2019 წლის მსოფლიო თასის დაუმთავრებელი ჩანახატი
ჯგუფური ეტაპები მიილია და ამდენი რაგბისტის და მწვრთნელის ფონზე დადებული ჯანმრთელობა, დაღვრილი ოფლი, სისხლი, სიხარული და იმედგაცრუება, კაშკაშა ვარსკვალების ამოსვლა და დიდი მნათობების ჩასვლა, უკვე იქცა საუკეთესო შემთხვევაში ისტორიად, უარესში კი სტატისტიკად.
ამ ჩემპიონატზე ბუნებამ ბევრს მოფხანა გული, როდესაც მწარე სილა გაულაწუნა მსოფლიო რაგბის საბჭოს, თავისი ზედმეტად პროფესიულ, ბანკირივით ქედმაღალ სახეში.
ვინ არ ჩარეულა ვებ ალისის თასის ამბებში? ღმერთიდან დაწყებული, შაბათია და ვერ ვითამაშებო და პოლიტიკით დამთავრებული, მაგათთან რასიზმია და ეგენი არაო, მთავარი ამბავი კი ბუნებას მოჰყვა, როგორ ჩაატარეს იქ ჩემპიონატი, სადაც ტაიფუნების ასეთი საფრთხეაო?! გაიძახიან გულშემატკივრები, გუნდებს კი თურმე წინასწარ მოუწერიათ უამინდობის შემთხვევაში დაზავებაზე ხელი. მეც გამიკვრიდა, იაპონია და ამინდი ვერ გაითვალისწინა? ახლაღა წავიკითხე სადღაც, ფანებს გადადებული თამაშების ბილეთების ფულიც აუნაზღაურდებათო.
თანაც ამინდი ძველისძველი სარაგბო დრამატურგია, როგორც ჩვენთან იტყვიან, დენიკინის დროინდელი.
ვიღაცეებს ალბათ ჯერ კიდევ ახსოვთ 1995 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალი, სადაც გუბეებით მოსარკულ მოედანზე ფრანგები უკანასკნელამდე ეომნენ, მომავალ ჩემპიონ სამხრეთ-აფრიკას და ისეთ დრამატულ თამაშში წააგეს 15-19, რომლის დარიც ბევრი არ ყოფილა: ბოლო წუთებზე აფრიკელთა ხუთმეტრიანში იყო ფრანგების შერკინება, თამაშის გაშლაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, ჭაობში უნდა გერბინა, სცადა ფრანგების შერკინებამ მიწოლა, ვერ დაძრა აფრიკელთა რვიანი და ფრანგების მუდამ თხელი და შემოქმედი ხაზი, სასოწარკეთისგან შერკინებას მიაწყდა, მესამე ხაზს და რვა ნომერს ამოუდგა გვერდში და ასე სცადა შეეთრია აფრიკა, მაგრამ არ გამოუვიდა და ახლა, როცა ვიხსენებ, იმ ბოლო შერკინებას უღელში შებმულ ფრანგულ ხაზს, მერე კი ლაკრუას და კალიფანოს თქეშ წვიმაში ატირებულ სახეებს, ის ცნობილი ფრაზა “დანის პირზე მორბენლიდან”: ყველა ეს მომონტი ისე ჩაიკარგება დროში როგორც ცრემელები წვიმაშიო! რომ ამბობს თითქოსდა რობოტი და კვდება.
2019 წლის მსოფლიო თასზე, ისევე როგორც ყველა აქამდე ჩატარებულ ამ ტურნირზე, ბევრი რამ შეიცვალა და ერთი კი უცვლელი დარჩა: ფავორიტი კვლავ ახალი ზელანდიაა, ირლანდიამ კი ჯერ-ჯერობით ისევ გაუცრუა ყველას იმედი.
ცვლილებები კი ძირითადად მხოლოდ შიგნით, თამაშის დეტალებშია, თორემ სარაგბო რუკის დიდი მოთამაშეები უცვლელნი დარჩნენ, ერთი, არგენტინის გამოკლებით, ვისაც მგონი ირლანდიური წყევლა შეეყარა. 2015 წლის მოდელის საქართველომ, ვერაფერი გააწყო 2019 წლის მსოფლიო თასის კიბორგებივით პლასტიკურ და მოძრავ ბობოლებთან, დანარჩენი ვიცით. ძალიან კი შემეცოდნენ ბიჭები, ფიჯის მერე თავჩაღუნულები, რომ იხდიდნენ ბოდიშებს, და იმ ერთადერთს ცრიდნენ კბილებში რასაც იცოდნენ, იზამდნენ, მაგრამ არ იკმარებდა – ავსტრალიას შევაკვდებითო და მართლა შეაკვდნენ. თავაწეული და სიმღერით კი სახლში ფიჯი დაბრუნდა. აფრიკის კაპიტანს ორმეტირან იბენ ეცებესს რასისტობაში ედება ბრალი და სასამართლო ელის, ესეც სამხრეთ-აფრიკის, ძველი და მოურჩენელი სენი. თუმცა ერასმუსი მაინც იღიმის.
მაგრამ მთავარი მაინც ამინდი იყო და აქ კი ძაან დაიხლართა საქმე, ისე რომ იაპონიას ზედიზედ მეორე მსოფლიო თასზე დაემუქრა ჯგუფის მთავარი გოლიათის წაქცევის შემდეგ ჯგუფშივე ჩარჩენა, თანაც ისევ შოტლანდიისგან. რადგან შოტლანდია კონტრაქტმოწერილზე მოერია მთავარ ტაიფუნს, რაგბის მსოფლიო საბჭოს, და იაპონიასთან თამაში მაინც გაამართინა, ოღონდ სკოტებმა ისე ლამაზად, სულ რაგბის განვითარებების, ღირსებების და ძმური თანაბრობის ფრაზებში (იაპონიასაც იგივე უნდა უნდოდეს რომ კიდევ უფრო ნათლად დაუმტკიცოს მსოფლიოს საკუთარი სიძლიერეო) შეფუთეს სპარტადან მოღწეული გამონათქვამი, ან ფარით ან ფარზეო, ანუ, ან ჩვენსას გაგვატანინებთ ან მკვდრებს გაგვიტანთ აქედანო, რომ ის უფრო თხოვნას ჰგავდა, ვიდრე მუქარას.
და ეგრე დადგნენ ერთმანეთის პირისპირ იაპონია და შოტლანდია და რა მაგარი რამეა, ხანდახან ეს გადახეული კონტრაქტები, იმიტომ რომ ეგ იყო მთავარი და ეგ იყო რაც საუკეთესო გამოვიდა ჯერ-ჯერობით ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. და ამ სასწაულ თამაშში იაპონიამ თითქოსდა მისხალ-მისხალ შესწავლილ სარაგბო მოედანზე, საოცარი ახალი სვლებით გაშლილ შეტევასთან ერთად მთელ მსოფლიოს აჩვენა, რას შეიძლება მიაღწიოს სწორად მოფიქრალმა და სწორი კურსით მავალმა ქვეყანამ ოთხ წელიწადში და რომ მართალია სარაგბო რუკის დიდი მოთამაშეები უცვლელნი დარჩნენ, მაგრამ შუა ნაწილში კი ამოიზარდა ახალი და ეკალივით მტკივნეული ქვეყანა.
ახლა წინ მეოთხედ-ფინალებია, ზელანდია ირლანდიას დაუხვდება და აქ გამოჩნდება, ორსახაა ჯო შმიტი, თუ ირლანდია მართლაც ისაა, რასაც ვხედავთ. კიდევ ავსტრალიაა და ბოლო ტურში ტაიფუნის გამოისობით დასვენებული ინგლისი, ესეც ძველი ჯახი. უელსი, ასევე ტაიფუნით დასვენებული საფრანგეთს შეასკდება, ესეც კლასიკა. სამხრეთ-აფრიკა კი მასპინძელ იაპონიას ეთამაშება, რომელსაც ოთარ ჭილაძის სახლში ტრიუმფით დაბრუნებული ჯარისკაცების შესახებ ნათქვამი ფრაზის არ იყოს, ოფლის, სისხლის და დამარცხებული ქვეყნების სუნი ასდის, მაგრამ მგონი, მაინც აღარაფერი დარჩენია ჩვენებური შეკვდომის გარდა
ლადო კილასონიას სპორტული და ლიტერატურული ზღაპრები