1959 წლიდან 40 წელი გავიდა ჩვენში რაგბი განვითარდა აიამ და ლოკომოტივმა თავი მთელ საბჭოეთს დაამახსოვრეს.
1989 წელს კი… შეიქმნა ეროვნული ნაკრები და ირბ-ში გაიგზავნა აღიარების თხოვნა.
ირბ-ში შესვლით ჩავებმებოდით მსოფლიო თასში, რომლის საწყის ორ გათამაშებასაც სსრკ-მ პოლიტიკური მოტივებით უარი თქვა. მოვაწყობდით ტურნეებს, რომლებსაც იმხანად, სამოყვარულო ხანის დაისზე, ჯერაც ტურნირებზე მეტი გასავალი ჰქონდა, და საქართველოშიც ვუმასპინძლებდით უცხოელებს. ამათგან პირველი ჰორიზონტზე ჩანდა: ზიმბაბვე, რომელიც ჩრდილო ნახევარსფეროს მოვლას გეგმავდა.
აფრიკელთა მოჩანგლვა ოდენ მარიფათის საქმე იყო. საბჭოთა რაგბის ელიტა ხვდებოდა, თუ საქმე საითკენ მიგვყავდა, მაგრამ ზიმბაბვე მაინც გვეწვია და ნაკრების შექმნაც მოგვილოცა. ნაკრებისთვის ქუთაისელმა დუგლას კავთელაშვილმა და თბილისელმა თემურ ბენდიაშვილმა დაასახელეს კანდიდატები, მთავარი მწურთნელობა კი კილასონიამ ითავა.
15-ეულში რვა ქუთათური და შვიდი თბილისელი მოხვდა. გუნდი მატჩამდე სამი დღით ადრე შეიკრიბა რიონის პირად, მანამდე კი მცირედი გაუგებრობა მოხდა – შეპირებული შინდისფრის ნაცვლად, შეიკერა მუქი ლურჯი ფორმა. თუმც პრობლემა იოლად მოგვარდა – რუდოლფ რაქვიაშვილის ფაბრიკამ დაამზადა შინდისფერი საოცნებო კომპლექტი.
თამაშის დღეს, 12 სექტემბერს, გადაუღებლად წვიმდა. ქუთაისში შეიკრიბა სრულიად რაგბეთი, სპორტის ფანობა და ფართო პოლიტიკური სპექტრიც. ტესტს წინ უძღოდა ლელობურთი, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც ყოველმხრივ დააკნინა ისტორიული მოვლენა: აღმართა “საქართველოს საბჭოთა” დროშა, თუმც სტადიონზე მრავლად იყო სამფეროვანი დროშები, არც ტელევიზიით გადააცემინა მატჩი, რომელშიც საქართველოს მობურთალთა ნაკრები, პატრიოტულ ჟრიამულში, პირველად ეჯიბრებოდა უცხოეთისას.
სველი ოვალით დამბალ მინდორზე რომ ვერ გაიშლებოდა ბურთაობა, მორკინალებით დავჯაბნეთ ზიმბაბვე. ლიტველთა ჩამოყვანა ვერ მოხერხდა და მსაჯობდა გოჩა აბაშიძე. კაპიტანი ოლეგ ლიპარტელიანი პირველ ტაიმშივე დაგვემტვრა, ყველა ქულა კი ნუგზარ ძაგნიძემ მოგვიტანა.
ნაკრების ნათლობა შედგა.
საქართველო 16:3 ზიმბაბვე
ჩვენი შემადგენლობა
15 ვანო საცერაძე, 14 ალეკო ხვედელიძე, 13 ოლეგ ლიპარტელიანი [კაპ!], 12 მალხაზ ჭეიშვილი, 11 ბართლომე ხამაშურიძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე, 9 მამუკა ლოსაბერიძე / 1 ზაზა ბაკურაძე, 2 თენგიზ ტურძელაძე, 3 ბესო ლილუაშვილი 4 თამაზ ხუადე, 5 ალექსანდრე ისაკაძე 6 თამაზ ფხაკაძე, 7 გია გიუნაშვილი, 8 დათო ღუდუშაური *
მრქ: 16 კახა მაჩიტიძე 17 ოლეგ ჟორჟოლიანი, 18 ემზარ გეგუჩაძე / 19 ზვიად ლიპარტელიანი 20 თამაზ ოდიშარია 21 გელა ფირცხალავა
1 ლ: ჯგუფური (ძაგნიძე); 4ჯ: ძაგნიძე
რეფ გოჩა აბაშიძე; კიდ ბორის ზიბზიბაძე
12/09 ქუთაისი, ცენტრალური, მაყურებელი (12 ათასი)
თამაშის მიმდინარეობა (ლელო 4 ქ)
0:3(3) 3:3(5) 6:3(10) 10:3(35) / 13:3(48) 16:3(56)
ზ. გიგინეიშვილის მიხედვით, შემოკლებული, ცვლილებებით