2006 წელი, რომელშიც პორტუგალიის ჯობნით მეორედაც გავედით მსოფლიო თასზე; მოვიხილეთ იაპონია და ვუმასპინძლეთ ბარბაროსებს;
ბორჯღალოსნებს (მწ მალხაზ ჭეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი, დავით ჩავლეიშვილი) “ერთა თასის” ხუთი მატჩიდან მხოლოდ ორი უწევდათ შინ და სტრატეგიულ მოსაზრებათა გამო, ორი წლის ჯამში მეორე ადგილის დაჭერა ერჩიათ, რადგან ამით მსოფლიო თასის შესარჩევში სამი საფუძვლიანი შანსი ეძლეოდათ ერთი, ვითომცმყის მომგებიანის, სინამდვილეში კი ძაან სარისკოს, საპრისპიროდ.
პირველი, რუსეთთან ჯახისთვის უფროსობამ თითქმის ოპტიმალური რაზმი შეკრიბა. 22 კაცში 20 ლეგიონერი და ორიც შინაური მოხვდა. ნაკრების შექმნიდან 75-ე მატჩს ვმართავდით და მუჟიკებს მეათედ ვერკინებოდით. ყინავდა, მაგრამ ავარიის მომიზეზებით გაზი კი გადაგვიკეტა ჩრდილოელმა მეზობელმა, რამაც ბიჭები და ფანობა ერთობ გაახელა. შევიტანეთ ექვსი ლელო: პირველი მოლით, ორი 5-მეტრა შერკინებით, თითო ჩაჭრითა და თერნოვერით, ყველაზე ეშხიანი კი იყო მეორე, რომელზეც მახომ გამოაქცუნა რუსთა მიერ მოგერიებული, ფორვარდებმა – აქვსენტ გიორგაძემ, გოდერძი შველიძემ, მამუკა გორგოძემ, ბესო უდესიანმა ატარეს ოვალი, პალიკომ კი აქვსენტს მეორედაც დააკვრევინა, ბოჭვაზე მიწიდან აიღო და ლელოში გადადო. 46:19
რუმინეთს ირბ-ის მსუყე გრანტმა ხომ არგო და შინაც პრაგმატულად გვერაგბა, ჩვენ კი გენჩას ტყე-პარკის თოვლით ალაფებულ მოედანზე ხელდახელ ბურთაობა და ჭიდილი გავაჩაღეთ და ფეხით თამაშიც ერთიანად ამოვიღეთ არსენალიდან. ამით სტეჟართან არნახულად დიდი სხვაობით წავაგეთ, ლიდერობა დავკარგეთ და ანთიმოზ ივერიელის თასიც კარპატებში დავტოვეთ. 10:35
მესამე ტურში პორტუგალია დავჩაგრეთ შერკინებაში, რის გამოც ისინი იერიშს უკან დახევისას იწყებდნენ. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, მეტოქეს პირისპირ ჯახებშიც ძაან ვჯობდით და ბოჭვის არეშიც უფრო გაწაფულად ვთამაშობდით, რაც იმაში აისახა, რომ ლობუშმა შეტევაში ბურთი ბლომად კარგა და ორი ლელო თერნოვერიდან გაუშვა. სულ გავიტანთ ხუთი, სტუმრები კი ერთადერთხელ, 7:0-ზე გაგვისხლტნენ, მაგრამ ჩვენმა მდევრებმა იქვე იყოჩაღეს.
პირველ ლელოზე სოხაძემ გაჭრა ხაზი და ირაკლი მაჩხანელი გააქცუნა. მეორე შევიტანეთ მოლი. თუ წინა მსოფლიო თასის შემდეგ ბეკები 14 ლელოთი (88-74) უსწრებდნენ ფორვარდებს, ნალობუშევს წინ მორკინალები გაიჭრნენ 109-108. მატჩის საუკეთესო, ბოლოსწინა ლელოც ფორვარდის ანგარიშზეა: ბურთი ცხრა პასით 50 მეტრზე რომ ვათამაშეთ და ამდენივეთი წინაც წავიწიეთ, დევ-გმირმა გორგოძემ სამი მბოჭავი (გრენიუ პინტუ უვე) ხელის კვრით დაიფრინა. 40:0
აქედან მოყოლებული ვიდრე ოქტომბრამდე, საუკეთესო შემადგენლობა ვეღარაფრით შევკრიბეთ. ჩეხეთში შემდეგსავე შაბათს გვიწევდა ჩასვლა, მაგრამ მეტოქემ თოვლ-ყინვა მოიმიზეზა და ევროპულ აერ-ს თამაში ჩვენს უკითხავად გადაადებინა ივნისისთვის, რითაც რჟიჩანული ლაფის ზელვა აგვცდა. აპრილის ბოლოს ცხრა, მოუცლელი ლეგიონერის გარეშე, ოდესაში ჩავაკითხეთ უკვე გავარდნილ უკრაინას და თუმც ლელო არ გაგვიშვია, მეტოქე ბოლოსღა გავტეხეთ. 32:12
ბოლო მატჩში, გადადებული ჩეხეთთან, ექსპერიმენტული შემადგენლობით 24:3 ვიმარჯვეთ.
შემდეგ გველოდა იაპონიის ტურნე, აქოდა ფულს განვკარგავთო და იაპონიამ პირობათა კარნახი დაგვიწყო – 25 მოთამაშის სია ტურნემდე კარგა ხნით ადრე გაგვაგზავნინა, მერე კი გამოკლებულები აღარ შეგვაცვლევინა. შვიდი დამწყები (მაჩხანელი ხამაშურიძე ი.გიორგაძე / შველიძე ა.გიორგაძე ზირაქაშვილი ურუშაძე) თავიდანვეც ვერ მიგვყავდა; ტურნეს დაწყებამდე გორგოძე კლუბმა დაგვიკავა, ხოლო ილია ზედგინიძე და გიორგი ჩხაიძე დაშავდნენ.
ამით ათი ფორვარდისა და 21 ნავარჯიშევის ამარა დავრჩით, რის გამოც ჯერაც 28 წლის მენეჯერი, ვასილ აბაშიძე ბოლო კეპის მითვლიდან 6 წლის თავზე მარქაფაში გადაეწერა. რაზმი მოსათელი მატჩის წინა დღეს მოგროვდა კიოტოში და წვიმაში 14:0 გაუსწრო მასპინძელთა დუბლს, მაგრამ ბოლოსკენ დაიღალა, ერთი ქულით დამარცხდა და 9 ნომერი, ბიძინა სამხარაძეც დაგვემტვრა.
სამი დღის თავზე, ოსაკაში, ტესტზე 22 ნომერი აღარ გვყავდა. აზიური რაგბის ალამდარმა “მოყვავილე ალუბლებმა” არ დაგვზოგეს: მოლით თავიდანვე დაგვალელოვეს, ბოლო მეოთხედში კი სხვაობა 25 ქულამდეც გაზარდეს. 7:32 დავმარცხდით.
“ბარბაროსები” 4 ივნისს რომ გვერაგბებოდნენ, ეგ 11 აპრილს გამოცხადდა.
და მართლაც, ბარბაროსებმა შვიდი ერის შვილები შეკრიბეს. გუნდს ყოჩობდა თეთრ-აფრიკელი ბობ სკინსტადი, ვინც დიდ რაგბში დაბრუნდა და შემდეგ წელს, “ბოკეს” შემადგენლობაში, მსოფლიო თასიც შემართა.
ბარბაროსებმა ხვატში მოგვიგეს, მაგრამ ბორჯღალოსნებმაც დაამტკიცეს, რომ ლაღად ბურთაობა ხელეწიფებოდათ, იუბილარმა ჯიმშელაძემ კი კარიერაში საუკეთესოდ ირაგბა. შოუ უკეთესი გამოვიდოდა, ინგლისელი მსაჯი უფრო ნამუსიანად რომ გარჯილიყო. გუნდებს მოედანზე თვით ბრიტანეთის ელჩი გამოუძღვა სქოთური სტვირის ჭყვიტინით, მერე კი გამოცხადდა, რომ კლუბმა ჩვენს კავშირს რაგბის გასავითარებლად 10 ათასი გირვანქა გადმოცა.
სტუმრებმა მეორე, სათუო ლელო რომ გაგვიტანეს, ჩვენები გამწარდნენ: ჯიმშელაძემ გამოაქცუნა იმათგან მოგერიებული, გადაიკიდა და აიღო; რეზო გიგაურმა ეშხიანი გარღვევა მოაწყო, ოვალი ფრთისკენ ჩათამაშდა და ოთარ ბარკალაიამ მაჩხანელს დაუგორა. მეორე ტაიმში ანგარიშიც გავათანაბრეთ: მაჩხანელმა პასი ჩაჭრა და გაინავარდა, ხოლო ბარკალაიამ კიდიდან გარდასახა.
ბიჭები აბურთავდნენ. პალიკომ მაჩხანელს მომსხეპი პასი გაუხერხა, მაგრამ რეფმა დაუსტვინა, წინ იყოო და მალე აღარც ქართველ კიდის მსაჯებს ენდო. მსაჯმა შერკინება წისქვილის ჯარად აქცია, ბოჭვაზე კი მარტო კავკასიელთა დარღვევებს ხედავდა. მორიგ დატრიალებაზე მელოუნმა ჩვენები სახტად დატოვა და აბრაგანით მეორედაც ახეირა ზორბა ჰენლი (14:21)
დასკვნით მეოთხედში მაგრად შევუტიეთ. პალიკომ ლექსო გუგავას გარღვევა შეამზადა და შალვა პაპაშვილს ცოტა დააკლდა ლელომდე. მერე უფალმა სფრედბერმა იმათ წითელ ზოლშიც დაგვაჯარიმა, მელოუნმა ჩვენს ნახევარზე გადაიტანა ბურთი, იმათ მოლი ააგორეს, ტონი მარშმა ფარული ოფლოუდი გაახერხა და ჰალეთმა მეოთხედაც დაგვალელოვა.
ამას სოლო-მიძალებებით შეტანილი ლელოთი ვუპასუხეთ, წამატებულ დროში კი ალამს რომ დავუმიზნეთ ჯარიმა და მიზანთან ორჯერ ახლოსაც ვიყავით, რეფმა სასწრაფოდ დაასრულა ბრძოლა. 19:28
მსოფლიოს შესარჩევი >
“ბ” შესარჩევ პულში ჯერ უნდა ვწვეოდით რუმინეთს და მერე ესპანეთი მიგვეღო. კარპატელებმა კაცთა შებმამდე ერთი კვირით ადრე სოპოტში მოგვიგეს ევროპის უბობოლებო ახალგაზრდული პირველობის ფინალი და გენჩას რკენაც ზეიმად ჩაიფიქრეს: ირბ-ის ლოცვა-კურთხევით, მსოფლიო თასის ასლი ბუქარესტში ჩაიტანეს. ტრავმის გამო დაგვაკლდნენ ჯიმშელაძე და აქვსენტ გიორგაძე, სტეჟარის ფრანგ გურუს, რობერ ანტონენს კი ისევ გაებუტა პეტრე მიტუ, მაგრამ მაგით შვება ვერ ვიგრძენით.
თასი საესპანეთოდ ჩვენც ვთხოვეთ დუბლინს, მაგრამ მოგვიგეს, დაკავებულია – მაგ დღეს ნამიბიაში ვაგზავნითო. სტეჟარი რომ გვეძლია და მეექვსე რაუნდში გაგვემწესებინა, ჩაიშლებოდა მოუფიქრებლად, 11 ნოემბერსვე დანიშნული შოტლანდია – რუმინეთი. ამის მცოდნე და კარპატელთა მდიდარი ტრადიციის დამფასებელმა ირბ-მაც იზრუნა და მსაჯად მოავლინა ნორჩი ინგლისელი ვეინ ბარნსი, ვინც ერთი წლის შემდეგ, კარდიფში, თვით ზელანდიის “ოლ ბლექსის” ცოდვა დაიდო.
“ოლიმპი” წერდა, ბიჭებმა გენჩაზე თავი დადეს და მეტოქე არ გაახარეს, მაგრამ რუმინეთმა რაგბის უმეტეს კომპონენტში – მოლში, დერეფანში, შერკინებაში, ფეხოსნობაში გვაჯობაო; თამაში ბრძოლით, ოღონდაც უშანსოდ წავაგეთ, ხოლო თავის დაზღვევა რომ არასდროსაა ზედმეტი, მაგად რეფმა თავიდანვე გვაგრძნობინა და მერეც ბევრჯერ შეგვახსენა, რომ სხვის ლხინში სამადლოდ დაპატიჟებული, ღატაკი სტუმრები ვიყავითო.
ვეინმა საწყის ცხრა წუთში 5-ჯერ დაგვაჯარიმა. 0:6-ზე ბესო უდესიანმა რაქიდან შეიტანა ლელო, მაგრამ საქმეში უმალ კიდის მსაჯი ჩაერია და რეფს დათო ზირაქაშვილი დაასჯევინა მაშინ, როცა ორი იმათიანი აქეთ იწვა და ბურთს აფერხებდა. მერე გაგვიგდეს გია ლაბაძე, მაგრამ ეგეც მალე გაირკვა, რომ წესები ორივე გუნდისთვის ერთი და იგივე არ ყოფილა. ჰოდა, ურჯუკმა მანტამ ჯერ საჯაროდ დაგვიწიხლა მღლეტელი, მერე მგეზავს დარტყმის შემდეგ დაეჯახა, ბოლოს კი წაქცეულ 15 ნომერსაც ჩაარტყა, მაგრამ ყველაფერი შერჩა.
სტეჟარმა ერთადერთი ლელო მეორე ტაიმის დასაწყისში, ბეკებით დაგვიდო. რუმინეთის პირველობაზე მორაგბე ბიძინა სამხარაძის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჩვენც ავთამაშდით და ძალით ლელოც შევიტანეთ, მაგრამ გარდასახვა ძელს მოხვდა და მატჩის ხსნის თეორიული შანსიც დავკარგეთ. იმავე საღამოს პორტუგალია დანებდა “ექვსი ერის” წევრ იტალიას და 13-ჯერ დაალელოებინა თავი, ხოლო ჩვენებს ისეც წაუხდათ ნირი, რომ ირბ-ის კომისარს აღარც მოთხოვეს ტრიბუნალზე მანტას დაბარება.
ამასობაში ლათინები ახალ ხაფანგს გვიგებდნენ და მასში კინაღამ ნებით გავებით. ფორმალობაზე გადარეულ ირბ-ის ოფისს დროით მივაწოდეთ შესარჩევთა 35 მონაწილის საბუთები, მაგრამ მერე ორიც – შალვა სუთიაშვილი და გიორგი ნემსაძე დავამატეთ. ესპანეთთან კომისრად უელსელი თერი ვო ჩამოვიდა, მაგრამ კავშირის აპარატმა სათანადოდ ვერ შეაფასა მისი უფლება-მოსილებანი და 22-კაცა რაზმის წევრთა ირბ-ული კონტრაქტები შესამოწმებლად არ წარუდგინა.
თამაშის დაწყებამდე ოცი წუთი რჩებოდა, შეზარხოშებული ბებერი ოღრაში კულუარებში რომ ბრდღვინავდა და ეგებ წაგების მოსჯასაც აპირებდა, რაკი მასპინძელთა მიერ შევსებულ ოქმს ვერ ღირსებოდა. იქვე ტრიალებდა ესპანელთა ინგლისელი მწურთნელი ჯედ გლინი და ცეცხლზე ნავთს ასხამდა.
ბედად, ყველაფერ ამას შეესწრო ნომრების გადასამოწმებლად მისული ტელე-წამყვანი, მდაბალი ბოდიშებითა და დაყვავებით დააოკა ბერიკაცი, დაგვიანებით მიღებული ნუსხის გარჩევაშიც უშველა და ჩვენს ბანაკსაც დროულად ამცნო, რომ ვოს სიის მიხედვით, დამატებულებს არ უნდა ეთამაშათ, თორემ ჩივილში გაწაფული ესპანეთი შარში გაგვხვევდა და ირბ-ელ მოკეთეთა გამოისობით იმასვე დაგვამართებდა, რაც ოთხი წლით ადრე რუსეთს უყო.
ესპანეთს “ერთა სინი” (მეორე ჯგუფი) მოეგო და საგაისოდ თასზე დაბრუნებულიყო, კასტილიელებს კი შერიგებოდნენ დაუბრებული კატალონიელები და ბასკებიც. განახლებული “ეროვნულის” ნაცვლად გვათამაშეს ვაკეში, რაღაი “პაიჭაძეზე” რაგბის კარების ჩასასობი ფოსოები საგულდაგულოდ ამოექოლათ, კავშირს კი ბარბაროსთა გამასპინძლებით იმოტოლა ვალი დადებოდა, რომ იაფი ბილეთი რიგითი, არა-მორაგბე ფანისთვის ხუთ ლარამდე გაეძვირებინა.
ვითამაშეთ ზედმეტად თავ-დაჯერებულად და არეულად. შეგვეტყო, რომ შემდეგ რაუნდში გასასვლელად “ვიღაც მოყვარულებთან” რაგინდარა მოგება გვყოფნიდა. მოვისაკლისეთ ჯიმშელაძე, ლაბაძე, სოხაძე და მაჩხანელი, მეტოქე კი ისე სხარტი გამოდგა, რომ რამდენიც მოვდუნდით, არ დაახანა, კოხტად წაიბურთავა და შანსი გამოიყენა. და მაინც, “მოვიგეთ, რადგან ჯიგარი მეტი გვქონდა, ყოჩებადაც პიროვნებები გვყავდა და გინდაც გუნდური თამაში მოგვშლოდა, მარტო-კაცთა უნარი არიფთა საძლევად გვყოფნიდა”
ნამატჩევს ლათინთა ბრიტი გურუ ამაზე მოთქვამდა, რა გვექნა, თუ თითო ქართველის გაჩერებას ორი-სამი ჩვენიანი ჭირდებოდაო. პირველი ლელო 5-მეტრა შერკინებიდან შევიტანეთ; მეორეზე სამხარაძემ შორს მიაწოდა გორგოძეს, ვისი ოფლოუდიდანაც ზირაქაშვილმა გაისეირნა. მესამე მეოთხედში სტუმრებმა გორგოძე კარის წინ ძლივს რომ გააჩერეს, ასტარლოა ბურთის ჩაკვლისთვის სინბინში წაბრძანდა და უმალ 17 ქულა მოვკრიფეთ:
მესამე ლელო დერეფნიდან, მოლით დავდეთ; მეოთხეზე კიკოფი ურჯუკაშვილმა გამოაქცუნა და ურუშაძემ ჯარიმა გაათამაშა (34:9) მერე გაჩაღდა შეცვლები და სტუმრები ცოტათი წამოგვეწივნენ, მაგრამ ირაკლი გიორგაძემ 40 მეტრიდან გლიჯა კადნიერი არეკნი. 37:23
იმ საღამოსვე, ირლანდიელი რეფის მცდელობის მიუხედავად, რუსეთი ოთხჯერ დაწინაურდა პორტუგალიაში, მაგრამ 71-ე წუთზე გოლიათმა მერსელუ დორეიმ გაურღვია მწყობრი და დიოგუ მეტეუში კარში შეგზავნა, რითაც სანოემბრო მეტოქედ მაინც “ლობუში” გვერგო.
ესპანეთის ძლევამ ჩარხი წაღმა დაატრიალა: ნაკრები შეუშვეს განახლებულ ეროვნულზე, საიდანაც, “იდუმალ ძალთა სტრატეგიული ჩანაფიქრით, მათი სახსენებელი უნდა ამოძირკვულიყო, მაგრამ კავშირმა წაიმეტიჩრა, ბილეთი ოთუზბირი (7 10 20 ლარი) დააფასა.
ესპანეთის აქეთ 22-ეულში ექვსი კაცი შევცვალეთ. 10/15 წყვილად უფროსობა ბებერ პალიკო ჯიმშელაძესა და ჯეელ თემურ სოხაძეს ენდო და ამათაც გაგვიმართლეს. ჩვენი ამოცანა ის იყო, რომ პრაგმატული თამაშითა და თულფების გამოყენებით, საპასუხო მატჩის წინ ისეთი მარაგი შეგვექმნა, რათა ლობუშს ჯამური წარმატების იმედი გადაწურვოდა, მაგრამ არ თვლემდა მახვშთა მიერ მსაჯად მოვლენილი კარლო დამასკოც და ბოლოსკენ გვიმტყუნა.
ბრძოლა ირბ-ული სცენარით წარიმართა: ლუზიტანებმა ჩამშლელი რაგბი ითამაშეს, რაღაი ბურთი თითქმის არ ჰქონდათ და ჩვენს ლელოს ერთხელაც ვერ მოუახლოვდნენ, ბორჯღალოსნებმა კი სანახევროდაც ვერ გამოიყენეს ის უპირატესობა, რაც ჯანით, ჯიგრით, წრთობითა და შინ რაგბობით მიიღეს, და ოდენ 14 ქულით გაიმარჯვეს. ლობუში მედგრად გვბოჭავდა და ბოლო, უქულო მეოთხედში ოფსაიდსაც არღვევდა, მაგრამ სწორად ამ დროს მიეშველა რეფი და განადგურებისგან იხსნა. 17:3
აქედან ორი კვირით თავზე, საქართველოს დროით 20.45 საათზე, ორი წლის წინ, კრასნოდარში მოგებით დაწყებული 14-მატჩა ლაშქრობა ლისაბონში, გამარჯვების ბადალი ფრეთი დავაგვირგვინეთ. ზურგს ფორა ხომ გვიმაგრებდა და ლობუშსაც ვერასოდეს ვეძლიეთ ხუთზე მეტით, მაგრამ გული მაინც არ დაგვიარხეინებია. მასპინძლები ერთხელაც ვერ დაწინაურდნენ. დროის მეტი წილი ბოჭვაში გავატარეთ, მაგრამ როცაკი ბურთი გვქონდა, მწვავედ ვუტევდით, ხოლო ლობუშს თანდათან ეწურებოდა იმედი. 11:11
ასე გავედით მსოფლიო თასზე მეორედ, ოღონდაც არა უცხოელის, არამედ ჩვენებურთა სარდლობით: ბორჯღალოსნებს დაცვას პაატა ნარიმანაშვილი ასწავლიდა, ბეკებს დავით ჩავლეიშვილი გადიობდა, შერკინებასა და მთელ სისტემას კი მალხაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები