სამწუხაროდ საქართველოსთვის რიგით მეექვსე მსოფლიო თასი წარუმატებლად დასრულდა.
2019 წელს როდესაც მიზნად 2 თამაშის მოგება გვქონდა, ეს ვერ შევძელით, შორეული იაპონიიდან 5 ქულით დავბრუნდით რომელიც ურუგვაის ბონუსით დამარცხებით მოვიპოვეთ.
მაშინ ბევრი იყო საუბარი არასწორ მომზადებაზე, გუნდის გადაღლაზე, რიგი მოთამაშეების ვარსკვლავის ჩაქრობაზე. თუმცა დღევანდელი მთავარი მწვრთნელი, მაშინ ასისტენტის როლით გახლდათ მზადებაზე. როგორც ამ მსოფლიო თასის წინ დაგვპირდა ის შეცდომები, რაც მაშინ მზადების პროცესში გვქონდა დაინახეს და გამოასწორეს.
მაგრამ შედეგები სამწუხაროდ უარესია.
მართალია პირველად ისტორიაში, ნაკრებს ამბიცია ჰქონდა ჯგუფიდან გასვლის. აქ ორი მიზეზი იყო, ბორჯღალოსნების მიერ 2022 წელს ორი დიდი გუნდის დამარცხება და მეტნაკლებად ტოლ-სწორი მეტოქეების ერთ ჯგუფში მოხვედრა. კრიზისში მყოფი ავსტრალია ფიჯისთან დამარცხდა, უელსთან განადგურდა. ჩვენთან და პორტუგალიასთან კი დამაჯერებლობა აკლდა. ფიჯი მიუხედავად დიდი წარმატებსია რაც მათთვის მეოთხედფინალია, დაუმარცხებელი ნამდვილად არ იყო. ეს გამოჩნდა ჩვენთან მატჩშიც და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიასთან. თავად პორტუგალია მებრძოლი გუნდია, თუმცა ლობუშები არაერთხელ დაგვიმარცხებია რაგბი ევროპის გათამაშებაზე. უელსი გასულ წელთან შედარებით ბევრად უკეთეს ფორმაში დაგვხვდა. თუმცა ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია ნამდვილად არ იყვნენ დაუმარცხებლები.
გაცხადებულად ორი მატჩის მოგება იყო დაგეგმილი თუმცა მივიღეთ ბოლო ადგილი ჯგუფში, არცერთი მოგება, რომელი შედეგიც “ბორჯღალოსნებს” – სადებიუტო 2003 წლის მსოფლიოს თასზე ქონდათ.
2003 წლის მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსნებს მზადების პროცესში ელემენტარული ხელშეწყობაც კი საოცნებოდ ჰქონდათ. იხილეთ 2003 წლის ქართული რაგბის მატიანე
ასეთი გაჭირვებით მომზადებულ გუნდს სადებიუტო მსოფლიო თასზე, სადაც ბევრი რამ უბრალოდ არ ვიცოდით ბევრს ვერაფერს მოვთხოვდით. მაშინ ბორჯღალოსნებმა საერთო ჩათვლაში ნამიბიას აჯობეს და მეცხრამეტე პოზიციას დასჯერდნენ.
წელს კი 20-გუნდიან მსოფლიოს თასზე ჯგუფებში ბოლო ადგილები ნამიბიამ, რუმინეთმა, საქართველომ და ჩილემ დაიკავეს. ამათ შორის მხოლოდ “ბორჯღალოსნებმა” შეძლეს ქულების მოპოვება – 3 ქულა (ფრე პორტუგალიასთან და ბონუს ქულა ფიჯისთან წაგებულ მატჩში).
საუკეთესო შედეგი საქართველოს ნაკრებს 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჰქონდა, როცა გუნდს ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი წვრთნიდა. “ბორჯღალოსნებმა” ორი შეხვედრა მოიგეს ბრიტანეთში, ტონგას და ნამიბიას აჯობეს. გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილი გაინაღდა და ავტომატურად მოიპოვა 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური, რომელზეც ისევ მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურნირზე გუნდი კლოდ სორელმა გაიყვანა, მეორეზე – მალხაზ ჭეიშვილმა, ხოლო მესამეზე – რიჩი დიქსონმა.
არის თუ არა მნიშვნელოვანი მსოფლიო თასზე წარმატებით გამოსვლა ? – დიახ.
სწორედ 2007 წლის მსოფლიო თასზე მესამე ადგილმა მოუტანა არგენტინას 4 ერში მოხვედრა.
სწორედ 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასმა მოუტანა იაპონიას ე.წ “თიერ1” წოდება.
სწორედ 2007 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის და საქართველოს თამაშებმა დაარწმუნეს რაგბის მესვეურები რომ მსოფლიო თსზე მონაწილე ქვეყნების რიცხვი 16-მდე არ შეემცირებინათ. (აღსანიშნავია რომ შემდეგ მსოფლიო თასზე უკვე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას )
2026 წლიდან მსოფლიო რაგბი გეგმავს დახურული ტურნირის დაწყებას (მინიმუმ 2030 წლამდე) სადაც ითამაშებს 12 საუკეთესო ნაკრები.
6 ერის ქვეყნები, სამხრეთულ გიგანტებს პლიუს იაპონია და ფიჯი.
აღნიშნული ტურნირი დაგვიკარგავს ტესტ-მატჩებს “ტიერ1”-ის გუნდებთან, მათთან თამაშს შევძლებთ მხოლოდ ბრიტანელი ლომების ტურნეს დროს. როდესაც “მსოფლიო ლიგა” არ გაიმართება, ან მსოფლიო თასის წინ მოსამზადებელ მატჩებზე. ეს დიდი დარტყმა იქნება მეორე დონის გუნდებისთვის. სამწუხაროა რომ მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგითაც ვერ გავიმყარებთ არგუმენტებს – ამ ტურნირის საწინააღმდეგოდ.
საქართველო მსოფლიოს თასებზე
2003: 4 თამაში – 4 მარცხი, 46:200, 1 ლელო, V ადგილი
2007: 4 თამაში – 1 მოგება, 3 მარცხი, 50:111, 5 ლელო, IV ადგილი
2011: 4 თამაში – 1 მოგება, 3 მარცხი, 48:90, 3 ლელო, IV ადგილი
2015: 4 თამაში – 2 მოგება, 2 მარცხი, 53:123, 5 ლელო, III ადგილი
2019: 4 თამაში – 1 მოგება, 3 მარცხი, 65:122, 9 ლელო, IV ადგილი
2023: 4 თამაში – 1 ფრე, 3 მარცხი, 64:113, 7 ლელო, V ადგილი
სამწუხაროა 2022 წლის შემდეგ, როდესაც ქართველი გულშემატკვრის გულებში დიდი იმედები აინთო ასეთი შედეგის მიღება. უზომოდ მტკნვეულია ეს როგორც ბორჯღალოსნებისთვის ისე მათი გულშემატკივრებისთვის.
რა იქნება გამოსავალი ???
ამ კითხვაზე პასუხს მომავალი გვიჩვენებს. ერთი რამ კი აშკარად ჩანს – გუნდის აშენება მოგვიწევს, საძირკვლიდან. აწეული თამასა სამწუხაროდ აღარ არსებობს. დროა ყველამ ხელები დაიკაპიწოს და შეუდგეს ისეთი გუნდის მშენებლობას რომელსაც ბევრად მაღლა შეეძლება ფრენა.