2010 წლის ზაფხულში გველოდა IRB ბუქარესტის ტურნირი.
ივნისი წლის ის დროა, საფრანგეთის პირველობაზე ნაჯაფარ უცხოელებს დასვენება რომ ჭირდებათ. ამ წესიდან გამონაკლისი რომ არ არიან ჩვენი ბიჭებიც, ამად ნაკრებს ექვსი ბეკი და ცამეტი ფორვარდი დააკლდება “არკულზე, სადაც საქართველო ერთ-წლიანი არყოფნის შემდეგ მესამედაც იასპარეზებს.
ირბ-ის მიერ დაფინანსებული 6-გუნდა შეჯიბრი რუმინეთში ზედიზედ მეოთხედ ტარდება და კაშინის მონასტრის მეზობლად, დუბლინურივე გრანტით გაშენებული არკულიც თანდათან მშვენდება. წინა ორ ჩასვლაზე მასპინძლებს გატანილ-გაშვებულის სხვაობით ვაჯობეთ და ზედა სამეულში დავაფინიშეთ. ჰოდა, იტალიის დუბლს თუ ტრადიციულად ვძლევთ, ეგებ ახლაც გავიმეოროთ შედეგი.
შოტლანდია A – საქართველო.
რაგბში ნეტარი კელტები პატრონ-ყმობის შენარჩუნებას აქამდე რომ ახერხებენ, არათუ გადამთიელისგან, არიფი ნათესავისგანაც (კანადა შტატები ჰონკონგი) ბრიტანელის ჯობნა სენსაციად აღიქმება. სამი წლის წინ, მსოფლიო თასზე, ჩაკირული იერარქია კინაღამ თავდაყირა დავაყენეთ და ლამის იყო, შერჩევის სისტემა და დონეებიც მოვუშალეთ ირბ-ს, ამჯერად კი ჩვენმა დუბლმა ირლანდიასთან რკენიდან გამოყოლილი ჯავრი სქოთებზე იყარა.
მატჩის პირველი ტაიმი კარგს არაფერს გვიქადდა. ნახევარ საუკუნოვან იუბილეზე კავკასიაში ნამყოფი სამხრეთ აფრიკელი რეფი სულ ჩვენ გვაჯარიმებდა და მეტოქეც გვჯობნიდა ხელდახელ ბურთაობით. ლელო მეოთხე წუთზევე გავუშვით და მერე თუმც თავდადებით ვბოჭეთ შოტლანდია, როცაკი ბურთს მოვიხელთებდით, ფეხის დარტყმით ბრიტებსვე ვუბრუნებდით. ტურნირის წინა ორი მატჩის მხილველს შთაბეჭდილება შეექმნებოდა, საქართველოზე უმწეო გუნდი ბუქარესტში სხვა არავინააო, მაგრამ ნელ-ნელა დიამეტრულად შეიცვალა ვითარება.
ბურთიანი ხელით მიწვდა
გაგვიმართლა აბრაგანებმა და დამჭერზე თავდასხმამ. შერკინების მარჯვენა მხარეს დროულად გამოიცვალა ორი კაცი. შოტლანდიას დასცხა და გულიც დაიარხეინა. მსაჯმაც მოწყალე თვალით გადმოგვხედა, ჩვენ კი პირველივე შანსით ავიღეთ ქულები და კიკერმა ირაკლი ყიასაშვილმა მერეც 100 პროცენტით გვახეირა – ნებისმიერი მანძილიდან და კუთხიდან დარტყმული გაიტანა.
ლელოც სხარტი დავდეთ: ბიძინა სამხარაძემ ღრეჩოში შეუშვა შალვა სუთიაშვილი, ამან კი ორი მბოჭავი იფრინა, ბარემ 30 მეტრი ირბინა და ვარდნაში ბურთიანი ხელით მიწვდა მარცხენა ძელის ძირს. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ შოტლანდია წახდა, ჩვენ კი ორჯერ დავწინაურდით ექვსი ქულით. ბრძოლაში ყოჩაღად ჩაერთვნენ სათადარიგო ბეკები; სწორად განხორციელდა პირველი ხაზის როტაციაც, ბოლოს კი ძლიერის მოკავშირე ფორტუნამაც გაგვიღიმა:
სქოთებმა ლელო კიდეზე რომ დაგვიდეს, გარდასახვა ვეღარ შეაგდეს და არეკნიც კომიკური დაკრეს.
საქართველო – იტალია A
თუ სტარტზე საღამოს ვიასპარეზეთ, ამჯერად პროგრამა ჩვენი რკენით გაიხსნა რუმინულად სამ საათზე, როცა სიცხე 37 გრადუსი იყო. ამის გამო ტაიმებში ორ-ორი დასარწყულებელი ტაიმ-აუტი გამოცხადდა, თამაში კი მაშინღა ავაწყვეთ, ბრძოლაში მარქაფა რომ ჩაება და უიმედოდ, 18 ქულით ვაგებდით.
“აძურმა” წინა მატჩის აქეთ მხოლოდ მარჯვენა ბურჯი გამოცვალა, ჩვენ კი ოთხი ბებერი მგელი ავიმატეთ და ოთხიც თავგამოჩენილი სათადარიგო დავაწინაურეთ. ამგვარმა არჩევანმა ვერ გაგვიმართლა. ვერ გავიტანეთ ჯარიმები; უაზროდ ვარტყით არეკნები; ქარაფშუტულად გავათამაშეთ კარში დასაკვრელები; შერკინებაში მტკიცედ კარგა ხანს ვერ დავდექით და მეტოქემ მოლითაც გვათრია.
ლუჩანომ დაგვაყუმბარა
ჩვენზე მომაგრებულმა, ოღონდაც ელიტისგან შერისხულმა ბურმა მსაჯმაც აგვითვალწუნა: მეტოქის პირველივე გაშლილი შეტევის შემდეგ კაცი გაგვისინბინა ბურთის ჩაკვლისთვის. მერე პინგ-პონგში ოფსაიდი მოგვიგონა; მერე კიდევ, საბაბი ჩვენ და თავად რომ მივეცით, ირბ-ის მუხანათურ წესთა მთელი არსენალიც აამოქმედა, შერკინებაში და ბოჭვაზე ბევრჯერ გაგვამტყუნა და თან ჰკვირობდა, ჩემი შეგონებები რად არ ეყურებათ ამ გადამთიელებსო.
0:0-ზე გასატანი ჯარიმა ავაცილეთ, არგენტინაში გაზრდილმა ლუჩანო ორკერამ კი რაც დაკრა, ერთის, ძელისთვის გარტყმულის გარდა, ყველა შეაგდო. 0:6-ზე დასარტყამი ციმციმ გავითამაშეთ; ზედ შესვენების წინ რუმინელი კიდის მსაჯი რეფს მიეშველა და შერკინებაში ხელით თამაში გამოგვიჩხრიკა, მერე კი გვერდულად მიწოლაც დაგვიდგინდა. ჰოდა, აძურის კიკერმა თავისი ნახევრიდან 12-მდე აიყვანა რაგბულად ალალი, ხოლო სხაფრივ არამი ფორა.
თვითონ თუ უწყიან?
მეორე ტაიმში ზურგ-ქარი გვეხმარებდა და ფაზური თამაში ავაწყვეთ, მაგრამ ჯარიმა ისევ დავახაიეთ. მგორავ მოლში ხაზმა ოფსაიდი დაარღვია, მერე კი შებოჭილის შეყოვნებისთვის კიდევ ათი წუთი ვირაგბეთ კაც-ნაკლულებმა. ბოლო მეოთხედის წინ გვარგო პირველი ხაზის, ჰავბეკისა და მგეზავის გამოცვლამ. თამაში უკვე წაგებული იყო, მაგრამ პრესტიჟის ლელო უნდა დაგვედო და ვუტევდით.
იონკერის ნამუსზე იყოს და ისინი თავს თურმე ლამის უჯარიმოდ იცავდნენ მთელი 20 წუთი. ვერც ჩვენი ფაზები იყო მწყობრი და წუნიც ბლომად მოგვდიოდა. გვღალატობდა ალღო და იღბალიც: მეტოქეს მოგერიებაზე რომ დავუფარეთ, ხმალაძემ ბურთი გიგაურს გაატანა, ამან კი ლელო ვერ დადო; თამამი როხვაძე მოკლე ფრთაზე ეწია მიზანს, მაგრამ ბურმა და რუმინელმა ლელოს მაგივრად თუ რატომ გვიბოძეს შერკინება, ალბათ მარტო თვითონ უწყიან.
წითელ ზოლთან ბარემ ხუთი შანსი მოგვეცა, მაგრამ ღონით ვერ გადავლახეთ დაცვითი ჯებირი, ხოლო ხერხი არც გვიცდია. ლელო ეგრეც არ დადებულა, ჩვენს კვალად კი ხუთი (!) გავიდა.
საქართველო – ნამიბია
სავალალოდ დასრულდა “ბორჯღალოსანთა” მესამე ბუქარესტული მატჩიცა და ბოლო ოთხ წელში მესამევე კარპატული ლაშქრობაც: ნამიბიასთან 13-ქულიანი ფორა დავანიავეთ და გაუთავებელმა თავ-დაცვამაც ისე გაგვთანგა, რომ დასკვნით ათ წუთში უწესობა ძალუმად შეგვეტყო. ამით “ირბ-ის ერთა თასზე” უმაგალითოდ დაბლა დავაფინიშნეთ.
ბოლო რაუნდის წინ ვითარება მუღამიანი იყო: თუ ნამიბიას შვიდზე მეტით ვძლევდით, ხოლო რუმინეთი იტალიას ხუთით მოუგებდა, ჩემპიონი “სტეჟარი” გახდებოდა, ჩვენ კი მესამე ადგილს დავიკავებდით.
მასპინძლებმა დასახული მიზანი გულიანი რაგბობით შეასრულეს მატჩში, რომელიც ირბ-ელმა დესპანებმა პროგრამის ბოლოს გადაიტანეს, ბორჯღალოსნებმა კი, არა-შესარჩევი თამაშებისთვის უკვე ტრადიციად ქცეულ ყაიდაზე, ლამის ნებით გადააბარეს ინიციატივა მეტოქეს და ბურთს ფეხით ისე იშორებდნენ, თითქო დაცვაში ვარჯიში სურდათ.
ოზურად ვერ ავრაგბდით
ჩვენსა და იტალიაზე უსახურად ბუქარესტში რომ არავინ რაგბობდა, მაგას სტატისტიკაც მოწმობს. აძურივით ყველა სხვაზე ცოტა, ორი ლელო დავდეთ, მაგრამ იმათ იმდენი ჯარიმა მაინც ერგოთ, რომ ორკერას მოეგო ორი თამაში, ჩვენ კი ზვიადი, ინგლისურად მეტყველი რეფები ალმაცერად ხომ გვიცქერენ და კავკასიური გაგების გამოც, წესთა დარღვევა ლამის ვაჟკაცობად რომ მიგვაჩნია, სინბინში გამწესება ბედის-წერად გვექცა.
კვირის რკენის ბოლო ხუთი წუთის დადგომისას ანტი-რეკორდი მოვხსენით: ერთბაშად სამი ჩვენებური იჯდა განსაწმენდელში და თხუთმეტ აფრიკელს თორმეტნიღა ვეთამაშებოდით. სამი წლის წინ, მსოფლიო თასზე, “ბილტონხ ბურე” (უდაბნოური ბასთურმა) 30:0 დავანგრიეთ, მას აქეთ კი იმათ ბურთაობა ისწავლეს, ხოლო ჩვენ ბობოლა მოძღვართა ხელში ეგრეც ვერ ავრაგბდით ავსტრალიურად და საერთოდაც რა გვინდა, ვეჭვობთ, რომ ვინმემ უწყოდეს.
ლოლიაობა მოწყინდა
პირველ ტაიმში ზურგქარი მაქსიმალურად გამოვიყენეთ და ჯარიმათა სათვალავიც 6/6 გამოვიდა. “ბებერმა მახომ” მატჩში ოთხჯერ დაკრა და ყველა გაიტანა (ერთი ცენტრიდანაც კი) ლელო კი კვლავ “კონსტანცელმა რიჟამ” გამოაცხო გაქანებული მორკინალის ღრეჩოში შეშვებით. დროის მეტი წილი ბურთი იმათ ეპყრათ და გვიტევდნენ, მაგრამ ჩვენი დაცვა მაგრად იდგა მას მერეც, რაც “თედო კაპიტანი” მძიმედ დაგვიშავდა.
სამი დამწყები მეტოქესაც დაემტვრა, მაგრამ მეორეში ბრძოლა გააგრძელა, ჩვენ კი წავხდით. რეფსაც მოწყინდა გადამთიელებთან ლოლიაობა და 9/3 თანაფარდობით გვაჯარიმა. ერთი ლელო მოლით დაგვიდეს, მეორე, გადამწყვეტი კი გადაკიდებულის გამოქცუნებით. მარქაფამაც ვერაფერი გვარგო, მაგრამ კაპიტანი ბერგერი რომ გვეურჯუკა, კიდის მსაჯმა შენიშნა და შეფს სამართალი განაჩენინა.
საომარი 15 წუთიღა რჩებოდა და ჯერაც ხუთით წინ ვიყავით. აქ თავი იჩინა ცუდმა წრთობამ, დავიღალეთ და ხუთით ჩამორჩენილები ბარემ ოთხ (!) ლელოს გადავურჩით.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები
Facebook კომენტარები