ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში გავიხსენებთ 2007 წელს, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე 20 გუნდში მე-13 ადგილი რომ დავიჭირეთ და ბობოლა ირლანდიაც კინაღამ ვძლიეთ. საზოგადოებამ ამ შეჯიბრის 25 მატჩი ტელე-ეკრანზე ცოცხლად იხილა; რუმინეთს სტუმრად ჩამოვართვით “ანთიმოზ ივერიელის თასი” და იქვე, “ირბ-ის ერთა თასზე” მესამე ადგილზეც გავედით, ხოლო შინ “ყოჩებმა” შეასრულეს დუბლი.
“ბორჯღალოსნებმა” შარშანდლის დარად 11 ტესტი გამართეს: ოთხ-ოთხი “ერთა თასსა” და მსოფლიოზე, და სამიც ირბ-ის ახალ ტურნირზე, რომელიც მას აქეთ ბუქარესტში ეწყობა და დუბლინური გრანტითვე იქაურ, “ტრიუმფალური თაღის” (არკულ დე ტრიუმფ) სტადიონს, ყოველ წელს თითო ტრიბუნა ემატება. ორიგინალური ფორმულის გამო, “სტეჟარს” ივნისში “არკულზე” არ შევბმივართ, თებერვალში კი ძველ გენჩაზე გავაჩინეთ სამართალი მესამე ცდით.
რუმინეთი ახალი, ორ-წლიანი “ერთა თასის” სტარტზე რომ ვძლიეთ, მონაგარს 160 წერტი შევმატეთ და რეიტინგის შემოღებიდან პირველად შევედით მოწინავე 15-ეულში. თავიდან ბოლომდე წინ ვიყავით და მეექვსე გათამაშებაზე მეორედ მოვიგეთ ანთიმოზი. “ოლიმპი” წერდა, “დაგვემტვრა ბევრი, რის გამოც ბოლო მეოთხედში ფრთაზე ჰავბეკი გვეყენა, და უგვან ჩხუბშიც მარტო ჩვენიანი გააგდეს, მაგრამ მაინც ულაპარაკოდ მოვიგეთო, რადგან:
გაგვიმართლეს ნაკრებში ხელახლა ხმობილმა ლელოელებმა, მეკო კვირიკაშვილმა და გიორგი ჩხაიძემ; ბუქარესტში გამართულ შეკრებაზე გარემოს გავუშინაურდით; ბრიტ რეფს ზემოდან მითითება რომ აღარ ჰქონდა მიღებული, თავიდან ბოლომდე წესიერად იმსაჯა; და ვეღარც რუმინეთი მოგვერია მორკინალებით, რაღაი მსოფლიო თასზე გასული, საკვების დანამატებს, ეტყობა, ნაკლები დოზით იღებსო”
ჯგუფად შევიდნენ
“კვირიკაშვილი სტეჟარის ანალიტიკოსებს არასოდეს ენახათ და ჩვენი მგეზავისგან ასეთ თამაშს არ ელოდნენ, ჩხაიძე კი დერეფანში ფრიადზე გაისარჯა. ტაქტიკაც გამართული გვქონდა: დარტყმა ფრონტის შუაში, გადაჯგუფება, მოლით თრევა და მიმართულების ცვლა. მერე მეკომაც შენიშნა, რომ ვლაიკუ იშტაზე ვერ იყო და აბრაგანებით გაუწყალა გული, პირველი ტაიმის ბოლოს კი, სხვაობის გასაზრდელად, ორჯერ შევამზადეთ არეკნი, რაც აქამდე არა გვჩვეოდა”
საწყის მეოთხედში მოლში დავიმსახურეთ ორი ჯარიმა და შევაგდეთ, 3:0-ზე კი კვირიკაშვილის გადაკიდებული ჰაერში მოხსნა ირაკლი მაჩხანელმა, მაგრამ თვალი იტკინა და შესაცვლელი შეიქნა. 6:3-ზე, ვლაიკუს კიკოფის მოგერიებისას დაუვარდა ბურთი, ჩვენები 5-მეტრა შერკინებიდან წამოდგნენ და კარში ჯგუფად შევიდნენ (13:3, მეორე ლელოზე კი მოლი თუმც კიდისკენ წაგვივიდა, ბურთი მოედანში დარჩა და უდესიანი მოწყდა მწყობრს (20:9)
20:14-ზე ტოფანის გადაკიდებული აიღო ბრეზოიანუმ და ფერკუ გააქცუნა, მაგრამ გიორგი შკინინმა ლელოდან 10 მეტრში დაიჭირა. წამატებულ დროში რუმინეთი მოლით ჩვენს მეოთხედში შემოვიდა, მაგრამ ზე-ამბიციური მომსხეპი პასი კიდეზე გაგზავნა, ბოლო სასტვენი კი მას შემდეგ გაისმა, რაც დავით კაჭარავამ შებოჭა კვირიკაშვილის აბრაგანის დამჭერი და იმათ ბურთი დაუვარდათ.
