Lado Kilasonia
ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი კაცი
ისე გამოვიდა, რომ რიჩი მაქოუს ისტორია, მისი სამშობლოს ისტორიაცაა. ახალი ზელანდია ბევრი რამით არის საოცარი ქვეყანა – ბუნებით და ამ ბუნებისადმი სახელმწიფოსა და მოქალაქეების მიდგომით, კულტურულად და ეთნიკურად სხვადასხვა ხალხის შესაშური ერთობით და რა თქმა უნდა მსოფლიოს მერვე საოცრებით – ზელანდიური რაგბით და მისი მშვენებით, ზელანდიის ნაკრები – “ოლ ბლექსით”. ოვალური სამყარო ხომ 1905 წლიდან (მას შემდეგ რაც ჩრდილო-დასავლეთ ირლანდიის პატარა სოფელ რემელტონში დაბადებულმა და ზელანდიაში გაზრდილმა დეივ გალაჰერმა “ოლ ბლექსის” “ორიგინალებად” წოდებული ლეგენდარული ნაკრები პირველად ჩამოიყვანა ბრიტანეთში) დღემდე ორად იყოფა – ახალი ზელანდია და ყველა დანარჩენი.
ოღონდ რაგბით მსუნთქავ ამ ვეება კუნძულს თავისი წყევლა დაჰყვებოდა: ზელანდია ხომ პირველი მსოფლიო თასის შემდეგ (1987 წელს რომ მოიგო ბრწყინვალედ და უკონკურენტოდ), ყოველ მომავალ ჩემპიონატამდე მუდამ საუკეთესო იყო, ჩემპიონატზე კი – ფავორიტი და სულ აგებდა.
რას აღარ აბრალებდნენ ამას?! 1991 წლის ნახევარფინალი უქმე დღეს დაემთხვა და ზელანდიის ერთ-ერთმა ლიდერმა მაიკლ ჯონზმა რელიგიური მიზეზების გამო რომ არ ითამაშაო, 1995 წელს ფინალში გასულებს სამხრეთ-აფრიკამ საჭმელი მოუწამლაო!
1999 წლის ნახევარფინალში ყველაფერი ზედმეტად კარგად იყო და სწორედ ამიტომ მოეშვა გუნდი მეორე ნახევარში და ფრანგები გაგიჟდნენო! ზელანდია – საფრანგეთის მსოფლიო თასებზე გამართული ჯახები ხომ ცალკე ამბავია, მაგრამ ამ ამბებთან რომ მივიდეთ, უკან 1987 წელში უნდა დავბრუნდეთ, სადაც ტელევიზორთან მიმჯდარმა პატარა ქერა ბიჭმა პირველად ნახა როგორ ასწია “ოლ ბლექსის” დაბალმა, თხელმა კაპიტანმა კირკმა თავის მოქნილ ხელებში უილიამ ვებ ელისის თასი და ამ სურათით მოხიბლულმა რაგბისტობა გადაწყვიტა.
ზელანდიაში ყველა რაგბისტია, ისიც კი ვინც სხვა სპორტს მისდევს. მაგრამ ოქროსფერი თასით მოხიბლულ ბიჭს “ოლ ბლექობა” უნდოდა.
სათქმელად ადვილია, შესრულებაა ძნელიო, უთხრეს ნელს და არც ისე მოქნილს, არაფერი უპასუხა, წავიდა და პირველივე კონტაქტურ ვარჯიშზე სამი მეტრით გატყორცნა დასაჯახებელი ბალიშით დამდგარი მწვრთნელი. ბოლომდე ეგეთი დარჩა – არასაკადრის ქცევას ან სიტყვას მხოლოდ მოედანზე და მხოლოდ საქმით პასუხობდა.
გეგმას, რომელიც ბიძასთან ერთად რომელიღაცა სწრაფი კვების ობიექტის დარბაზში ხელსახოცზე ჩამოწერა, ორი წელით გადაასწრო და 2001 წელს უკვე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გუნდში “ქრუზეიდერსში” ირიცხებოდა.
არც ათლეტურობით გამოირჩეოდა, არც სისწრაფით, არც ტექნიკით, მაგრამ უგონობამდე უშიშარს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა შეტევის ჩაშლის, ბურთის მოპარვის და დაცვაშიც ძნელად რომ ვინმე გაქცეოდა.
და რა თქმა უნდა ხასიათი. “ქრუზეიდერსის” ახლადნელი მწვრთნელი, მაგარი სპეციალსიტი, კარგი მოთამაშე, თავადაც “ოლ ბლექი” და თავადაც მესამე ხაზელი, სკოტ რობერტსონი, კითხვაზე გვითხარით სამი ყველაზე მაგარი რაგბისტი, ვისთან ერთადაც გითამაშიათო? პირველს მას ასახლებს, შეიძლება ფიზიკურად უფრო მაგრად ყოფილიყავი მომზადებული, მაგრამ – სპორტული ტერმინოგლოგია რომ ვიხმარო – “გამძლეობაზე” ვარჯიშსას მასზე წინ მაინც ვერ ირბენდი, ნაკრებში რომ გამოიძახეს მგონი ოცდაერთი წლის იყო, სუპერ რაგბიც არ ეთამაშა და პირველივე მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ საუკეთესო მოთამაშედ აღიარესო.
რვეულში, რომელშიც საკუთარ თამაშს განიხილავდა და ახალ მიზნებს ისახავდა, თხუთმეტწლიანი კარიერის მანძილზე თითოეული თამაშის წინ ჩამოწერილი დავალებების თავზე მუდამ ერთი ფრაზა ჩნდებოდა, მთლიანად რომ იტევს პროფესიული სპორტის თითქოს ზღვასავით უკიდეგანო ფილოსოფიას: ყველაფერი თავიდან იწყება!
და მიუხედავად ამისა, 2003 წლის მსოფლიო თასზე, სადაც ავსტრალიამ ნახევარფინალში ისევ მოუგო უბერებელ და უცვლელ ფავორიტ ზელანდიას, მაქქოუ ჯერ კიდევ არ იყო, ნამდვილი მაქქოუ! ბევრს რისკავდა და ბევრს ჯარიმდებოდა, განსაკუთრებით რაქში!
აი, 2007 წლის მსოფლიო თასზე კი უკვე, როგორც ყოველთვის მთავარი ფავორიტის, ზელანდიის კაპიტანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მესამეხაზელი იყო, რვეულში ყოველი თამაშის შემდეგ მთელ გვერდს ავსებდა, თუ რა შეეშალა, მოწინააღმდეგის თამაშივით სწავლობდა მსაჯებს, რომ უჯარიმოდ შემძვრალიყო მეტოქის შეტევის ჩასაშლელად და თან ისევ ჩუმ, ოდნავ მორცხვ ბიჭად რჩებოდა, რომელსაც მისივე თქმით: უნდა ემუშავა იმაზე, რომ თამამად გაეღიმა, ხელი დაექნია და ჩამოერთმია გულშემატკივრებისთვის!
და მაინც ზელანდია კარდიფის ცნობილ მეოთხედფინალში დამარცხდა ფრანგებთან. ეგ ის მეოთხედფინალია დროგასულზე ფრანგების ცხრა ნომერი, ელისალდი ბურთით ხელში რომ გაიქცა საკუთარი გულშემატკივრისკენ და საფრანგეთს მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე დააწყებინა დიდი და ყველასთვის მოულოდნელი გამარჯვების ზეიმი.
მაქოუმ კი პრესკომფერენციაზე თავი ვერ შეიკავა და სახეზე აიფარა ხელები, ოღონდ არ უტირია! კამერის წინ არასოდეს აცრემლებულა!
თუკი სწავლა შეგიძლია, მწარე დამარცხებაზე დიდი მასწავლებელი არ არსებობს, სპორტს კი ერთი უცნაური თვისება აქვს, ხანდახან მოთამაშე ერთ თამაშში ხდება რამდენიმე წლით უფროსი, ან სულაც ერთ თამაშში ბერდება. მაქქოუ არ დაბერებულა, მაქქოუმ ისწავლა.
2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ახალ ზელანდიაში უნდა გამართულიყო.
“ოლ ბლექსი” როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო ოთხი წლის განმავლობაში და მსოფლიო თასს კვლავ ფავორიტად შეხვდა, მაქქოუ კი -ცოცხალ ლეგენდად, რომელზეც მსაჯები ღიად იძახდნენ, თავისი მომღიმარი სახით და ზრდილობიანი მომართვით ჰიპნოზს გვიკეთებსო!
და მართლაც რიჩის ისეთ რამეებზე არ აჯარიმებდნენ – გაოცდებოდი! რასაც აღტაცებაში მოჰყავდა ზელანდია და მისი გულშემატკივარი და წყობიდან გამოჰყავდა მეტოქე. რას არ უშვებოდნენ? ფილ ვომ ლამის ცხვირი მოტეხა, ლოტე ტუკირიმ – კისერი! ირლანდიელმა ჯეიმი ჰისლიპმა, ფრანგმა ოლერიან რუჟერიმ და ნიჭიერმა მაგრამ არცთუ მამაცმა ავსტრალიელმა კუაიდ კუპერმა მუხლები ურტყეს სახეში, ინგლისელმა დილან ჰარტლიმ და სამხრეთ აფრიკელმა დენ გრელინგმა – იდაყვები, უელსელმა ენდი პაულმა კი ხელახლა სცადა მისთვის კისრის მოტეხვა. პასუხი ყოველთვის ერთი იყო – ჩაშლილი შეტევა, საფინალო ანგარიში მონიტორზე და სარაგბო მსოფლიო რეიტინგის სათავეში გაბატონებული “ოლ ბლექსი.”
ზელანდიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ფრანგებთან ძალიან რთულ ფინალში მოპოვებული 2011 წლის მსოფლიო თასიც ეგრე ასწია, ყვირილის გარეშე, მთელი ის წნეხი, რომელიც მისმა ქვეყანამ ოცდაოთხი, თვითონ კი რვა წელი ატარა მხრებით, ერთადერთ სიტყვა “wow”- ში და ბედნიერ, მაგრამ მაინც მორცხვ სიცილში ჩაატია და 2015 წლამდე საკუთარ გუნდთან ერთად ისევ საუკეთესოდ დარჩა, თავისი უთქმელი, როგორც მისი ცოლი ამბობს “მოედანს გარეთ, სრულიად ჩვეულებრივი” ხასიათით, ფრენის სიყვარულით და ყოველი თამაშის წინ რვეულში ჩაწერილი უცვლელი ფრაზით – “ყველაფერი თავიდან იწყება!”
2015 წელი მსოფლიო თასის მეოთხედფინალი, კარდიფი, ზელანდია – საფრანგეთი. გეცნობათ რამე? გაიძახოდნენ კომენტატორები!
და ყველაფერი მართლაც იგივე იყო, საფინალო ანგარიშის გარდა. ზელანდიამ 62 – 13 გათელა საფრანგეთი, მერე წვიმაში მოუგო სამხრეთ-აფრიკას (და ვინც რაგბი იცის, ისიც იცის თუ რა ძნელი საქმეა ეგ), ფინალში კი თითქმის უშანსოდ დაამარცხა ისტორიული მეტოქე, ავსტრალია და რიჩი მაქქოუმ მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველად ასწია ზედიზედ მეორედ უილიამ ვებ ელისის სახელობის თასი და ასე წავიდა რაგბიდან.
მაქქოუზე გადაღებული ფილმიც ეგრე მთავრდება, პროფესიული კარიერის დასასრულით, მაგრამ თან რაღაც სხვანაირად, სამყაროს მოდებული სახალხო ცრემლების ან ათასობით ადამიანის წინაშე ოჯახისათვის გამოცხადებული მადლიერების და სიყვარულის სიტყვების გარეშე, უბრალოდ, ოდნავ მორცხვად და აზრიანად: “როცა ახლაგაზრდა ვიყავი და ჩემზე ონდავ უფროსი მოთამაშეები ამბობდნენ, დაბერება დავიწყეთო, სულ მიკვირდა არაფერი ეტყობათ და ამას როგორ ხვდებიან მეთქი? მაგრამ ეგრეა – ხვდები. ჩემი დროც მოვიდა!” ამბობს დიდი კაპიტანი და მიდის! დროულად წასვლა კი ცალკე ნიჭია, რომელიც ხშირად არ აქვთ გამოჩენილ ადამიანებს.
და თუმცაღა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ათი ნომერი, დენ კარტერიც ბოლომდე რაგბისტია, რადგან ამდენი ტრამვის შემდეგ ღირსეული დაბრუნება მხოლოდ რჩეულ სპორტსმენებს შეუძლიათ, მაქქოუ არასოდეს გადაღებულა ტრუსების რეკლამაში, ისევე როგორც ცოლ-შვილის სიყვარულით ლინო ვენტურას არ უკოცნია ეკრანზე არც ერთი ქალისთვის! და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია!
ეგეთია რიჩი მაქოუ, როგორც სტივ ჰენსონი ამბობს “ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც არაჩვეულებრივი რამეების კეთება შეუძლია.”
და როცა მისი ნაჩორკნი სახე მახსნედება თავისი, აპრეხილი წარბებით და მარცხენა ყურზე დაკრული თეთრი პლასტირით, იმაზე ვიწყებ ფიქრს, თუ ვინ იქნება ის პატარა ბიჭი, რომელიც გადიდებული თვალებით, ზუსტად ისე შეჰყურებდა 2015 წელს რიჩი მაქქოუს ხელებში წამოწეულ ოქროსფერ თასს, როგორც თვითონ მაქქოუ – 1987 წელს კირკის ხმელ ხელებში ჩაბღუჯულ ჯილდოს, რამდენ წელში გამოჩნდება და რა ნომერს ითამაშებს? თორემ რომ გამოჩნდება ეგ ნაღდია, ეს ხომ ზელანდიაა, ამ საოცარ ქვეყანას კი ხელახლა და ხელახლა შეუძლია, თითქოს სრულიად ჩვეულებრივი, მორცხვი და ნამდვილი სუპერ გმირების გამოძერწვა.
გაეცანი სხვა საინტერესო სტატიას 👉 იქიდან კი ირლანდიაში