არ დაიზაროთ და წაიკითხეთ ჩვენი რაგბის ისტორიაში 1995 წელი როდესაც იყო სტადიონზე
შევარდნილი მაყურებელი და სამარცხვინო მარცხი ჰოლანდიაში თუმც… ~ ისევ ევროპის
ერთა თასის ქვედა დივიზონებში ვიყავით თუმცაღა უკეთესად ვთამაშობდით. ჩვენს, ჯგუფს
მიმოსვლით უნდა ეთამაშა, მაგრამ ფული რომ ყველას უჭირდა და ფირა-საც ჰგონებოდა,
საქართველოში ჯერაც გახურებული ომიაო, დაყაბულდა ტურნირს, რომლის მასპინძლობაც
ბულგარეთმა ითავა
კავშირმა "მერსედესის" ავტობუსით გაგზავნა ნაკრები სოფიას, სადაც პანსიონატში წყალი
მოდიოდა დღე-გამოშვებით და ბიჭებს არც საჭმელი ყოფნიდათ. რომ ვერ ვიშოვეთ შინდის-
ფერი კვართი, ჩავიცვით მუქი ლურჯი, შოტლანდიური. თამაშში კი ვიყოჩაღეთ.
ფორვარდთა ფაზებს ბეკებით ბურთაობას რომ მოვაყოლებდით, უეცრად მოსულ თოვლშიც
11-ჯერ დავალელოვეთ ბულგარეთი. მოვიგეთ 70:8. ქარმა ააშრო მოლდოვასთან მოედანი და
დავდეთ შვიდი ლელო. მოვიგეთ 47:5. ავინაცვლეთ კიდევ ერთი საფეხურით ზემოთ.
უცნაური კალენდრის გამო შემოდგომაზევე ჩავებით ახალ დონეზე ერთა თასზე. პირველი
მატჩი გვქონდა გერმანიასთან შინ. დინამოზე.
თამაში ტელევიზიით გადაიცა. ნაკრები შავ-თეთრი "პუმით" შეიმოსა.
თამაშზე ხელისუფალთაგან მობრძანდა ნიკო ლეკიშვილი. შეგროვდა სრულიად რაგბის თემი
და უამრავი სხვაც მოექცა ოვალური ბურთის რჯულზე. გრილ ნიავში ბურთაობა ვერ აეწყო.
იდგა აკადემიური სიჩუმე! თუ რამეს გავახერხებდით, ხალხი ტაშს მაშინღა უკრავდა, კარს
აცდენილ ჯარიმათა შემდეგ კი ყიჟინა კარგა ხანს არ ცხრებოდა, რაღაი განუსწავლელმა
პუბლიკამ ჯერ ვერ იცოდა, რომ თუ ბურთი კარში გავა, თანა-მსაჯები ალამს აწევენ.
ჩვენები ღელავდნენ და გერმანიის დარად, უცხო გარემოში რაგბობდნენ, რადგან
ეროვნულზე არცკი ევარჯიშათ. მეტოქე მოსალოდნელზე ძლიერად დაგვიდგა დერეფანში,
მოლსა და რაქში. ერთადერთი ლელოც შეცდომიდან გავიდა – ნიკო იურინმა ვიზავს ბურთი
აართვა, ფეხით ორჯერ გაიგორა და ხაზს იქეთ დაეწია.
შოუ წაახდინა ზორზოხმა ფრანგმა რეფმა, ვინც ხეირს არ ცნობდა და ისე ბევრს უსტვენდა,
რომ შეტევის მეორე ფაზა სულ სამჯერ გავახერხეთ. ვცადეთ ოთხი კიკერი, იმათგან კი
კოხერმა სამჯერ ააცილა გადამწყვეტ მომენტებში. გაგვიჭირდა ბოლო მეოთხედის
დადგომისას, როცა ბურთი კიდეზე ვერ მოვიგერიეთ, მაგრამ დროზე ჩავაბით ბრძოლაში
ქავთარაშვილი და კახა კობახიძე, ვის რეიდსაც გადამწყვეტი ჯარიმა მოყვა.
ბოლოსკენ ატყდა დიდი ჩხუბი. აყალმაყალმა ოთხ წუთს გასტანა. პოლიციას ალყაში რომ
მოექცია ძირძველ მორაგბეთა ოჯახებით შევსებული ლოჟა, ფლანგები დაუცველი
დარჩენოდა და ბიჭ-ბუჭობა მოედანზე გაექცა. ესენი კრივში ისეთი გულით ჩაებნენ, თითქოს
მატჩის მონაწილეთაგან ვისმე ცემის შნო ჰქონოდათ, საზრიანმა ქასაშვილმა კი გამოსავალი
აქაც მონახა და კომისარი დააჯერა, გადაცმულმა უშიშროებამ დაიკავა ასპარეზიო.
🙂
საბოლოოდ გადავრჩით შერცხვენასაც და გავიმარჯვეთ კიდეც 14:3
შემდეგი მატჩი გველოდა დანიაში წლის ბოლო ლაშქრობაში ნაკრები 15 ნოემბერს გაყვა "ეარ
ჯორჯიას" ფრანკფურტის რეისს, რათა ავტობუსით ათასი კილომეტრი გაევლო დანიის
ოლბორგამდე, თამაში გველოდა კვირასა და პარასკევს. გუნდი ორივეში მოგებას გეგმავდა,
რათა შემდეგ სეზონში პირველ ჯგუფში ასულიყო და უკეთეს მეტოქეებთან ერაგბა.
ტურნე უმაგალითოდ ფათერაკიანი გამოვიდა. დანიაში მოთოვა, რის გამოც ხელბურთის
დარბაზშიღა ვივარჯიშეთ; სამ ჩვენებურს კედები რომ არ ჰქონდა, გაცივდა და სიცხემ აუწია.
თამაშის დღეს კლუბმა დახვეტა ასპარეზი, მაგრამ დანიის უელსელმა მწურთნელმა თავის
ბიჭები აიყოლია და კავშირის ჯინაზე, თამაში ჩაშალა, ესაო და მოედანი ალაგ-ალაგ
მოყინულიაო.
ამაზე ფრანგმა რეფმა პატაკი დაწერა. ხოლო გამრჯვება ჩვენ ჩაგვეთვალა.
ბიჭებმა რა გაიგეს, ასვლა განაღდებული გვაქვსო, თანდათან აიშვეს. ~ ჰოლანდიაში,
დაგვაბინავეს გემ სასტუმროში და ვითომც უფულობის გამო, თითო დღით მიგვაბარეს
ქვეყნის სულ სხვადასხვა ბოლოში მდებარე კლუბებს, რათა ამათ დავეპურებინეთ და
ვევარჯიშებინეთ. ამის გადამკიდე გუნდი დღის მეტს წილს ავტობუსში ატარებდა,
ამსტერდამში მიბრუნებული შინ დილითღა მილასლასდებოდა.
უფროსობამ წესრიგის დამყარება თამაშის დილას სცადა, მაგრამ დააგვიანა. სამუშაო კვირის
ბოლოს, პარასკევს მატჩი ჩვენთვის უჩვეულო დროს, საღამოს რვაზე დაიწყო. თავიდან
ყოჩაღად ვიყავით და სიცხიანი ნუგზარ ძაგნიძის ჯარიმით კიდეც დავწინაურდით, მაგრამ 25
წუთის შემდეგ წინა დღეთა თავგადასავალმა იჩინა თავი. ჰოდა, ზეზეულად რომ
ჩამოგვეძინა, სარეკორდოდ ბევრი, ცხრა ლელო გავუშვით დავმარცხდით 3:55.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები