა ვილაიეთები იერით თბილისის შემოგარენის მსგავსი არიან, აქედან ორგანიზებულად ჩასულმა ფანთა ლაშქარმა კი კომნენთა სატახტო ერთი დღით ისევ აქცია ქართულ ქალაქად.
თრაბზონის გარეუბან აქჩაბათის მყუდრო სტადიონზე ჯერარნახული სული ტრიალებდა. ქართველი ქომაგები თამაშს არათუ ცოცხლად აღიქვამდნენ, არამედ მასში თავადვე მონაწილეობდნენ, თურქები კი უცხო ხილს ახლო-მახლო სახლების აივნებიდან და სახურავებიდან ჭვრეტდნენ. გუნდი ვილაიეთის სპორტულ ბაზაზე მღვდელმა და კავშირის პრეს-რაზმმა მატჩამდე მოიკითხეს, ტურ-ოპერატორების წაყვანილებმა და კერძო ავტოებით წასულებმა კი, სავაჭრო “ფორუმში” დროის გაყვანის შემდეგ, ტრიბუნები შეავსეს და აახმაურეს.
თუ პირველი ტაიმის 5-წუთა მონაკვეთს არ ჩავთვლით, ბორჯღალოსანთა გამარჯვება სათუო მეტად აღარც გამხდარა. რუსეთი მე-14 შეყრაზე მეთორმეტედ დავამარცხეთ.
დავდეთ ხუთი ლელო – ყველა ფორვარდებით, მაგრამ ბეკებსაც არა უშავდათ რა. მაგრად ირაგბეს ურჯუკაშვილმა, ლაბაძემ, ჩხაიძემ, ნატრიაშვილმა და მეტადრე ზირაქაშვილმა, ვისი თამაშიც, ვარჯიშზე საზარდულის დაჭიმვის გამო, სათუო იყო. ნერვული შესავალი იმით დამთავრდა, რომ კვირიკაშვილმა 30 მეტრიდან შეაგდო არეკნი [მანამდე კუშნარიოვმა შორიდან ააცილა ჯარიმა] მაგრამ მალე ბაბაევმა გაგვიჭრა ხაზი და 5-მეტრა დერეფნიდან იანიუშკინი რომ გაგვიძვრა, პანასენკო ლელოს მიწვდა.
უმალ სისხლდენის გამო დროებით შესაცვლელები გაგვიხდნენ ზედგინიძე და აბუსერიძე. ამა და მომდევნო ბლად-ბინის დროსაც “მეკო” ძველ პოზიციაზე, ჰავბეკად დადგა. გარდატეხა “მახოს” გარღვევას მოყვა, რომლის შემდეგაც მეკომ ხაზში მდგარ “ზირაქას” შორს უპასა, ამან კი სიმარდით, ღონითა და უზომო თავდადებით 30-მეტრა, ძალურ-ტექნიკური სოლო მოაწყო.
კიკოფის შემდეგ ჩვენი მეოთხედიდან ბარემ 30 მეტრი მოლით ვიარეთ, ჯარიმის კვალად კი დერეფნიდან მორიგი “გრძელი ვირი” მოვაწყვეთ და ჭიდილით შევიტანეთ მეორე ლელო. აქედან ხუთ წუთში, ლაბაძემ კიდევ რომ მოიგო მეტოქის დერეფანი, მოლებითა და ატაცებებით შევედით წითელ ზოლში, მაგრამ დათუნაშვილმა მბოჭავებთან ჭიდილში ვერ დაამიწა. და მაინც, 5-მეტრა შერკინებიდან, “აბუს” ხელუკუღმა პასით, ოვალი ძელთან გადადო “ბინგო” ჩხაიძემ (22:5)
მეორე ტაიმის დასაწყისში იგივე მოხდა, შერკინებიდან კი მიზანს უდესიანი ეწია მოკლე ფრთაზე. საათის თავზე რუსეთმა გამწელი ფაზები აკინძა, მაგრამ ყოველ ჯერზე გაუვალ ჯებირს გადააწყდა, მორიგი ორი დერეფნის წაგების შემდეგ კი ჯარიმის კარში დარტყმა ინება და ჩამორჩენა 21 ქულამდე შეამცირა.
მეხუთე ლელოზე მეტოქის შერკინება დავადედლეთ და მსაჯმა “ტექნიკური” გვიბოძა, რის შემდეგაც სტუმრებმა ისღა სცადეს, რომ მონაგარი ორნიშნა გაეხადათ, მაგრამ კუშნარიოვმა 35 მეტრიდან, კიდიდან ააცილა. რუსეთმა შემდეგი, ახლო ჯარიმა გაათამაშა, მაგრამ თერნოვერი შეემთხვა, მატჩი კი შეტევაში დავასრულეთ.
>>> საქართველო 36:8 რუსეთი
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები
2010 წელი საქართველო და რაგბი
Facebook კომენტარები
წინა პოსტი

