განახლების გზაზე…
2004 წელს მრავალ დებიუტანტს მიეცა ნაკრებში თავის წარმოჩენის შესაძლებლობა, შეიცვალა გუნდის თავკაცობა სამი მწურთნელი – მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში ნამყოფი პაატა ნარიმანაშვილი, მალხაზ ჭეიშვილი და დავით ჩავლეიშვილი ჩაუდგენ სათავეში ნაკრებს.
პირველი მატჩი გვქონდა თბილისში პორტუგალიასთან. “ლობუშთან” კი იმად დავმარცხდით, რომ მთლად სწორად ვერ ვირაგბეთ. ბურთი დროის ბარემ 70 პროცენტი გვეპყრა; პირისპირ შებმებშიც ღონითა და ხერხით ვჯობდით სტუმრებს; ერთი-ორჯერ ტოტალური რაგბის ყაიდაზეც ბარაქიანად შევუტიეთ, მაგრამ ყველაფერში რომ ზომიერებაა საჭირო, ფეხით ტაქტიკურ დარტყმათა უგულებელყოფამ დაგვღუპა და იტალიელი რეფიც მიემხრო ნათესავებს.
პორტუგალია ჩვენი მიძალებისას უძლური ჩანდა და ოფსაიდში ხშირად რჩებოდა, მაგრამ სინიორ ლომბარდი ამაზე თვალს ხუჭავდა, ხოლო ჯარიმათა გაცემაში ლატარიის პრინციპს იცავდა. თავიდანვე იმად ჩამოვრჩით, რომ მსაჯმა შერკინების ჩაქცევა აქეთ დაგვაბრალა, უხეირო მოგერიების შემდეგ კი იმათ ბურთი ალმისკენ ფეხით რომ გაგვიგორეს და თავშიც ხელი წაიშინეს, ეს რა შანსი გავფლანგეთო, რეფმა მაინც ჩათვალა ლელო.
ლობუში ორივეჯერ მგორავი მოლით დავალელოვეთ. 7:10-ზე მახო ურჯუკაშვილმა ეშხიანი გარღვევა მოაწყო, მაგრამ ირაკლი მაჩხანელმა ვერ მიიღო გრძელი პასი. იქვე მსაჯმა რომ ინამუსა და ბურთის ზედიზედ ჩახურვისთვის პორტუგალიას მღლეტელი გაუგდო, გაფრევების ნაცვლად უმალ დაწინაურება მოვინდომეთ, მაგრამ იტალიელი სტუმრებს ისევ გამოექომაგა, შერკინებაში დაგვაჯარიმა და მეტოქეს უცებ გათამაშება რომ არ დავანებეთ, რეფმა ჩვენც გაგვისინბინა კაცი.
მერეც, ურჯუკაშვილმა რომ გადაიკიდა და მეტოქემ უბურთოდ დაიჭირა, მსაჯმა ხეირის პრინციპი დაარღვია, გაგვაჩერა და ოდენ შერკინება გვიბოძა, ბოლო მეოთხედში კი, 14:16-ზე, ზედიზედ ოთხჯერ დაგვაჯარიმა და არც ის შეიმჩნია, რომ გონსელუ მელეირუმ კარში დარტყმამდე ხუთი მეტრი მოიპარა. ისე, შოუ ვადამდე არ უნდა დასრულდესო და ლომბარდმა ლობუშსაც არ ჩაუთვალა 5-მეტრა დერეფნიდან გატანილი ლელო, წამატებულ დროში კი პორტუგალიამ ფაზა-ფაზა უტია და 25 მეტრიდან შეგვიგდო არეკნი. 14:19
ესპანეთი ერთა თასიდან ვარდებოდა, მაგრამ თავი კი მოიქაჩლა და 71-ე წუთზე, ანდრეი კოვალენკოს დარტყმული ძელს რომ არ მოხვედროდა, საერთოდ შეიძლება წაგვეგო კიდეც, თამაში ფრედ 6:6 დასრულდა.
შემდეგ ვაკეში დავუხვდით სულ რაღაც 6 000 მაყურებლის წინაშე რუსებს დიდი სპორტის კანონის თანახმად, თამაში დაცვამ მოიგო. წუნი ბევრი გვქონდა, მაგრამ მეტოქე ბარემ ორჯერ მეტად შეცდა და ამანაც განაპირობა საბოლოო შედეგი.
ცენტრში გაამართლა მახომ, 15 ნომრად კი ოთარ ბარკალაიამ; ტრავმის გამო თუმც ცალ-ცალი ფეხით რაგბობდნენ, მაინც ივარგეს ჯიმშელაძემ და ზიბზიბაძემ; ახალბედა ლექსო გუგავას მეტოქის კრძალვა არ შეტყობია, პუბლიკა კი მოხიბლა მწითურმა ბიძინა სამხარაძემ, ვისაც ჭაბუკთა სამ მსოფლიო თასზე ერაგბა.
თავის დერეფანს ორივე გუნდი აგებდა, ბოჭვაზე კი ბევრჯერ შემოვაბრუნეთ ბურთი (თერნოვერი გავახერხეთ. 0:0-ზე ზიკოვი ზედგინიძემ ალაგმა. რუსები დაღუპა რაჩკოვმა, ვისაც ტრიბუნებიდან “ყოჩების” ჯეელები რომ შეუჩნდნენ, ღადაობას უპასუხოდ არ ტოვებდა. ჰოდა, ბარკალაიას აცილებული არეკნის შემდეგ ფულბეკმა თავისი ლელოდან შემოგვიტია, ბურთი ჩაგვაბარა და პალიკომ 30 მეტრიდან არეკნითვე გახსნა ანგარიში.
მალე რაჩკოვმა ალმისკენ გაუგორა კუზინს და ბურთი წინ გაგვივარდა. 5-მეტრა შერკინებიდან ზიკოვი ორჯერ მოგვეძალა, მაგრამ იანიუშკინი კარის წინ წაბორძიკდა.
მეორე ტაიმის დამდეგს მეტოქეს ორჯერ ავაცალეთ 5-მეტრა დერეფანი, მაგრამ ფორად სამი ქულაღა დაგვრჩა. რაჩკოვს 30 მეტრიდან ჩაუფლავდა არეკნი; 66-ე წუთზე გვიხსნა ურჯუკაშვილმა; აქედან სამ წუთში, დასაწინაურებლად მომეცადინე რუსეთმა 5-მეტრა ჯარიმა გაათამაშა, მაგრამ ზედახორაში დაკარგა ბურთი. საბოლოოდ 9:3 ვიმარჯვეთ.
შემდეგ ვუმასპინძლეთ ჩეხებს. ჩეხეთი ულაპარაკოდ გავასაღეთ. სტუმრებს თამაშის მოგების იოტისოდენი შანსიც არ ჰქონიათ. კლასში სხვაობა თვალსაჩინო იყო. ბორჯღალოსნებმა რაგბობა მეტოქეზე ბევრად უკეთ ხომ იცოდნენ და სიმარდითა და ღონითაც ჯობნენ სტუმრებს. გრილ ნიავში თამაში ბარემ ნახევარი საათი ვერ ავაწყვეთ, მაგრამ მერე სლავები მეთოდურად მოვაშთვეთ იმის მიუხედავად, რომ გერმანელი რეფი შარზე იყო და 17-ჯერ, მეტწილად შეტევაში დაგვსაჯა, ხოლო აქეთ სულ ექვსი ჯარიმა გამოიმეტა. 23:7
კარპატელებმა გვიმასპინძლეს “რუმინეთის ქუთაისში – ისტორიული მოლდოვის დედაქალაქ იაშში, საიდანაც დაიწყო რომაელებით დასახლებული აღმოსავლეთი მიწების გაერთიანება; სადაც მოღვაწეობდა მართლ-მადიდებლობაში ძველი სლავურის რუმინულით ჩამნაცვლებელი ანთიმოზ ივერიელი და ქართველი პოეტი ბესიკ გაბაშვილიც მარხია.
მატჩი ქართული რაგბის თემის მიერ შარშანწინ დაწესებულ ანთიმოზისვე თასზე იყო. ჯილდო აქამდე ორჯერვე რუმინეთს მოეგო, ამჯერად კი ბორჯღალოსნებს გამარჯვებამდე ხუთი წუთი დააკლდათ. რუმინეთს უწინ ოთხჯერ ვეძლიეთ და 9 ნომრად ყოველთვის პეტრე მიტუ მდგარიყო, ახლა კი კანონ-ზომიერება ხომ დაირღვა და ბრძოლაც სხვა სცენარით წარიმართა.
თავიდან ორი ჯარიმით ჩამოვრჩით. მზემ რომ გამოანათა, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალა. გორგოძის გარღვევის შემდეგ ლელოს ვუწიეთ და კვინიხიძემ შეაგდო ჯარიმა. იქვე ზიბზიბაძემ მოგერიებაზე დაუფარა დუმბრავას, მეორე ტაიმში კი მანვე შებოჭა ტოფანი, ბურთი გააგდებინა და კვინიხიძემ გაინავარდა, მაგრამ გარდასახვა ძელს გაარტყა (18:11. ბოლო მეოთხედში მასპინძლები გახელდნენ. ბებერმა გონტინეაკმა ზურგში გადაგვიკიდა და რომ ვერ ვივარგეთ, ტოფანმა 40 მეტრიდან ერთამდე შეამცირა ჩამორჩენა.
სათამაშო ხუთი წუთიღა რომ რჩებოდა, ლათინებმა მოლიდან წაიბურთავეს და ჯარიმით დაწინაურდნენ, მერე კი წესის ზედიზედ დარღვევისთვის კაცი გაგვიგდეს და მგორავ მოლს ვეღარ გავუმკლავდით. საბოლოოდ რუმინეთთან დავმარცხდით 18:25 და პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ერთა თასის სეზონზე (2003/04) დავიკავეთ მესამე ადგილი.
სენიორ ეპალსამ ირბ-ის გრანტით “მესამე დონის ქვეყნებისთვის” ახალი ტურნირი, “საკონტინენტთაშორისო თასი” მოიგონა და სეზონისთვის საქართველოსა და პორტუგალიის ვითომც უკეთ მოსამზადებლად, განრიგი ისე შეადგინა, რომ ჯერ სამხრეთ ამერიკაში უნდა გაგვემართა ორი ტესტი, შემდეგსავე შაბათს კი ევროპაში, “ერთა თასში” ჩავბმულიყავით.
ეს თვითმკვლელობას რომ უდრიდა – აბა, ფრენით ვინ მომზადებულა? – ჩვენებმა იჩივლეს და შეჯიბრება ერთი კვირით ადრე გადაატანინეს.
ორგანიზატორებმა ფული დაზოგეს და “კოპაზე” ნეიტრალური მსაჯები არ მიავლინეს. ამით შეჯიბრი ფარსად იქცა, რაღაი მეზობლები ერთურთს აშველებდნენ სასტვენს. ურუგვაიმ თავიდანვე კრივი გაგვიმართა და ტაეკვანდოთი გაილახა, არგენტინელმა რეფმა კი რეკორდი დაამყარა – შვიდ კაცს უჩვენა ყვითელი ბარათი და ერთსაც წითელი. მანვე ბარემ ხუთჯერ გაგვიჩერა მოლი, როცა ლელომდე ორიოდე მეტრი გვრჩებოდა, და შერკინება დანიშნა.
იმათ თითო ნაჩუქარი და ნაღდი ლელო დაგვიდეს, ჩვენ კი “ტეროსს” შერკინება დავუტრიალეთ, ბურთი ავართვით, შევიკარით და ბოლომდე ვიარეთ. 7:17 დავმარცხდით.
ჩილე- ბიჭებმა ანდების ძირში ნაყოფიერად ივარჯიშეს და პირველ ტაიმში ორჯერაც დაწინაურდნენ 14 ქულით, მაგრამ მერე ბოჭვები გაუცუდდათ. ბოლო ნახევარ საათში ანგარიში (24:30) აღარ შეცვლილა. აქაც დავმარცხდით.
საქართველოში გვეწვია “ბლუ ბლუზი” პირველ ტაიმში მედგრად დავუდექით თუმც საბოოლოოდ ამხანაგურ რკენაში სამხ აფრიკელბმა გაიმარჯვეს.
ერთა თასის უცნაური კალენდრის გამო 2005-წლის სეზონის მატჩმა აქეთ 2004 ის ბოლოს გვიწია რუსეთში. ანგარიში ხელიდან გავარდნილი ოვალის ატაცებითა და ნავარდით ბესიკ ხამაშურიძემ გახსნა. რუსებმა ჩვენს ძელებს რომ უწიეს, ხაზს იქეთ გადატანილი ბურთი აბუსერიძემ ასწაპნათ. კაზანცევის გადაკიდებულზე სიმონოვმა ზურგში კრა უბურთო ურჯუკაშვილს, რეჩნიოვი ოვალს დაახტა და რეფმაც ჩათვალა, მერე კი ჩვენებმა გეზის ცვლით 12 ფაზა აკინძეს, ბურთაობით 50 მეტრი გალიეს და კიკნაძემ და ხამაშურიძემ თედო ზიბზიბაძე ლელოში შეგზავნეს.
დაიწყო მეორე ტაიმი და ირაკლი მაჩხანელმა მოგერიებულის გამოქცუნებით ხუთი მბოჭავი გააბითურა. მეოთხე ლელოზე 10-მეტრა დერეფნიდან საფირმო მოლი ავაგორეთ და სხვაობამ 16 ქულას უწია. რუსეთს შანსი გაუჩნდა ზიბზიბაძის გასინბინების შემდეგ, როცა დერეფნიდან ხროკინმა შეუტია და კაზანცევი კართან გაგვიძვრა, მაგრამ თამაში იმათ ნახევარზე გადავიტანეთ, იმედ-გადაწურულმა მასპინძლებმა შვიდკაცა გააჩაღეს და ოთარ ბარკალაიამ გამარჯვების არეკნი დააქუხა. 27:15
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები
2004 წელი საქართველო და რაგბი
Facebook კომენტარები
წინა პოსტი