2010 წლის შემოდგომაზე საქართველომ პირველად უმასპინძლა სრულფასოვან ტესტ-მატჩებს. სადაც ჩვენი მეტოქეები ეროვნული ნაკრების სახით იყვნენ წარმოდგენილნი.
პირველი მეტოქე იყო კანადა. კანადა სწრაფი მობურთალი, მაგრამ ჯანში სუსტი გუნდია. ასეთ მეტოქეს აწყობს ქაოსი, ჩვენ კი დალაგებული თამაში – სტატიკიდან ფაზათა აკინძვა და თულფების (კოზირთა) გამოყენება. ეს შევძელით კიდეც საწყის საათში, მაგრამ ზედიზედ რომ დაგვემტვრა ოთხი ბეკი – 10, 12, 15 და 9, ხოლო გარემარბი ათი წუთით გაგვიგდეს, სტუმრებმა თამაში შემოაბრუნეს და ნაკლებით – ერთი გარდასახული ლელოთიღა წააგეს.
ჩვენ დავდეთ სამი – ორი შერკინებით და ერთიც თერნოვერიდან, იმათ კი ორი – გადაკიდებითა და პირველივე ფაზიდან. მატჩის არცერთ მონაკვეთში სათუო არ ყოფილა ქართველთა გამარჯვება, მაგრამ ორი გასატანი ჯარიმაც რომ შეგვეგდო, ანგარიში ბოლო ათი წუთის წინ 28:8 იქნებოდა. ისე, მეტოქესაც შეუძლია მსგავსი არგუმენტების მოტანა, ესაო და მესამე ლელოზე კიდეს დააბიჯეთო.
ირბ-ის სიჯიუტის გადამკიდე, უფრო კი ჩვენი დონის სხვა ქვეყნებში ტექნიკურ საშუალებათა ვერ-ქონისა გამო, არა-ელიტარულ ტესტებს ვიდეო-რეფერი არ ემსახურება. ეს სამ მსაჯს ერთი ორად ურთულებს საქმეს, მაგრამ კიდეზე ჩვენებური რომ იდგა, სადაო საკითხიც ბორჯღალოსანთა სასარგებლოდ გადაწყდა, რაც სპორტში საძრახისი არსად და არასოდეს ყოფილა.
ანგარიში გაიხსნა ჯარიმით, რაიც მარცხნივ შეტევას მოყვა. მალე იქვე, დერეფნიდან აგორებულ მოლში, ბლოკი შეგვემთხვა, მაგრამ მეორე, 5-წუთა შტურმი ძალისმიერი ლელოთი დავასრულეთ: ზედიზედ ოთხ ჯარიმაზე 5-მეტრა შერკინება რომ მოვითხოვეთ, იმათ ვერ გაგვიძლეს, ჯერ ჩაწვნენ, ბოლოს წამოდგნენ და რეფმა საჯარიმო ლელო გვიბოძა.
უმალ კანადელთაგან საუკეთესომ, გლაზგოში მოღვაწე ბურმა, ფანდერმერვემ ოვალი გადაიკიდა, აიღო და ოფლოუდი მიართვა მარშალს. შუა მეორე მეოთხედში 45 მეტრიდან მოგვეჭრა არეკნი, მაგრამ იქვე შერკინებამ 15 მეტრი იარა და თუმც ბურთი გამოუვარდა, მოლითა და სოლოებით მაინც გადავაღწიეთ ხაზს იქეთ.
ზედ შესვენების წინ იმათ ხაზით შემოგვიტიეს და კარის წინიდან გაგვიტანეს ჯარიმა, ჩვენ კი მეორე ტაიმის დასაწყისში, მარცხნიდან გაგვიცუდდა. მერე კიდევ გაქანდა ფანდერმერვე, ჰერნს კი თავი სონი-ბილი ეგონა და ხელუკუღმა ოფლოუდი სცადა, მაგრამ კვირიკაშვილმა ჩაუჭრა და წინ გააგორა, ხოლო ურჯუკაშვილმა ვაითი მხრით მოიშორა და ლელოს მარცხენა კიდესთან დაახტა ბურთს.
საათის თავზე მეორედ რომ ატყდა კრივი, იმათი ფლანკერი და ჩვენი ფრთა გაასინბინეს, მორიგი თრევის კვალად კი მარჯვნივ რომ გვერგო ჯარიმა, რაგბს უზიარებელი ფან-კლუბი უდროოდ, არა-დუბლინურად ახმაურდა და დარტყმული კარს აცდა. გაჩაღდა არეული თამაში და ფანდერმერვემ გაიჯეჯილა, ურჯუკაშვილს კი ლავიწი ეტკინა და 15 ნომრად სინბინიდან დაბრუნებული მაჩხანელი დადგა.
დასკვნით ათ წუთში კანადას ოთხი დასარტყმელი ჯარიმა ერგო და ბეკიც გაგვისინბინეს, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა და მეტოქე ლელოს გატანას ეშურებოდა. სტუმრებს მიზანს ბოლო წუთზე, შერკინებიდან ბურთის ატაცებით ეწივნენ. მერე იყო და წამატებულ დროში მარშალმა ბურთი ქვორთერ-ბექულად, 40 მეტრზე მოაწოდა კიდიდან და ხაზი კიდევ გაგვეჭრა, მაგრამ სამხარაძემ ზედიზედ შებოჭა ფანდერმერვე და მენზა-ქოქერი, ხოლო რეფმა ჩვენების კარნახით საათს დახედა. [საქართველო 22-15 კანადა] .
შტატები კანადაზე სუსტად კი ითვლება, მაგრამ მასზე ძლიერი გამოდგა. იანკებს მეზობელზე უკეთ ჰქონიათ გაწონასწორებული რაგბის ძალური და სხარტი საწყისები, და ხაზშიც უფრო კლასიანი მობურთალები ეყენათ.
ამას დაერთო მეორე მეოთხედში ჩვენი დერეფნის მოშლა და სათამაშო გეგმიდან გადახვევა. ჰოდა, როგორც ვიდეო-ანალიტიკოსმა დათო რამიშვილმა შესვენებაზე გვამცნო, პირველ ტაიმში ბურთი 3.10 წუთიღა გვეპყრა, ხოლო მეტოქეს – 12.35 წუთი!
დერეფანში ძაან დაგვაკლდა გია ლაბაძე. სქთომა რეფმაც მოლის დაყენებისას ორჯერ (0:0 12:17) ბლოკი გამოგვიჩხრიკა. თვისტომზე ნამატჩევს აღრენილი იყო ქართველთა ჭარმაგი გურუ რიჩი დიქსონიც, ესაო და ბოჭვის არე ერთობ ლიბერალურად განსაჯა და ამით ამერიკელებზე მეტად დავზარალდითო.
იანკები თავიდან უხეშობდნენ: მალაღურაძეს დარტყმის შემდეგ დაეჯახნენ, გუგავას კისერში წვდნენ და კაც-ნაკლულნი დარჩნენ, და რაქშიც დაგვწიხლეს. თამაშის გაშლას ვცდილობდით და ხაზში ორჯერ ჩავრთეთ ხამაშურიძე. გავიტანეთ ბოჭვაზე რგებული წყვილი ჯარიმა, ხოლო იმათ ერთი ააცილეს. 6:0 ვიგებდით, მაგრამ მერე ავირიეთ.
მეტოქემ ბურთით კიდეზე რომ გადაგვდენა, უცებვე შემოაგდო, მსაჯებმა კი ჩათვალეს, რომ დერეფანი ჯერ არ შექმნილიყო. სუნიულამ ხაზი გააჭრევინა კაპიტან ქლევერს, ვინც ფრთაზე ზანგი ნგვენია გააქცუნა, ამან კი შიგნით დაუბრუნა ემერიქს.
ტაიმის ბოლოსკენ გაილაღა მანოამ და სვირინი კიდეზე წითელ ზოლთან გადავდენეთ, მაგრამ იმათ ხეირზე იოლი ჯარიმა შეაგდეს, ხოლო ემერიქი რომ გაეჭედა, მალიფამ მოუმზადებლად, ლამის სირბილით დაკრა არეკნი და გაიტანა (6:11)
შესვენებაზე შეიცვალა სამი ბორჯღალოსანი. ჩამორჩენა ორჯერ დავიყვანეთ ორამდე, მაგრამ იმათ უმალ აღადგინეს სტატუს-ქვო. არადა, 48-ე წუთზე წინ გასვლაც (12:11) შეგვეძლო, მალაღურაძეს 30 მეტრიდან რომ არ აეცდინა.
9:14-ზე მგეზავად შემოვიდა კვირიკაშვილი და თამაში გამოაცოცხლა: მომსხეპი პასით ფრთაზე გააქანა მაჩხანელი; თავად გაძვრა ფრონტის შუაგულში და ოფლოუდი მოახერხა; მეტოქის შერკინება რომ დავჯაბნეთ, ჯარიმაც გაიტანა 45 მეტრიდან, მაგრამ იქვე აბუსერიძე რაქში, იმათ მხარეზე მყოფ ბურთს დაახტა და გააძევეს.
ბედად, მალიფამ 35 მეტრიდან დაახაია, მაგრამ მანოას რეიდი ვაილზმა არეკნით დააგვირგვინა. აქედან მოყოლებული, პაუზებიანად, 25 წუთი გავიდა, ვიდრე ანგარიშს დრამატულად, ცოტათი იღბლადაც გავაფრევებდით, არწივებს ცხვირ-წინ ავაცლიდით გამარჯვებას და ირბ-ის რეიტინგში გადავუსწრებდით.
საყოფაცხოვრებო, არა-მსაჯური საათით ათვლილ ბოლო, კანონიკურ 10-წუთეულში უფალმა ალენმა შეტევაში ორჯერ დაგვაჯარიმა, მაგრამ წამატებულ დროში სამი ჯარიმა აქეთ გვიბოძა.
ბურჯთა კვაზი-ლეგიტიმური როტაციით ბრძოლაში ხელახლა ჩავაბით ვეტერანი შველიძე, მაგრამ მეკომ, ვინც ერთ იერიშში ხუთჯერ წაითამაშა, ფუჭად ანაწილა ბურთი. 85-ე წუთზე, მატჩის პირველი (!) 5-მეტრა დერეფნიდან, მიეძალა ზირაქაშვილი, ოვალი ზიბზიბაძიდან წინ ასხლტა და მიუვიდა ქლევერს, ვინც აბუსერიძემ ლელოში შებოჭა.
ქლევერი ძელს შეეჯახა. რეფმა ჩვენდა ბედად, “წინ თამაში” აღნუსხა და სტუმრებს 22-დან დარტყმის ნაცვლად 5-მეტრა შერკინებაში ბურთის შეგდება დააკისრა. არწივებს დადგომა ხომ გაუჭირდათ და ვერც ქართველთა მიწოლას გაუძლეს. ბურთი ხაზზე რომ იყო, აბუსერიძემ ააცალათ, კვირიკაშვილმა კი შენიშნა, რომ დაპანიკებული იანკები უკლებლივ გამოქცეულიყვნენ კარისკენ.
ჰოდა, საზრიანმა მეკომ შორს, რისკიანად მიაწოდა ეულად დარჩენილ გუგავას, რომლიც ლელოში შევარდა. ხოლო კვირიკაშვილმა კი ზუსტად გარდასახა. [ საქართველო 19-17 აშშ ]
2010 წელს სულ გავმართეთ ათი ტესტი და გავიმარჯვეთ შვიდში. პირველად მოხდა, რომ ფანობამ ტელევიზიით ყველას ცოცხლად უყურა.
ნაკრებში ვათამაშეთ 45 კაცი: 19 ბეკი და 26 ფორვარდი, რომელთაგან 12 პირველ-ხაზელია.
ბორჯღალოსანთა ამქარს ხუთი ახალბედა (კორკელია ნინიძე შეყლაშვილი მიქაუტაძე საყვარელიძე) შეემატა.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები