ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 2005 წელს, რომელშიც “ბორჯღალოსნებმა” პირველად შემართეს “ანთიმოზ ივერიელის თასი” და “ერთა თასზეც” დაწინაურდნენ; ახალგაზრდებმა უბობოლებო ევროპაზე იჩემპიონეს; მოვიგეთ ბათუმის შვიდკაცაც; “ლოკომოტივმა” წაუგებლად იასპარეზა თასზე, პირველობასა და სინზე; ფანობამ კი იხილა “13 ქართველის” ფერხული და ბურთაობა.
თებერვლიდან ჯერ მაისისთვის რომ გადაიდო, მერე კი სულაც გაუქმდა სამხრეთ აფრიკაში, “ბლუ ბულზთან” სტუმრობა, ნაკრებმა XXI საუკუნეში უცოტავესი, ხუთი მატჩიღა გამართა. ყველა ცოცხლად აჩვენა საზოგადოებრივი ტელევიზიის (ზაზა შენგელია) “პირველმა არხმა” და ცუნამით დაზარალებულ აზიელთა შესაწევნად, ლონდონში გამართული “ნახევარსფეროთა რკენაც” აცქერინა პუბლიკას, ნოემბრიდან კი ბადეში ირბ-ისეული, 25-წუთა კვირეული მიმოხილვაც ჩასვა და 14 თვე ამსახურა რაგბის პროპაგანდის საქმეს.
“ერთა თასი” შარშან, ნოემბერში, რუსეთის სტუმრად ჯობნით გავხსენით, პორტუგალიაში კი თებერვლის პირველ უქმეებზე იმად ჩავედით, რომ მეტოქემ თამაში მეოთხე რაუნდიდან გადმოადებინა, ესაო და შვიდკაცის მსოფლიო თასს ემთხვევაო. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გამო, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ვერ მოხერხდა მსაჯად იტალიელი კარლო დამასკოს შეცვლაც, მაგრამ წამატებულ დროში ჯერაც წინ ვიყავით და მერეღა წავაგეთ ლობუშთან ერთობ მწარედ და თანაც ზედიზედ მესამედ.
რაგბი ბარაქიანი გამოვიდა. “თამაში იყო უშეღავათო. მოისრა ბევრი და ბოლოს ატყდა ჩხუბიც, რომელშიც მასპინძელთა მოძღვარი ტომეჟ მორეიში მოედანზე შეიჭრა, ესაო და აქაურობის ბატონ-პატრონი ვარო. მეტოქეს ძაან ვჯობდით სტატიკაში, ისინი კი დინამიკაში იყვნენ უფრო მაგრები. მიზანს ჯაფით ვაღწევდით, ხოლო ლობუში ნაკლები გარჯით კრეფდა ქულებს. ჩამოვრჩით ჩვენივე უხეირობითა და მსაჯის მუხთლობით, მერე კი იმდენი ჯანი შევალიეთ მასპინძელთა დაწევასა და წინ გასვლას, რომ ბოლო წუთზე ღონე ვეღარ გვეყო”
მეტოქის კარნახით
საწყის საათში ფეხით უხეიროდ ვურტყით და ბურთიც ბევრჯერ დაგვივარდა. მეტოქემ შენიშნა ჩვენი სისუსტე და ზურგში ხშირად გვიკიდებდა. პირველ მეოთხედში ფაზურ შეტევებზე ისინი სხარტი ბურთაობით გვპასუხობდნენ. მალე დაგვემტვრა ორი წამყვანი მორკინალი. ანგარიში ბესო უდესიანის გარღვევის შემდეგ, ხეირზე, არეკნით გავხსენით, როცა ბესიკ ხამაშურიძემ ალამს უწია, მაგრამ პორტუგალიამ იხელთა თავისივე კიკოფი და არეკნითვე გაგვიფრევა.
3:3-ზე 5-მეტრა დერეფანში მოლი რომ ავაგორეთ, რეფმა მეორედ მიძალებაზე ბლოკირებისთვის დაგვაჯარიმა. მორიგი შტურმის დროს ბურთი დავკარგეთ, იმათ ხელდახელ შემოგვიტიეს და რომ გაგვიგორეს, წელ-მტკივანმა მახო ურჯუკაშვილმა ვერ აიღო და ბურჯი ფერეირა ბარაქიან მეტობაზე ეწია მიზანს. ტაიმის ბოლოს მსაჯმა მარწუხები მოგვიჭირა და მეტოქის კარნახით კაციც გაგვისინბინა, მაგრამ საათის თავზე იმათ დაღლა დაეტყოთ და ვიძალეთ.
კაც-ნაკლული ლობუში მოლით დავალელოვეთ და ჯარიმით წინაც გავედით, პორტუგალიის ტელევიზია (!) კი გოლს არ გვითვლიდა. მასპინძლებმა თავზე ხელი აიღეს, მაგრამ 5-მეტრა შერკინებაში ძვრაც ვერ გვიყვეს. უდესიანის სოლოებითა და ოთარ ბარკალაიას დარტყმებით თამაში იმათ ნახევარზე გადაიტანეთ. ლობუში ბოლოს შვიდკაცაზე გადავიდა და გაუმართლა: იმის ნაცვლად, რომ დინჯად გვეტია და დრო გაგვეყვანა, ოვალი მეტოქეს დავურტყით, იმათ კი წყვილი ბლოკითა და წინ პასით აქეთ დაგვალელოვეს.
სოლიდარობის შოუ
თებერვლის ბოლოს უკრაინა 14 წლის შემდეგ ისევ გვეწვია, ოღონდაც სრულიად მოუმზადებელი. გუნდს “ერთა სინზე” თვით გერმანია ჩამოეტოვებინა და “ერთა თასზე” ამოსულიყო, მაგრამ ფედერაციას ოფისი გადაწვოდა და სპორტ-ორგანიზაციებიდანაც თუმც პირველი მისალმებოდა “ნარინჯისფერ რევოლუციას, ახლებს მაინც გამოეძევებინათ “სპარტაკის” სტადიონიდან, რათა იქ რაგბის ნაცვლად ფეინთ-ბოლი და ლუდის ფესტივალები ემართათ.
ხახოლებს ზამთარში კლუბებშიღა ევარჯიშათ. სტუმრები მატჩის წინა ღამესღა ჩამოვიდნენ, მერე კი სამი დღე დარჩნენ. მათ სტადიონსა და ბანკეტზე შეეგება უკრაინული სათვისტომო, ჩვენს მწურთნელთა დუეტს – მალხაზ ჭეიშვილსა და დავით ჩავლეიშვილს კი ისევ დაემატა პაატა ნარიმანაშვილი, ვინც “კავშირში უფროსობის ცვლის კვალად თავიდან გაყვა სხვა აკადემიელებს, მაგრამ მერე ქართული რაგბის საზოგადო ინტერესი მეგობრობაზე წინ დააყენა”
მატჩი “უსისხლო რევოლუციებით დაახლოებული ორი ექს-საბჭოთა რესპუბლიკის სოლიდარობის შოუს უფრო ჰგავდა, ვიდრე სპორტულ პაექრობას, მაგრამ რაგბის ადათით ეგრეა, რომ თუ მეტოქის იოტისოდენი პატივისცემა გაქვს, იგი მოედანზე არ უნდა დაზოგო, ხოლო ნამატჩევს მასთან ერთად გემოზე მოულხინო” ჰოდა, გავიტანეთ 11 ლელო და ძაან გამოვიკეთეთ სამარადჟამო ბალანსი, იმათ კი 20 მეტრიდან ორჯერ დაახაიეს და თამაშის ბოლოს, 5-მეტრა ჯარიმაზეც, მანამ არ გაეკარნენ ბურთს, სანამ მსაჯმა ხონჩით არ მიართვათ.
“საროს” კვართები
რუმინეთმა ერთ-დღე-ღამიანი კავკასიური ბლიცი საგულდაგულოდ დაგეგმა და საგზალიც წამოიღო, რათა არ მოგვეწამლა, მაგრამ ჩვენს მიერ დაწესებული მოოქროვილი “ანთიმოზის” თბილისში დატოვება კი მოუხდა. “სტეჟართან” საბუღრაოდ დაგვიბრუნდნენ ვეტერანები, გია ლაბაძე და პალიკო ჯიმშელაძე, იმათ კი აკლდათ ოვიდიუ ტონიცა.
ბურთად “გილბერტის” ნაცვლად ბორჯღალიანი “სამითი” ავირჩიეთ; “თავისუფლება” ცოცხლად პირველად იმღერა “ქართული ხმების” მეორე ხმამ, ძველმა მორაგბემ, გივი ჭიჭინაძემ; “სარომაც” ნაკრები შემოსა “სადა და გემოვნებიანი, ტრადიციული მოშინდისფრო კვართით, რომელშიც აღარც თალხი ელემენტი ერია და ვეღარც ჩინურ- ბელუჯურ-სომალური დიზაინის განუყოფელ ელემენტს, ვეება ობობა-რვაფეხას აღმოაჩენდა ესთეტი საზოგადოება”
“შვილ მწურთნელთა” ტრიოს მხარში დაუდგნენ “მამები” – ბათუ კევლიშვილი და თემურ ბენდიაშვილი; გამტყუნდა ამინდის პროგნოზი: თოვლ-ჭყაპის ნაცვლად რაგბი სანაქებო დარში ჩატარდა; შეცდა “ოლიმპიც”, როცა ივარაუდა, რუმინეთს შერკინებით ძველებურად მოვერევით და ჯარიმებს მოვიპოვებთო, მაგრამ ის კი სწორად ივარაუდა, იღბალი ვერ იქნება სტეჟარის მარადი მოკავშირე და შეცდომათა მოდარაჯე გუნდს კოკა ერთხელაც წყალზე გაუტყდებოდაო.
თედომ წაღლიტა
რუმინეთმა გაგვაოცა – მატჩი შეუცვლელად, 15 კაცით ჩაატარა და მაინც აქეთ დაგვიჯაბნა ნაქები შერკინება, მაგრამ ბეკებით ვეღარაფერი დაგვაკლო. ფრანგთაგან დამოძღვრილი სტუმრები სტრატეგიაშიც ჩაიჭრნენ – მეორე ტაიმის დასაწყისში, ფრეზე, ლელოს გამოეკიდნენ და გასატანი ჯარიმა სამჯერ კიდეზე გადაიტანეს, მაგრამ მოლებში გავუმკლავდით. იქვე სტეჟარმა ფრთამდე ჩაათამაშა ბურთი, მაგრამ ირაკლი მაჩხანელმა გვიხსნა, ლაბაძემ კი არეკნზე ტოფანს დაუფარა, ოვალი იხელთა და დადევნებულ ტეოდორესკუს გაუსწრო.
რუმინეთმა მალევე აღადგინა წონასწორობა და მერე ერთი-ორჯერ შიშიც გვაჭამა, მაგრამ ბოლოს თავადვე დაფრთხა და დაყაბულდა ფრეს, რომლითაც, როგორც მფლობელი, ანთიმოზს შეინარჩუნებდა. მიმდინარეობდა მეოთხე წამატებული წუთი, ფორტუნამ პირი ჩვენსკენ რომ იბრუნა – მეტოქემ მოედნის შუაწელში დერეფანი მოგვიგო და ხაზით ზრდილობისთვისღა შემოგვიტია, მაგრამ ზედახორაში ბურთი თედო ზიბზიბაძემ წაღლიტა და 60 მეტრი ეულად ითარეშა!
სტუმრებმა 25-მეტრა დერეფანში მოლის აგორება კიდევ მოასწრეს, მაგრამ ჩვენებმა ბურთი იქვე გაუჭედეს. ბიჭებმა უძვირფასესი ჯილდო მოედანზე გასულ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს მიართვეს, კარპატელები კი მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ. თავდაპირველი განაწილებით მატჩს ჩეხი ტომაშ ტუმა უნდა გაძღოლოდა, მაგრამ ფირა აერ-ის პან-ლათინურმა მაფიამ იჩალიჩა და მოგვიჩინა მორიგი იტალიელი, ჯულიო დესანტისი, ვინც ჯამბაზივით გაისაჯა და გუნდები რიგრიგობით აჯარიმა
კერის გასაღვივებლად
რუსეთს ფირა აერ-ში ქომაგი რომ არ ჰყავდა, შვიდკაცის მომიზეზებით ჩეხეთში გასვლა ვერ გადაადებინა და უკეთესი ბეკები რომ მოისაკლისა, ლაფში დამარცხდა. მარტში შემწყდარი შეჯიბრი ივნისში განახლდა. ლიდერმა პორტუგალიამ ციმბირშიც იმარჯვა: თამაშის ბოლოს მუჟიკები ორ ქულას აგებდნენ, მაგრამ გურუ იგორ მირონოვის მითითებით, ჯარიმა კიდეზე დაარტყეს და ამაოდ დაშვრნენ.
მერე ლობუშმა რუმინეთშიც უტია ნახევარი საათი და სტეჟარმა რომ გაუძლო, სამი ლიდერის მინი-ტურნირში საუკეთესო მაჩვენებელი (პლუს 3) ჩვენ აღმოგვაჩნდა. ფირა-ული ტრადიციით, პირველობა ალალად გვეკუთვნოდა, მაგრამ ამ ორგანოს ჩუმჩუმელაობის გადამკიდე, ვებ-მედია უფრო მაგ აზრზე იდგა, რომ ქულათა ტოლობისას გადამწყვეტი მთელ ტურნირში გატანილ-გაშვებულის სხვაობა იქნებოდა.
ჩვენმა ბანაკმა გამოთვალა, რომ ამ კრიტერიუმით რუმინეთის გასასწრებად ჩეხეთი მინიმუმ 61 ქულით უნდა გვეძლია. ნაკრების ნათლობა რიონის პირად კი შემდგარიყო, მაგრამ მას აქეთ ქუთაისს 16 წელი ვეღარ ენახა ბორჯღალოსნები და ოვალური ბურთი გულიდან გადავარდნოდა.
მინავლებული კერის გასაღვივებლად კავშირმა გადამწყვეტი მატჩი “მამა ქალაქში” დანიშნა. ბიჭებმა ცდა არ დააკლეს, რათა ქუთაისელ მოზარდებს ენახათ, თუ რაგბი რარიგ დიდებული სანახაობაა. შედგა ნიაზ მამრიკიშვილის ტელე-დებიუტი; მამუკა გორგოძემ პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა; ჩვენები საკუთარ ოსტატობაში ისე თავ-დაჯერებულნი იყვნენ, რომ ნებისმიერი ადგილიდან უტევდნენ. ჰოდა, ბოლომდე ორი წუთით ადრე მე-11 ლელოც რომ გაიტანეს, რაგინდარა დებულებით პირველ ადგილზე გავიდნენ.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები