ქვეყნიერების დასალიერს, ტონგაზე მორაგბეთა ჩაყვანა “ლევონ თრეველმა” იკისრა და სვლაგეზი ძალიან გრძელი შეირჩა. ტონგაზე ჩასულ გუნდს ვერც დაზღვევის საკითხი ჰქონდა მოგვარებული, რის გამოც მატჩის წინ, ალიონზე გააღვიძეს ირბ-ელებმა და საბუთების შემოწმება დაუწყეს.
კავშირის ფრანგულმა ფრთამ, რომელსაც ზაზა ქასაშვილი თავკაცობდა, გამოუცდელობით დაუშვა ლოჯისტიკური ლაფსუსიც – ფიჯზე დაგეგმილი შეკრებისთვის მიახლოებითაც ვერ დათვალა კვებისა და მეტადრე, სასმელი წყლის ხარჯი, რის გამოც ქალაქ ნაინდის ოტელ “მუკამბოს” ვალად 12 900 დოლარი დაგვედო. დელეგაციის შეფობა მწურთნელ გურამ მოდებაძეს ევალა და რაღაი სამივე თანმხლებმა ფრანგმა, ევროპული გაგებისა გამო, სხვისი ჭირი გულთან ახლოსაც არ მიიტანა, ისევ “ბურძგლას” მოუხდა ფიჯზე მძევლად მანამ დარჩენა, სანამ სასტუმრო საქართველოდან ნაღდ ფულს მიიღებდა.
ხარჯის შესამცირებლად რაზმი მინიმალური, სულ 22-კაცა გვყავდა და თანაც არა-ოპტიმალური. ფიჯზე გამართულ სპარინგში ნაკრების ახალ წევრს – გამოჩენილი ფრანგი ფორვარდის, მიშელ იაშვილის უფროს ვაჟს, გრეგორს ხელი მოტყდა და ტონგელებმაც თამაში დაგვინიშნეს დღის სამზე, როცა მზე დააჭერდა და ნაწვიმარ მოედანს ოხშივარს აადენდა.
ბორჯღალოსანთა ამოცანა ეგ იყო, რომ თუ გასვლაზე ვერ მოვიგებდით, იმდენით წაგვეგო, რომ ორი მატჩის ჯამში მაინც გვეჯობნა მეტოქე. უმწურთნელოდ დარჩენილი გუნდი მიზანთან ახლოს იყო – ჯანითა და შემართებით აჯობა მასპინძლებს და დერეფანშიც დაიბრიყვა. ჰოდა, რომ მოახლოვდა ბოლო მეოთხედი, სულ რაღაც 10 ქულით ჩამოვრჩებოდით, ხოლო ვასილ კაცაძის მიერ შებოჭილი პიტა ტანგინოა ისე ცუდად შექნილიყო, რომ ჰოსპიტალში გაექანებინათ.
გარდატეხა მოხდა “საათის თავზე, როცა ჩაღდება ნაღდი რაგბი – ომით გათანგულს მოძღვრის დარიგება გავიწყდება და ალღოთიღა მოქმედებ. ჩვენებმა დაყვინთეს – ტონგას სათადარიგო მგეზავი, ელისი ვუნიპოლა გაუძვრათ. როგორც მერე ბიჭები ყვებოდნენ, აქ კონსულტანტ სორელს დაუსკვნია, მეტოქის ზურგში ბურთის გადაკიდების დროაო, რაც იმით დასრულდა, რომ ბოლო წუთებზე “ზღვის არწივებმა” (იკალე ტაჰი) კიდევ ორჯერ დაგვალელოვეს და 31 ქულით გვაჯობეს. 6:37
საპასუხო მატჩზე შესვლა უფასო იყო. ჩვენ დაგვიბრუნდნენ რაფავა, კობახიძე და მაჩიტიძე.
მზადებისას ნაკრებს ვაკის სტადიონის ჭიშკარი რომ დაუხშვეს და მოედნის ნახევარიც დაუტბორეს, ორასმა მორაგბემ საპროტესტო აქცია მოაწყო და გუნდმა გამოსადეგ ნახევარზეღა ივარჯიშა.
სტუმრებმა ჰაკა ჩვენი თხოვნითღა გაიხსენეს და იცეკვეს. მსაჯობდა ფრანგი დიდიე მენე. მატჩი განსხვავებულ სტილთა ჯახად იქცა: ჩვენ ჯარიმებს კიდეზე ვურტყამდით და დერეფნიდან მოლით ვეძალებდით, ისინი კი ნებისმიერი პოზიციიდან ხელდახელ გვიტევდნენ და მეტწილად ფრონტის შუაში გვჭრიდნენ ხაზს.
ვოთერსთოუნმა ჭკუით გვაჯობა, ხოლო ჩვენ ძალები ერთი მიმართულებით გადავისროლეთ და მეტოქეს შევაწყვიტეთ ნაცვლად იმისა, რომ ჯარიმები კარში გვერტყა, ანგარიში მეთოდურად გვეზარდა სამ-სამი ქულით და დავლოდებოდით ბოლო მეოთხედს, როცა სპორტული მედიცინის თანახმად, შორებელ ტონგას ზეზეულად უნდა ჩაეთვლიმა, ჩვენ კი ბრძოლაში მარქაფა ჩაგვერთო და გადამწყვეტი სპურტიც გაგვეკეთებინა.
დაგვაღალატა ვერაგობაში გაუწაფაობამაც. პირველ ტაიმში რამდენჯერაც გაუჭირდა გუნდს, ვოთერსთოუნი იმდენჯერ ამალიანად შეიჭრა მოედანზე და დაპანიკებულ შეგირდებს სახელდახელო თათბირი ჩაუტარა.
თამაში კი მაინც გემრიელი გამოვიდა. მაგარი დავდეთ მეორე ლელო: შავლეგ ჯანელიძის აბრაგანი ღრმად, ლელოშივე, ნახტომით იხელთა ბადრი ხეხელაშვილმა. შესვენებაზე ჩვენ გასახდელში გავედით, ტონგა კი მოედანზე დარჩა, ნავარდის იშტაზე მოვიდა, მოკლედ 12 ქულით რომ გაგვისწრო, “ქართველები მივხვდით, რომ მსოფლიო თასის მომხიბლავი ზღაპარი დასრულდა” მაგრამ ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდა
ბიჭებმა მაინც ბოლომდე, ჯიგრით იომეს და გაიმარჯვეს. გავაჩაღეთ “ძალისმიერი, არეული, ალაგ-ალაგ საბურთაო და დაკა-დაკიანი შტურმი და მაინც, კობახიძემ შეაგდო გადამწყვეტი ჯარიმა, ოღონდაც ოვალი ჯერ ხარიხას დაეცა და კარში მერეღა გავიდა. 28:27 ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს, თუმც მსოფლიო თასზე ორი მატჩის ჯამში ტონგა გავიდა.
. ასე დასრულდა ჩვენთვის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ 25 უკეთესში კი შევაბიჯეთ და 2000 წლისთვის რომ შედგა ახლებური “ერთა თასი”, მის პირველ დონეზე მოვკალათდით.
აღსანიშნავია ჭაბუკთა (1980-81 დაბ) XXXI მსოფლიო პირველობა სადაც ჩვენს ჭაბუკთა ნაკრებში იასპარეზა 10 ნომრად შემდეგში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 9 ნომერმა დიმიტრი იაშვილმა.
ასეთ ფათერაკებით აღსავსე იყო საუკუნის გასაყარზე ჩვენი რაგბის ისტორია.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები
1999 წელი საქართველო და რაგბი
Facebook კომენტარები
წინა პოსტი