კარტ-ბლანში
გარმონივით გაწელილი განრიგის გადამკიდე, ამის შემდეგ ჯერ თვე-ნახევარი გვიწევდა უქმობა, მერე კი ოთხ ვიკენდზე სამჯერ უნდა გვერაგბა და ევროპაც კიდიდან კიდემდე გადაგვესერა. უფროსობამ დაასკვნა, ზედიზედ შაბათებზე ესპანეთში სტუმრობა და რუსეთის დახვედრა არა-პრაქტიკულიაო და ორი, სხვადასხვა გუნდის გაყვანა მოიფიქრა, მაგრამ ფრანგულ კლუბებთან კანონის ენაზე საუბარს ისევ მოერიდა და “ლეონესს” შეკოწიწებული რამზიღა ჩაუყვანა – რვა ფორვარდიდან შემოგვრჩა ოდენ მღლეტელი.
ამან სავალალო შედეგი მოიტანა: შეუთამაშებელმა გუნდმა ვერაფერი გააწყო ინგლისელი მსაჯის მიერ სასტვენ-შეშველებულ იბერიელებთან და სამი სინბინის გადამკიდე, ოთხმოციდან 30 წუთი 14 კაცის ამარა ირაგბა. თამაში ესპანეთის არცერთი ტელე-არხით რომ არ გადაიცემოდა, ეგ გულუხვი მასპინძლის ხარჯზე სმის მოყვარული რეფისთვის კარტ-ბლანშის ბოძების ტოლფასი იყო. ჰოდა, მსაჯი მაგრად მოგვდგა – ჯერ ბურჯი გაგვიგდო, მერე 15 ნომერი, ბოლოს კი, როცა ჩამორჩენა ექვსამდე შევამცირეთ, მგეზავიც!
რუსეთს უკეთესი რაზმით ვერკინეთ. მადრიდული 22-ეულიდან 11 კაცი დავიტოვეთ; მათგან ოთხიღა მოხვდა ძირითადში; დაგვიბრუნდა რუმინეთის მჯობნი შვიდეული, ოთხი გამოცდილი კი სეზონში პირველად ვიხმეთ. და მაინც, ტრავმათა და ფრანგ ბატონთა თავკერძობის გამო, წინა ორი ხაზის ხუთივე (!) დამწყები დაგვაკლდა, მუჟიკებს კი ჩამოუძღვა “მარად ჩვენი პატივის-მცემელი კლოდ სორელი, ხოლო გრაჩოვი, სტოფბერხი, პერვუხინი, მირონოვი და ხრუნვალდი ისე წავიდნენ პოსტიდან, რომ ჩვენთან გამარჯვება ვერ ეღირსათ”
ამოჩაჩული ჩაიტანონო
კლოდს სლავები კარგა ხანია ევაჭრებოდნენ, მაგრამ ფხიანმა მესიემ რომ იცოდა თავის ფასი, მაზანდას არ უწევდა და კონტრაქტზე ხელი არ მოეწერა. მუჟიკები წინა ათ შეყრაზე რვაჯერ გვეძლია და ბოლო ორ მატჩში ლელოებითაც 10-3 დაგვეჯაბნა. ამით მეზობლურ ჯახს პირვანდელი ეშხი მოკლებოდა, რის გამოც ხალხმა ფეშენებელური “ეროვნული” მესამედითღა შეავსო, და გუნდსაც ავთო ცქვიტინიძის ნახელავი, ისე ორიგინალური კვართები ემოსა, რომ იფიქრებდი, ბიჭებს მარჯვნივ ამოჩაჩული აქვთ და შორტებში უნდა ჩაიტანონო.
“ოლიმპის” თანახმად, “ბორჯღალოსნებმა ხერხთან შეხამებული ღონით გაიმარჯვეს. პირველ ტაიმში თამაში ვერ აგვეწყო და ენთუზიაზმ-მოჭარბებულმა მუჟიკებმა გაიჯეჯილეს, მაგრამ მერე ყველაფერი ნაცნობ კალაპოტში ჩადგა. ამ, პრაგმატულ დროში მთავარი შედეგია და არა მისი მიღწევის მეთოდი. მეტოქის ოდენ შერკინებით ჯობნა შეიძლება მთლად ესთეტური ვერ იყოს, სხვაფრივ კი არა დაეწუნება რა და ამიტომ ვრაგბობთ იმ სტილში, რომლითაც ჩვენივე რანგის მეტოქეთა ჯობნა ხელგვეწიფება”
ახლოვდებოდა შესვენება და ექვსით ვაგებდით. მანამდე, 3:6-ზე, ჯერ ბესიკ ხამაშურიძემ გვიხსნა, მერე კი შკინინმა; მალე საქმეში კიდის მსაჯი ჩაერია, რეფს შეუმჩნეველი ურჯუკობის გამო უპატაკა და კუშნარიოვმა კარის წინ, 30 მეტრზე ბოძებული ჯარიმა შეაგდო, მაგრამ რუსეთმა კიკოფი ვერ მოიგერია, შერკინებიდან სოლოები გადავაბით, ჯარიმა კიდეზე დავარტყით, დერეფანი გია ლაბაძემ მოიგო და მოლით 10 მეტრი ვიარეთ (10:9)
უდესიანმა იაზრა
