2000 წელი. ევროპულ რაგბში დიდი ცვლილებებია, 6 ერის დებიუტანტი იტალია ხდება. ხოლო დანარჩენი ევროპა “ერთა თასზე” ერთვება.
ჩვენ ერთა თასისთვის მზადებისას იტალია კი 6 ერისთვის მზადებისას ერთამეთთან სპარინგ-შეხვედრაზე შევთანხმდით, თუმც მატჩი დავთმეთ 7:51.
პირველი საჩემპიონატო რკენა პორტუგალიაში გვქონდა. შესვენებამდე ლელო არ გასულა, მესამე მეოთხედში კი ერთბაშად სამი შევიტანეთ და 15 ქულით დავწინაურდით. აქედან მოყოლებული ლუზიტანებმა შემოგვიტიეს, ფრანგმა პელაპრამ კი ზედიზედ რომ გვაჯარიმა, ფრანგმავე ტიერი ტეშეირამ ათი გოლით მსოფლიო რეკორდი ხომ დაამყარა და მასპინძლებმაც სამით გაგვისწრეს. ამ კრიტიკულ მომენტში გარისკა ლევან ცაბაძემ, წითელ ზოლში რგებული ჯარიმა გაათამაშა და გუნდელთა დახმარებით ხაზს იქეთ გადააღწია. 32:30 პირველი მატჩი მოვიგეთ.
მაროკო თებერვალში უნდა მიგვეღო, მაგრამ ბორჯღალოსანთა ბირთვი უკვე საფრანგეთში რომ დაფუძნებულიყო, ზაზა ქასაშვილი ავდარს, ზედმეტ ხარჯს და მოედნის გამო დავას მოერიდა და ლიგის კლუბ სან-გოდანში გაახაზირა ტესტი. თამაშს აერ-ის თავკაცი ჟან-კლოდ ბაკე დაესწრო. კლუბებმა დაგვიკავეს გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე, პალიკო ჯიმშელაძე და გოდერძი შველიძე, მაროკოელები კი ბოლო მეოთხედშიღა გავტეხეთ იმის მიუხედავად, რომ მთელი თამაში ინიციატივა გვეპყრა, მაგრამ ჯარიმებს კარში არ ვარტყამდით. მოვიგეთ 20:10
ესპანეთმა თამაში შაბათს გადაგვიტანა, რათა ტელევიზიით გადაეცა. გაჩაღდა გემრიელი ბურთაობა, მაგრამ შედეგზე გვარიანი გავლენა იქონია იტალიელი კლაუდიო ჯაკომელის მიკერძოებამ. იმათ სამი ლელო გაუძრავებული მოლის ხელახლა დაძვრით დაგვიდეს, რაც იმხანად აკრძალული იყო. გარდა ამისა, რეფმა თამაშის ბოლოს გაგვიგდო ყოჩი ცაბაძე და ჯარიმის უცებ გამთამაშებელი ვასილ აბაშიძეც ოფსაიდიდან რომ დაიჭირეს, ვითომ ვერ დაინახა. მადრიდში დავმარცხდით 32:36
შემდეგი მატჩი გვქონდა ჰოლანდიასთან შინ ეროვნულზე, რაგბზე უსიამო ნიავშიც 20 ათასი მოსეირე მოვიდა. ტიტები ვერ გაგვიძალიანდნენ – ლელო 77-ე წამზევე გაუშვეს: ლაბაძემ მოიგო იმათი დერეფანი, შევუტიეთ სამჯერ, ჯიმშელაძემ შორს მიაწოდა ლაბაძეს, ლელოსთან გამართულ რაქში კი მიზანს ირაკლი აბუსერიძე ეწია. პალიკოს მომსხეპი პასით კიდევ ერთი ლელო დაიდო; ჰოლანდია ისე წახდა, რომ ჩხუბი აგვიტეხა და ოფსაიდში 20 მეტრით (!) რჩებოდა, დასასრულ კი არჩილ ქავთარაშვილმა ჩაუქი სლალომით ერთბაშად რვა ევროპელი გააბითურა, მაგრამ რად გინდა?
არათუ ეს შედევრი, მთელი მატჩიც დაეკარგა მატიანეს, რაღაი საქ-ენერგომ 480 ვოლტიანი დენი მიაწოდა სტადიონს, ძაბვა მერეც ვერ დააგდო და ამის გამო ტელე-რეპორტაჟი ჩაიშალა. თამაში მოვიგეთ 41:7
ბოლო, მეხუთე რაუნდში რუმინეთს თუ ეროვნულზე ვძლევდით, ჩემპიონები ვხდებოდით, წაგების შემთხვევაში კი შეიძლება უმედლოდაც დავრჩენილიყავით, თუ პორტუგალია ჰოლანდიაში მოიგებდა. ეს ყველაფერი თბილისში კარპატელთა და ფირა აერ-ის შეფთა ჩამოსვლის შემდეგღა გაცხადდა, თორემ მანამდე რომ არავის ენახა ბუნებაში არც-არსებული, “ერთა თასის” ნაბეჭდი დებულება, იმაზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლებოდა, თუ ქულათა ტოლობის დროს როგორ განაწილდებოდა ადგილები.
ვიცე-პრეზიდენტმა ქასაშვილმა რჩევა პარიზის ოფისს რომ ჰკითხა, მიუგეს, რაკი თქვენი შეჯიბრიც “ექვსი ერია”, ამიტომ გადამწყვეტი გატანილ-გაშვებულის სხვაობა იქნებაო. ამით ბოლო მატჩს აზრი ეკარგებოდა, რაღაი პირველობისთვის რუმინეთი მინიმუმ 23 ქულით უნდა გვეძლია. ჰოდა, “რეზონანსში” იშვა იდეა, ბიჭებს რომ სტიმული გაუჩნდეთ, ინგლისი – შოტლანდიის საცილო “კალკუტის თასისა” და ზელანდია – ავსტრალიური “ბლედისლოუს” დარად, დავაწესოთ ნიკიფორე ირბახის, ბესიკ გაბაშვილის … ანთიმოზ ივერიელის თასიო (გაიმარჯვა ბოლო, ლევან კელაურაძის ვერსიამ!
იმხანად საქმე მაქამდე არც მისულა, რაკი რუმინეთმა ვაჟკაცურად თქვა, ფირა-ს ტრადიციით, ქულათა ტოლობისას გადამწყვეტი პირადი რკენის შედეგიაო. სტუმრებს კვერი დაუკრეს მსაჯებმაც, ის კი მატჩამდეც საიდუმლოდ დარჩა, “ერთა თასი” საგნად არსებობდა თუ არა.
ნებით ავიღეთ ხელი ჩვენს თულფზე – მორკინალებით მიძალებაზე, და ბეკებით ბურთაობასა და აბრაგანებში ავყევით მეტოქეს. ამის მიუხედავად, თავიდან ორჯერ დავწინაურდით, გარდატეხა კი მაშინ მოხდა, ანდღულაძე მიხაი ვიორეანუს მისსავე ლელოში, ბურთის ალალზე დაჭერის შემდეგ რომ დაეჯახა, რაზეც სტუმარმა ამოიგმინა და თეატრალურად გადაგორდა მძლეოსნობის სექტორში. ფრანგმა რეფმა ნონო ათი წუთით გაგვიგდო, რუმინეთმა კი დაბარებულივით გაგვიშალა ბურთაობა და ორი გარდასახული ლელო მოინაგრა. საბოლოოდ 20:23 დავმარცხდით. ერთა თასზე კი მეორე ადგილს დავჯერდით.
22-24 ივნისს იერუსალიმში მოეწყო ფირა აერ-ის ყრილობა და გადაწყდა, რომ პორტუგალიის ჩამოქვეითების მაგივრად აფრიკაში გადავიდოდა მაროკო, მეორე ჯგუფის – “ერთა სინის” ჩემპიონი რუსეთი კი თასს მეექვსე მონაწილედ დაემატებოდა.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები
2000 წელი საქართველო და რაგბი
Facebook კომენტარები
წინა პოსტი