სტუმრები ისე წახდნენ, რომ შესვენებაზე ორი პირველ-ხაზელი შეცვალეს, მაგრამ მაგით ვერაფერი ეშველათ: უმალ მათსავე ნახევარზე, შერკინებაში უკან ორჯერ დავახევინეთ. აქედან ხუთ წუთში წყვილი დერეფანი-მოლი-ჯარიმით წინ 40 მეტრით წავიწიეთ, 5 მეტრზე შერკინება მოვითხოვეთ, მეტოქე დავძარით და ბესო უდესიანს ბურთი ლელოში რომ უნდა გადაედო, პანასენკო ოფსაიდიდან დაახტა, რის გამოც რეფმა საჯარიმო ლელო ჩათვალა (17:9)
პირველი აწყობილი შეტევა 56-ე წუთზეღა შევიძელით: მახო ურჯუკაშვილმა გეზის ცვლით დავით დადუნაშვილი დაგეზა; შკინინი ფრთაზე გაიჭრა, ირაკლი აბუსერიძეს კი გრაჩოვი კისერში წაეტანა. ჯარიმა კიდეზე დავარტყით და წითელ ზოლში ავაგორეთ მოლები. მორიგ ჯარიმათა სანაცვლოდ შერკინება მოვითხოვეთ; რუსები ზედიზედ რომ ჩაწვნენ, რეფმა ხროკინი გაასინბინა და მარქაფის უყოლობის გამო, მიწოლაც აკრძალა, მაგრამ უდესიანმა იაზრა, ბურთი აიტაცა და ისევ მოლი დააწყო (24:12)
მეოთხე ლელოზე 8 ნომრად მდგარმა ჩხაიძემ აიღო ოვალი, გარღვევა მოაწყო, მიიზიდა კლიუჩნიკოვი და ბურთი გაატანა ლაბაძეს, ვისაც კუზინი ვეღარ დაეწია. გამარჯვებამ რეიტინგში 87 წერტი მოგვიტანა და მე-17 ადგილზე ავედით. ხარებაზე გვეწვია ჩეხეთი, ვისაც ნაკრებში დაეწინაურებინა “სპარტის” მწურთნელად მომუშავე ლევან მგელაძე, ხოლო მენეჯერად მიხეილ კოდუა. კავშირმა ლიანგის ბილეთი 3 ლარიდან ერთამდე გააიაფა, უფროსობას კი არ შეუცვლია ბეკთა დამწყები შვიდეული, რათა ამათ გემოზე ებურთავათ.
“ანტილოპას” შვიდიანი
ჩეხები საზარლად დავარბიეთ. თუ აქამდე 88 ქულით მოგვესრა ჰოლანდია და 14-ჯერ დაგველელოებინა, რეკორდი 95 ქულამდე და 16 ლელომდე ხომ ავიყვანეთ და რვა აცილებული დარტყმიდან ნებისმიერიც დაგვაძლევინებდა მაგიურ, 100-ქულიან მიჯნას. ურჯუკაშვილმა და დადუნაშვილმა კარიერის პირველი ჰეთ-თრიკები მიითვალეს. თამაში ისე გაწონასწორებული იყო, რომ ნაქებმა ფორვარდებმა და ნაძაგებმა ბეკებმა რვა-რვაჯერ ისახელეს თავი; სტუმრებმა კი თავისი შერკინება ხუთჯერ წააგეს, რასაც სამი ლელო პირდაპირ მოყვა.
“ოლიმპი” წერდა, რაგბში ქულები ყინულის ჰოკეივით რომ ითვლებოდეს, ხამაშურიძე შვიდიანს ჩაიწერდა, რაკი ერთი ლელო ბურთის ჟონგლირებითა და ხაზის მიწვდომით თავად გაიტანა და კიდევ ექვსი შეამზადაო. და მაინც, იღბალმა ზურგი აქცია “ანტილოპას” – წამატებულ დროში ხელის კვრით რომ მოიშორა უადგილოდ გამოჩრილი თავისიანი, მსაჯმა ბლოკი დააბრალა და დაუსტვინა, რითაც ჩეხეთმა სამნიშნა პასივს დააღწია თავი.
“ერთა თასის” პირველი წრე 23 ივნისს, პორტუგალიის მიღებით უნდა დაგვესრულებინა, მანამდე კი რუმინეთში გვიწევდა ასპარეზობა 6-გუნდა ირბ-ულ სიახლეზე. რაღაი “ლობუშმა” მსოფლიო თასის ბოლო საგზური რეპეშაჟში, მაროკოსა და ურუგვაის ჯობნით მოიპოვა, ოთხი ზედმეტი რკენა გამართა. ჰოდა, დაქანცულმა ლუზიტანებმა იხერხეს და მახვშებს საქართველოში ჩამოსვლა 10 ნოემბრისთვის გადაადებინეს, მაგრამ მაგ დროს ჩვენთან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და თამაში 2008 წლის თებერვალშიღა ჩატარდა.
კაშინის მონასტერთან
ირბ-მა “არკულზე” პირველ და მეორე დონეთა სამ-სამი გუნდი სამ რაუნდად არკინა, ქულები კი საერთო ცხრილად, სამხრეთული, პრემიალური ნიხრით დაუთვალა. პირველ დონეს (აფრიკა არგენტინა იტალია) დუბლები (ა ნაკრებები) წარადგენდნენ, მეორეს კი (საქართველო რუმინეთი ნამიბია) ნაღდები. მიზეზთა გამო ერთბაშად 12 დამწყები დაგვაკლდა, დაშავებულმა ილია ზედგინიძემ კი მენეჯერობა იკისრა და მე-17 კაპიტნად ირაკლი აბუსერიძე ეკურთხა.
ბუქარესტში ცხელოდა. ასპარეზიდან კაშინის მონასტერი ჩანდა, რითაც რაგბი სულიერებას დაუახლოვდა, მაგრამ მსაჯები და რუმინული მედია ვერც მაგან დაანამუსა. პირველსავე მატჩში, ნამიბიასთან, გადავეყარეთ ძველ მტარვალს, იტალიელ კარლო დამასკოს, ვინც ორი კაცი გაგვიგდო და 80 წუთსაც ბლომად გადააცილა, მაგრამ ბოლო ბურთი მაინც ჩვენ გავიტანეთ და უცნობი მეტოქე დავამარცხეთ.
ნამიბიას მსოფლიო თასის პულში უნდა შევხვედროდით და მისი იქ ძლევა გვესახებოდა პროგრამა მინიმუმად და მაქსიმუმადაც. უდაბურმა ქვეყანამ “არკულზე” მოავლინა საუკეთესო რაზმი, რომლის სამი წევრიც დასის ექსტრემუმს განასახიერებდა: 140-კილოიანი ბურჯი მორის ფისერი უმძიმესი იყო, 161-სანტიმეტრა ფრთა ჰეინი ბოკი უდაბლესი, ხოლო 205-სანტიმეტრა ნიკო ესტერჰეიზე უტანადესი.
ხელს უშლიდითო
ფისერმა გაგანია პირველი ტაიმში დააგვირგვინა “ბილტონხ ბურეს” მოძალება და ფორა ოთხამდე შეგვიმცირა; მერე იმათ სამჯერ გაგვაჩერეს წითელ ზოლში, ზედ შესვენების წინ კი დიდებულიძე გაგვიგდეს. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ურჯუკაშვილმა შტურმი ლელოთი დაასრულა (20:11, მაგრამ იქვე მათი მგეზავი ახლოდან გაგვისხლტა და სხვაობა ორი ქულაღა დარჩა.
და მაინც, ნამიბიას ღირსეულად, რვაზე ნაკლებით წაგებისთვის სარგო ქულა არ დავანებეთ: კვირიკაშვილმა ჯერ ჯარიმა შეაგდო, ბოლოს კი არეკნიც. იმავე საღამოს, სტადიონის გახსნაზე, რუმინეთი დანებდა “მზარდ ბოკეს”, ვისაც მულატი გურუ, პიტერ დეფილიერსი წურთნიდა და რასობრივი ტრანსფორმაციის გეზის თანახმად, მოძღვარს ზე 14-ზე მოასპარეზე პერსპექტიულ თეთრთა თაიგულისთვის ჯერაც უსახელო, მოზანგო ბიჭები ბლომად შეეამხანაგებინა.
გვემულ სხეულთა მოსაშუშებლად დრო რომ იყო საჭირო, შუა, მეორე რაუნდში ყველა მონაწილემ გადაიხალისა დამწყები 15-ეული. ჩვენ კაპიტნობა დავაკისრეთ ზურაბ მჭედლიშვილს, ვისაც წინა საუკუნეში გუნდისთვის 11-ჯერ ეყოჩა, დეფილიერსმა კი წინა ხაზი ერთიანად ზანგებით დააკომპლექტა. ბორჯღალოსნებმა არად ჩააგდეს სამხრეთ აფრიკული რაგბის ავტორიტეტი, მეტოქეს არ შეეპუენ და პრემია არ ააღებინეს, რაზეც მოშურნე რუმინელებმა გაგვჯორეს, ბოკეს ბურთაობა ეწადა, თქვენ კი ხელს უშლიდითო.
მაინც მესამეზე
სამივე ლელო შვიდკაცის მსოფლიო სერიაში ნაჩაუქარმა ბეკმა, მორის დელპორტმა გაგვიტანა. აფრიკა 5-მეტრა შერკინებაში რომ ვერ გაგვიძალიანდა, ჩვენზე დასპეციალებულმა დამასკომ საჯარიმო ლელო გვიბოძა, მაგრამ ტაიმთა ბოლოს თითო მორკინალიც გაგვისინბინა. 7:7-ზე მეკოს არეკნი გაუცუდდა; მესამე ლელოს შემდეგ სამი წუთი ვეძალებოდით ბოკეს, მაგრამ ბურთი წითელ ზოლში დაგვივარდა, ბოლო მეოთხედში კი გრანტმა სხვაობის გასაზრდელად ჯარიმაც დაარტყა.
ბოლო რაუნდის წინ, ორი ბობოლას კვალად, მესამე ადგილზე ვსუფევდით, მაგრამ იტალიას თუ უპრემიოდ მოვუგებდით, რუმინეთს ჩვენს გასასწრებად ნამიბიის ოთხჯერ დალელოება ეყოფოდა. ბრძოლით გავიმარჯვეთ და ეგეც გამოჩნდა, რომ შინაური ზე 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებული “აძური” საფრანგეთის დივიზიონებში მორაგბე ქართველთა ნაკრების ბადალი იყო, სტეჟარს კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ერთ, კინკილა ლელოსღა დაჯერდა.
იტალია მეორე ტაიმში გავტეხეთ. ძალურ სოლოთა წყება ბეკმა მახო ურჯუკაშვილმა დააგვირგვინა, მაგრამ ორკერამ მეხუთე ჯარიმაც შეგვიგდო და აძური მესამედაც დააწინაურა. გამარჯვების ლელო ბოლომდე ხუთი წუთით ადრე დავდეთ: ქუთაისელმა პირველ-ხაზელმა, დავით დადუნაშვილმა წამოიღო გადაკიდებული; ჩვენი 22-დან იმათ 22-მდე ჯანითა და ფინტებით იარა, მეკომ კი ფრთაზე დაურტყა გიორგი შკინინს და ამან ფლანკერი გააბითურა.
ძვრები კავშირში
გარდასახვა ძელს მოხვდა. მერე კვირიკაშვილმა ჯარიმაც შეაგდო და სხვაობა შვიდამდე გაზარდა, რითაც იტალიას გაფრევების შანსიღა დარჩა. ჩვენმა შერკინებამ მეტოქეს ხუთჯერ დაახევინა მისსავე შეგორებაზე. ინგლისელმა რეფმა ჩხაიძე გაგვიგდო კამათისთვის, 80 წუთს ბარემ ათი დაამატა და თამაშიც მანამ არ დაამთავრა, სანამ იტალიას ლელო არ დაადებინა, მაგრამ მაგით ლათინებს რა ხეირი? გათანგულმა ორკერამ კიდიდან ვერ გარდასახა და ორით გავიმარჯვეთ.
ბორჯღალოსნებს ბუქარესტულმა წრთობამ არგოთ, რადგან ერთად ამდენ ხანს პირველად იყვნენ და ნაყოფიერად ივარჯიშეს. გაფართოებული, 37-კაცა რაზმი შინ 8 ივლისს მოგროვდა და ნოვატორი ფრანგი მაწრთობის, ნიკოლა ფულკიეს მეთვალყურეობით გააჩაღა სამზადისი. ძვრები მოხდა კავშირშიც: პრეზიდენტობა ჩაიბარა მსოფლიო თასზე დელეგაციის წინამძღოლმა გია ნიჟარაძემ, აპარატში კი დაბრუნდნენ გია ჭუმბურიძე, ნიაზ მამრიკიშვილი და გიორგი მამარდაშვილი.
30-კაცა რაზმის გამოცხადების ბოლო ვადა 14 აგვისტო იყო, მაგრამ სხვათა დარად, აღარც ჩვენ გავაჯანჯლეთ დედლაინამდე საქმე და ფორმალობა ადრევე მოვითავეთ. გაზეთებმა სანუკვარი ნუსხა 7 აგვისტოს მოულოდნელად, ღამის ათის ნახევარზეღა რომ მიიღეს, ცაიტნოტში აღმოჩნდნენ. ვაკეში მოეწყო საჯარო ბურთაობა, გუნდის გაცილება და დალოცვა, კავშირის საითს კი სექტემბრიდან დაემატა “ოლიმპის” მასალებზე დაფუძნებული ნაკვეთი, რომელშიც ქართულად ამომწურავად გაშუქდა მსოფლიო თასის აწმყოცა და წარსულიც.
ექსკლუზიური უფლება
ტურნირის საათობრივი განრიგი ჯერ კიდევ 10 იანვარს გამოქვეყნდა. მალევე ლიონის შემოგარენში ბანაკად მოგვიჩინეს ვილფრანშ-სიურ-საონი. მარტში “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” მსოფლიო თასის ჩვენების ექსკლუზიური უფლება შეიძინა და 48-დან 25 მუღამიანი თამაში ცოცხლად აჩვენა. დიდ მატჩებს თან ახლდა სტუდიური დისკუსია (დავით მინაშვილი; კომენტატორთა გამოცდილ წყვილს (თემურ ჯაფარიძე, ზაალ გიგინეიშვილი) ოთხჯერ შეეხიდა ნაკრების ძველი კაპიტანი ლევან ცაბაძე, ყველა თამაშისა და საზოგადოდ ზეპური რაგბის ცქერა კი ოჯახებში შესაძლებელი გახდა პირველი ციფრული ტელევიზიის, “გლობალის” (ზურაბ ბაზლიძე) მეშვეობით.
ბორჯღალოსნებმა ფრანგულ კლუბებთან ხუთი სპარინგი გამართეს და კარგად მოითელნენ. გახსნაზე, სანდენში, საქართველო გია ლაბაძემ წარადგინა, არგენტინამ კი ირბ-ული განთესვა და სცენარიც თავდაყირა დააყენა და მასპინძელი “ლე ბლე” შეიწირა. რეიტინგში მეოთხე ადგილზე აბრძანებული “პუმები” პირველი რკენიდან მეოთხე დღეს, ლიონში გვერაგბებოდნენ, მაგრამ ხერხემალი (15 10 9 / 2 8) უცვლელად დაიტოვეს და მხოლოდ ბურჯებს დაასვენებინეს კისრები.
ქართველმა მწურთნელებმა მაქსიმალურად გამოცდილი 15-ეული შეადგინეს. მეორე ხაზში წლეულს პირველად ჩადგა მამუკა გორგოძე. თამაში ჩვენებურად 22 საათზე დაიწყო. იმათ კიკოფი რომ ვერ აიღეს, სოლოებითა და მოლებით ჯარიმა გამოვიმუშავეთ. პუმებმა ანგარიში მალე გაგვითანაბრეს, შუა ტაიმში კი, ალამთან, სასტიკი შტურმიც მოგვიწყვეს, მაგრამ მაგრად რომ დავუდექით, კორლეტომ ლელოსკენ დააგორა ბურთი და კარის ძელის შალითას მოარტყა.
ერნანდესმა უდირიჟორათ
ულელოო და ჭიდაობიანი პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინამ მეორეში გაშალა თამაში; ჩვენც ავყევით და მაშინ, როცა დაღლა თითქო იმათ უნდა შეტყობოდათ, არაქათი აქეთ გაგვძვრა. მატჩის ბედი გადაწყვიტეს თერნოვერებმა, შერკინების დადედლებამ და “ლათინთა ბრწყინვალე დირიჟორმა, ხუან-მარტინ ერნანდესმა, ვინც ტოპ 14-ური რაგბის გაკვეთილი ხომ ჩაუტარა ქართველ ბეკებს” და მერე და მერე პუმებს ბრინჯაოც ააღებინა.
3:6-ზე მწყობრი ფაზები რომ გადავაბით, კვირიკაშვილმა 35 მეტრიდან არეკნი სცადა და ააცილა. უმალ ერნანდესმა თავისი 22-დან ჩვენსაში დაგვირტყა და მოგერიება რომ მოგვეჭრა, დერეფნიდან ბეკებით შემოგვიტიეს, ფლანკერი ჩაერთო იერიშში და ფრთა გაათარხნა. იმათ მეორე ლელოზე ისევ გადავაბით ფაზები, მაგრამ ჩვენს ბეკებს იდეები რომ გამოელიათ, უაზრო პასი გაუვარდათ, ხოლო ერნანდესმა თერნოვერიდან დაგეზა ვორხესი.
არგენტინამ ჩვენს შეგორებაზე სამი შერკინება მოგვიგო და მესამე ლელოც მაქედან, კონტეპომის მიერ ხაზი გაჭრითა და ერნანდესისგან ჯარიმის უცებ გათამაშებით დაგვიდო, მეოთხე, პრემიის მომტანი კი, ბარემ რვა წუთი, მორკინალებით რომ ვერაფრით შეიტანა, ბურთი ისევ ბეკებს მისცა და გაუმართლა – უზუსტო პასის გადამკიდე, ჩვენი მწყობრი რიტმიდან ამოვარდა და ყლაპა.
მილარის გეგმები
ირბ-ის მხცოვან შეფს, ირლანდიელ დოქტორ სიდ მილარს ახალი წლიდან აკვიატებოდა აზრი, მსოფლიო თასის დონე რომ ავწიოთ, მაგისთვის 2011 წელს ფინალისტთა რიცხვი ოციდან 16-მდე უნდა დავიყვანოთო. ბებერმა ოღრაშმა, როცაკი შანსი მიეცა, აჟღერა განზრახვა და აღმასკომსაც განახილვინა, შემდეგი გათამაშების მასპინძელ ზელანდიას კი ხარჯის შეკვეცა კიდევ რომ სურდა, მთავარი ასპარეზის ტევადობის შემცირებაზეც დაიყაბულა მახვშები.
მილარს ამალის ამ გრანდიოზულ, რაგბეთის საბოლოოდ გამხლეჩ გეგმას საქმით წინ აღუდგნენ ჩვენი ბიჭები და თანაც სათადარიგო შემადგენლობით. ირლანდიასთან აქამდე ორჯერ და ძაან ბარაქიანად (0:70 14:63) წაგვეგო დუბლინში და პუმებთან რკენის აქეთაც 11 დამწყები შეგვეცვალა, იმათ კი თუმც ჰყავდათ ყველა – ღმერთკაცი ოდრისქოლი, ჰაერის მეუფე ოქონელი, ჩუბინი ოგარა, მოუხელთებელი დარსი, დაუდეგარი ვოლესი და სხვანიც, მაინც ვაჯობეთ და თასის ისტორიაში უდიდესი სენსაციის გამოცხობამდე ცოტა დაგვაკლდა.
მატჩი ბორდოში შაბათს, ჩვენებურად ღამის თერთმეტზე იყო. “მეტოქის სახელი არად ჩავაგდეთ და ხელდახელ ვუტიეთ, ოღონდაც მეტწილად სულ ჯიქურად და ძალით, ანუ ისე, როგორც ეხერხება მოასფალტებულ ავტო-სადგომებსა და მოხრეშილ ნაგვის საყრელებზე გაზრდილ თაობას. პინგ-პონგიც ბევრჯერ გავუმართეთ “შემროქს” და მაგაშიც ვაჯობეთ, რაღაი იმათ მეორე ტაიმში საკუთარ ნახევარს თავი ვერ დააღწიეს და წახდნენ”
ლიმი ჩაგიწვათო
“მედგრად ვითამაშეთ დაცვაშიც. კი ვუტევდით, მაგრამ ბოლოს დაღლა ისევ შეგვეტყო, რის გამოც ხან დერეფანში ვერ ავაგდეთ ბურთი და ხანაც შერკინება დავატრიალებინეთ. სულმაც ბევრჯერ წაგვძლია და უდროო არეკნებით მეტის მიღწევაზე ჩვენდათავად ავიღეთ ხელი, და არც მსაჯობა იყო მიუკერძოებელი, რაღაი უფალმა ბარნსმა ირლანდიას აპატია თითო შუბური ბოჭვა და დაწიხლვა, და ვერც მათ გადამწყვეტ ლელოზე მოიქცა სამართლიანად”
მეტოქეს რაქი 76-61 მოვუგეთ, ბურთის ფლობით 62-38 ვაჯობეთ, ტერიტორიით 68-32 და მის 22-ში 10-ნახევარი წუთიც გავატარეთ. იმათ პირველ ლელოზე ოგარამ ზედიზედ ორი ჯარიმა გადაიტანა კიდეზე და ოქონელის მოგებულ დერეფანში მოლი აგორდა, ტაიმის ბოლოს კი ურჯუკაშვილმა ბოჭვაზე იხელთა ოვალი, შკინინმა შუა ხაზამდე ამოიტანა, ვოლესი ბურთის ჩაკვლისთვის გაასინბინეს და კვირიკაშვილმა 30 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა (3:7)
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, შკინინმა სთრინგერს რომ ჩაუჭრა გრძელი პასი, 60 მეტრი ირბინა და ლელოში შეხტა (10:7, აქედან ათიოდე წუთში კი დაშავებულ კვირიკაშვილს შველიძე რომ შველოდა, რეფმა მეტოქეს დერეფნის აგდება მაინც დაანება და დარსმა გაგვიჭრა კაც-ნაკლული ხაზი (10:14. ბოლო მეოთხედში ავაცილეთ სამი არეკნი და წითელ ზოლში ორჯერ შეგვემთხვა თერნოვერი, 78-ე წუთზე კი ჭიდილით ლელოში შევედით, მაგრამ ტელი-რეფმა დაასკვნა, ლიმი ჩაგიწვათ და არ დაგამიწებინათო.
არ გადავჯიშებულვართ!
“ოლიმპი” მატჩის გამო წერდა: “ქართველ მორაგბეთა ვაჟკაცობა რამდენიმე ჭრილში უნდა განვიხილოთ. ერთი რომ, კულტურათა გზაჯვარედინზე მდგარსა და ხელის ცეცებით მეობის მაძიებელ, დაბნეულ ერს ჭირდებოდა ბრძოლით, ნამუსითა და უნარით მარგი საქმის კეთების მაგალითი, ხოლო მსოფლიოს ახალი, კავკასიის ქვეყნის გაცნობა.
მეორეც, ძაან ნალოლიავებ, სხვა ფორმის ბურთით მოთამაშეთა ქრონიკული უნიათობის ფონზე, უპრიანი იყო ფანობისა და ხელისუფლებისთვისაც იმის შეხსენება, რომ არ გადავჯიშებულვართ, ბურთაობა კიდევ შეგვიძლია და ამას სხვა სახეობებზე უკეთ ვახერხებთ რაგბში, რაიც ჩვენი ლელოს საერთაშორისო ვერსიაა.
და მესამეც, ირბ-ს მოუწევს დაფიქრება, ღირს თუ არა ზელანდიელთა ახირებისა და მომჭირნეობის გამო მსოფლიო თასის შეკვეცა. ღმერთმა დაგვიფაროს და ეს რომ მაინც მოხდეს, საქართველოსა და მის ნაირებს ირლანდიასა და საძმოსთან ოთხ წელში ერთხელ (!) გაჯიბრების შანსი ხელიდან ხომ გამოეცლებათ და ათ ბობოლა ქვეყანაში გამოკეტილი თამაშიც, გაგლობალურების ნაცვლად, საბოლოოდ დამყაყდება”
ნაადრევად დაასრულა
“ბორჯღალოსნებთან” ნაყოფიერად მუშაობდა თასის ოფიციალური საითის მკვებავის, “რაგბი ნიუზ სერვისის” ავტორი ლენა ზაკი. ირლანდიასთან შებმიდან ოთხი დღის თავზე მისგან შეიტყო რაგბეთმა, რომ ჩვენს ყოჩს, ილია ზედგინიძეს კვირისტავი ჩაუტყდა და რაკი ტურნირის ბოლომდე ვეღარ მოურჩებოდა, ნაადრევად, 31 წლისა ასრულებდა სათამაშო კარიერას, მაგრამ როცაკი უცხოეთიდან შინ მობრუნდებოდა, რაგბულ მოძრაობაში ისევ ჩაებმებოდა.
უფროსობამ ილიას ნაცვლად განაცხადში ვეტერანი ზურაბ მჭედლიშვილი შეიყვანა, ტრავმირებული პალიკო ჯიმშელაძის მაგივრად კი მაინც არ იხმო თემურ სოხაძე. ნამიბიასთან შეყრამდე 11 დღე ვიუქმეთ; ირბ-ის რეიტინგში მეტოქეს რვა ადგილითა და 923 წერტით ვუსწრებდით; ივნისში, რუმინეთში, 12 დამწყების გარეშეც გვეძლია “ბილტონხ ბურე” და თასზეც, ერთსა და იმავე მეტოქეებთან 41 ქულით უკეთ გვეასპარეზა, რის გამოც ფავორიტებად ვითვლებოდით.
ვარაუდი გამართლდა. მეშახტეთა ყოფილ ქალაქ ლანსში ბიჭებმა საშვილიშვილო საქმეს დაადგეს თავი: ავდრის შესაფერი რაგბობით ულაპარაკოდ ძლიეს მეტოქე, რითაც მსოფლიო თასებზე გამართულ მეშვიდე მატჩში პირველი მოგება ხომ ჩავიწერეთ და პულში მეოთხე ადგილის დაბევებით მსოფლიოს უკეთეს 16-ეულშიც შევაბიჯეთ. მშრალ, მზიან ამინდში ეგებ უკეთესი ბურთაობა გვეხილა, ამჯერად კი გაიმართა ათ-კაცა რაგბი: ფორვარდებით ჯაგა-ჯუგი და ფეხოსნობა.
ფანობას უძღვნა
“ოლიმპი” წერდა, საეტაპო გამარჯვებანი ლამაზი თამაშით ვერ მიიღწევა და რაგინდარა მოგებაც, გინდ სულ კბილების ღრჭიალითა და სისხლით მოპოვებული, ჯობს ნებისმიერ, გინდ ღირსეულსა და გინდაც დრამატულ მარცხსო. უდაბნოელები ერთობ დავიბრიყვეთ: 80 წუთიდან ბარემ საათი ვუტევდით და ნამიბიის მეოთხედშიც 10-ნახევარი წუთი გავატარეთ, მაგრამ იმათ, მეტი ტრადიციის მქონეთ, მხსნელად და ქომაგად მოევლინათ ზელანდიელი მსაჯი, ვინც ბლომად აპატიათ ურჯუკობა და ყურით მოთრეული მიზეზებით, აქეთ ხალისით გვაჯარიმა.
იწურებოდა პირველი მეოთხედი და ჯარიმათა სათვალავი იმათ სასარგებლოდ უკვე 7-2 იყო, მაგრამ მერე და მერე რეფი მიხვდა, რომ ნამიბიას ვერაფერს უშველიდა, ცოტა სინდისის ქენჯნაც იგრძნო და მაჩვენებელი საათის თავზე გათანაბრდა. მაგ დროს 13:0 ვიგებდით: ლელო 10-ფაზიანი შტურმის შემდეგ, ზედახორაში შეიტანა აქვსენტ გიორგაძემ; კვირიკაშვილმა ხუთი ცდით სამი გოლი შეაგდო, 69-ე წუთზე კი 25 მეტრიდან ბოლო იმედიც გადაუწურა მეტოქეს.
ჩაროზად ბეკებმა ორი ლელო გაიტანეს, რითაც ახდა სტუდიაში მოწვეული ლევან წულაძის პროგნოზი, ბარაქიანად გავიმარჯვებთო: ირაკლი მაჩხანელმა ჩახურვაზე გააგდებინა ბოკს ბურთი, თვითონ აიღო, კარამდე ეულად ირბინა, გული ფანობას უძღვნა და 28 დეკემბერს, კინო “რუსთაველის” მეხუთე დარბაზში წლის საუკეთესო მორაგბის სარგო 1000-ევროიანი ოქროს ბარათიც მიიღო “სილქ როუდ ბანკისგან”, გადაცილებულზე კი შინაურებში საუკეთესომ, დათო კაჭარავამ ჩაუჭრა პაუელს პასი და კარში შეიჭრა (30:0)
სარკოზის მიწვევით
პულში ბოლო მატჩი ჩვენი რაგბის ფუძემდებლის, ჟაკ ასპეკიანის მშობლიურ მარსელში გვქონდა მარჩენალ საფრანგეთთან, რომლისგანაც ძაან დავალებული ვიყავით, რაღაი “ახალ ათასწლეულში ქართული რაგბის ნაღები გალეთში დამკვიდრდა, არსობის სახსარი იშოვა, უკეთეს გარემოში ასპარეზობით კლასი ფრიად აიმაღლა და მსოფლიო თასზე ზედიზედ ორჯერ გავიდა. პრეზიდენტ სარკოზის მიწვევით მატჩს დაესწრო მიხეილ სააკაშვილი და მოსწებულად შენიშნა, რომ მორაგბეებმა თავიანთი ვაჟკაცობით საქართველო მსოფლიოს გააცნეს.
“ლე ბლეს” პრემიით გამარჯვება ჭირდებოდა და უკიდურესად მოტივირებულმა მწარედ გაგვაბურთავა, ბორჯღალოსნებმა კი მისია გასრულებულად მიიჩნიეს და არაქათ-გამოცლილები საბრძოლველად ვეღარ განეწყვნენ, რის გამოც კლასში სხვაობა ანგარიშში აისახა. შესვენებამდე სამი ლელო გავუშვით და 0:30 ჩამოვრჩით, შემდეგ კი კიდევ ექვსი. 0:13-ზე გასატანი ჯარიმა დავახაიეთ; სინბინში ორჯერ მიგვაბრძანეს (სარმა, შუბური ბოჭვა; ზვიად მაისურაძემ კი ჯარიმის უცებ გათამაშებით მაინც დადო პრესტიჟის ლელო.
არა-ოფიციალური XIII ადგილის დაკავებით ოთხი წლის წინდელ დებიუტთან შედარებით წინ ექვსი საფეხურით წავიწიეთ.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები