Exeter
ბაქსტერის ტონით
კორონიანმა ევროპამ ჰანიკენის თასის ნახევარფინალები მოილია. ჰანიკენის თასი, ევროპული რაგბის ჩემპიონთა ლიგაა. ფრანგულმა “რასინგმა” რუბენი თაუთაუს ფიჯურ სოფელ, ნასაუში დაბადებული, გაფრანგებული ვირიმი ვაკატავას ფიჯური ჯადოსნობით მოუგო ბოლო წუთზე ინგლისურ “სარასენსს” და თუკი ამას დავუმატებთ, ევროპული რაგბის უეფას თასის ანუ ჩელენჯ ქაფის, ნახევარფინალში ბრისტოლის “დათვების” ფიჯელი ვარსკვლავის, ჩვენთვის მტკივნეულად და კარგად ნაცნობი კაცის, სემი რადრადრას სასწაულებით მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას, ეჭვი შეგვეპარება გენეტიკოსების, მგონი 2000 წლამდე, ურყევ პოსტულატში – გენი ლეიკოციტების ნამრავლია სისხლში და იქ კონკრეტულ ნიჭს არსად გადავყრივართო!
მეორე ნახევარფინალი კი ინგლისში იყო. Exeter-ის “ბელადები”, სახლში, სანდეი პარკზე მასპინძლობდნენ საფრანგეთის ჩემპიონატის და დღევანდელი ევროპის ყველაზე ლამაზად მორაგბე გუნდს – სახელოვან და უკანასკნელ წლებში მრისახანება დაკარგულ “ტულუზას”, ბოლო ხანს ძველმა ტულუზელმა რაგბისტმა უგო მოლამ რომ ჩაიბარა და იმ სილამაზით და სილაღით აათამაშა, რომელიც ასე უყვართ ფრანგებს და რომელსაც შამპან რაგბის ეძახიან.
ექსეტერი პატარა და ლამაზი ქალაქია, სიმწვანეში ჩამალული თეთრი სახლებით. “სანდეი პარკი” იმ გზიდან – რომელიც მე 2015 წელს ფეხით გავიარე, საქართველო-ნამიბიის ყველა ჩვენთაგანისთვის, ცნობილი და სანერვიულო თამაშის სანახავად – თითქმის არ ჩანს, ხეებშია დაფლული და ამ სიმწვანეში ლითონის თეთრი ხიდი იჭრება.
კლუბის ისტორია, რაგბის დაბადების და განვითარების და თანამედროვე მსოფლიოს კომიკურობის ისტორიაა – დაარსდა 1871 წელს, 1990 წლიდან სამოყვარულოდან ნახევრად პროფესიულად იქცა, “ბელადები” 1999 წელს დაირქვა და ლოგოზე ბუმბულების გვირგივიანი ოქროსფერი, მკაცრსახა და ცხვირკაუჭა ინდიელი ამოიქარგა, რის გამოც 2016 წელს მსოფლიომ თითი დააქნია, მაგათ გულშემატკივრებს ხელში სათამაშო ტომაჰავკები რომ უჭირავთ, თავზე კი ბუმბულებიანი გვირგვინები ახურავთ, ეგ “ამერიკული მკვიდრი მოსახლეობის” დაცინვას ჰგავსო! ზელანდიურ “ქრუზეიდერსაც” ხომ ეგრე უტევდნენ, ჯვაროსნები ცუდი ხალხი იყო და ამიტომ სახელი გადაირქვითო!
და ამას ის მსოფლიო ამბობს, რომელმაც ისრაელ ფალაუ, მხოლოდ საკუთარი, საჯაროდ გამოთქმული აზრისთვის, დაუნანებლად მოკვეთა რაგბიდან!
მაგრამ, მივუბრუნდეთ Exeter-ის “ბელადებს”. ამ გუნდის შესახებ პირველად შევარდენის სარაგბო ბაზაზე გავიგე, საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების მაშინდელი მთავარი მწვრთვნელის, გლოსტერის ლეგენდარული მოთამაშის და საშუალო სპეციალისტის (რომლისგანაც ბევრი რამე ვისწავლე და რომელზეც ალბათ, როგორმე მოვყვები კიდეც) იან სმიტისგან, ესენი ახალი ამოსულები არიან ინგლისის უმაღლეს ლიგაში და ყოველ წელს უკეთ და უკეთ თამაშობენო!
Exeter-ის
Exeter Chiefs
იმ გუნდიდან მხოლოდ სმიტის ეს ფრაზა და ფორმა დამამახსოვრდა – ვარდისფერი მაისურები ეცვათ.
და ახლა როდესაც ეს კლუბი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდად ითვლება, მე კი უკან ვიხედები, ვხვდები რომ, მაშინ შევარდენზე ორი მთავარი რამე ჩამრჩენია გონებაში – ნელი, აუჩქარებელი წინ სვლა და ვარდისფერი.
“ბელადების” გაბელადება ერთი ადამიანის სახელს უკავშირდება:
რობ ბაქსტერი. ამ კაცის ბიოგრაფია მოკლე და ერთგულია: თოთხმეტი წელი თამაშობდა Exeter -ში, ათი წელი ამ გუნდის კაპიტანი იყო, როდესაც თამაში დაამთავრა, ექსეტერის უნივერსიტეტის გუნდის შერკინების მწვრთნელი გახდა, ასე ამოაბიჯა, დიდი გუნდის მთავარ მწვრთნელობამდე, რამდენიმე წელი ცხრილის შუაგული ტკეპნა და 2015 წლიდან ბელადები ქვეყნის ჩემპიონობის მთავარ კონკურენტად და ერთ-ერთ ყველზე რთულად მოსაგებ გუნდად აქცია.
ამ კაცის რაგბისადმი მიდგომა, მისი სახელის გაგებამდე შევიტყვე ჩვენი ეროვნული ნაკრების მოთამაშის, ლაშა ჯაიანისგან. რაგბისტებს ამბების მოყოლა გვიყვარს და გვეხერხება კიდეც, მაგრამ ლაშას მონაყოლი მაინც ცოტა სხვა იყო, ამ ახალგაზრდა კაცმა ხომ ის შეძლო, რაც ძალიან რთულია და ერთეულებს შეუძლიათ, ექსეტერში ჩასულმა, თან ისწავლა და დაასრულა იქაური უნივერსიტეტი უცხო ენაზე და თან უნივერსიტეტის პირველ გუნდშიც ითამაშა.
ჰოდა, ბაქსტერის მთავარი სარაგბო ფილოსოფია ლაშას გუნდში მკაცრად, ყველანაირი განხილვების გარეშე დადგენილი წესებით მოვიდა ჩემამდე: ჩვენ აუტში ბურთს არ ვურტყამთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ყველაზე მაგრად უნდა ვიყოთ და ვერავინ ვერ უნდა დაგვღალოსო! ლაშამ კიდევ ბევრი საინტერესო რამე მოყვა, რა სისტემით თამაშობენ დაცვას, როგორ უტევენ, როგორი აქვთ დარტყმა-ახურვის სტრატეგია და ის, რომ დიდი გუნდისთვის მთავარი ინგლისის ჩემპიონატია და რომ ევროპულ თასებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.
სამი თუ ოთხი წლის წინ იყო ეგ ამბავი.
წელს კი როდესაც ისევ ვკითხე ლაშას, შენი ყოფილი გუნდი ინგლისში კვლავ პირველია და ჰანიკენს რატომ არ უმიზნებენ-მეთქი?
არა წელს ორივე უნდათო! მიპასუხა და აი, სწორედ მანდ გამახსენდა წლების წინ იან სმიტის ნათქვამი სიტყვები, ეგენი წლიდან-წლამდე უმატებენო!
გამახსენდა, როგორ თანდათან გაქრა, “გამაშებში” ჩაიწრიტა ახალგაზრდა “ბელადების” მაისურიდან ვარდისფერი, როგორ იქცა მელნისფრად და თეთრთან ნაზავში როგორ დაიკრა მათმა ახალმა ფორმამ ოდნავ რუხი, უფრო კი ლითონისფერი, ვარდისფერის გაქრობასთან ერთად, როგორ თანდათან გამოშრა, გამკაცრდა, რკინასავით გამოიწრთო გუნდის სათამაშო სტილი, გამახსენდა წელს ნაკორონარზე როგორ აგებდნენ სამოცდაათი წუთი, ცარიელ და ჩუმ სტადიონზე ნორსჰემპტონის “წმინდანებთან”, სწორედ იმიტომ რომ ჯიუტად არ ცვლიდნენ სათამაშო სტრატეგიას, ბურთს აუტში არ ურტყამდნენ და როგორ მოუგეს ბოლოში, ისიც გამახსენდა, როგორ მშვიდად, აუღელვებლად პასუხობდა თითქოს უკვე წაგებული თამაშის დროს ჟურნალისტებს რობ ბაქსტერი, ესა და ეს არ გამოგვდის ჯერ და ამიტომ ვართ უკანო. დრო კი უკვე ცხენივით გარბოდა.
გამახსენდა სტატისტიკა, რომელიც ამბობს, რომ თუკი “ბელადები” შენს ოცდაორმეტრიან ზონაში შემოვიდნენ, ოთხიდან სამჯერ ქულას აიღებენ და რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი ქულა აქვს გაკეთებული ბოლო წუთებში და ამიტომ, როდესაც დღეს ულამაზესად მოთამაშე ტულუზამ პირველი ოცდახუთი წუთი თავბრუ დაახვია გასვლაზე “ბელადებს”, რობ ბაქსტერმა კი საშინალდ დაწყებული ნახევარფინალის დროს, ისე მშვიდად და აუღელვებლად ილაპარაკა თითქოს საკუთარი კლუბის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან, ისტორიულ თამაშს კი არა, ვიღაცა უცხო გუნდის მატჩს უყურებდა ტელევიზორში, მართალია ცუდად დავიწყეთ და ჯერ-ჯერობით ვაგებთ, მაგრამ ნელ-ნელა შევდივართ თამაშშიო! მივხვდი თუ რამხელა შრომა და იმედი იყო ჩადებული და რამხელა რწმენა იმალებოდა ამ ინგლისურად აუღელვებელი კაცის, მშვიდ ტონში და რომ სწორედ ეს ტონი არის მისი გუნდის მარტივი, ულმობელი და მახრჩობელა გველივით მომლოდინე სათამაშო სტრატეგია.
რადგან დღეს მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ექსეტერი თავისი ოცდაორიდან არასოდეს დაარტყამს აუტში, არასოდეს დაარტყამს გრძელ ბურთს, რაქს დააგვირაბებს, ცხრა ნომრიდან მაღლა აწევს აბრაგანს და გამოჰყვება, რომ წაგართვას, თავისუფლად არ დაგითმოს ბურთი და რომც დაიჩაგროს ამ კომპონენტში, მოკვდება, მაგრამ არაფერს შეცვლის და ინდიელების გამონათქვამის არ იყოს – იჯექი წყლის პირას და ადრე თუ გვიან ის აუცილებლად ჩამოატარებს შენი მტრის გვამსო! – ბოლომდე დაელოდება საკუთარ შანსს, რომ შენს ოცდაორში შემოაღწიოს, სადაც ასევე ყველამ იცის, რომ ჯარიმას აუტში არ დაარტყამს, გაათამაშებს და თავისი ჰუკერით, კალენ დიკით და შერკინებით (რომელზე დაბლაც კონტაქტში ვერავინ ჩადის, რადგან უფრო დაბლა – ქვესკნელია) შემოგიტევს მოკლე-მოკლე დარტყმებით და იქამდე გაჩაქუჩებს, სანამ ლელოს გაგიტანს! და ეს ყველაფერი იმიტომ რომ, არსად ეჩქარება, იმიტომ რომ ბოლომდე სწამს იმისი რასაც აკეთებს, იმიტომ რომ ასე მოვიდა აქამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერ ქვედა ლიგების ჯურღმულიდან ამოცოცდა, მერე ცხრილის შუაგული თელა, მერე ინგლისს შემოადგა თავისი ოქროსფერბუმბულებიანი, უკვე თითქმის გამქრალი ხალხის გვირგვინი და მხოლოდ ამის შემდეგღა გახედა ევროპას იმ კაცის აუღელვებელი, კალკულატორივით ზუსტი და ცივი თვალებით, რომლის ხმაც მუდამ მშვიდია.
უკვე ვთქვი, რომ ტულუზამ დღეს სასწაულად ირაგბა, დახარჯა და ააფეთქა ყველაფერი რისი აფეთქებაც თანამედროვე შეტევაში შეიძლება, “ბელადებმა” კი ფრანგების ულამაზეს ლელოებს ჩვეულად, ბაქსტერის ტონით უპასუხეს (რომლის გამოც პირველი ოფლოუდის უფლება სამოცდამეშვიდე წუთზე მისცეს თავს, თორემ მანამდე არც ერთ ექსეტერის ფრთას არ გაურისკავს ტულუზელებივით აუტის ხაზთან ახლოს მისვლა) ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდნენ და კიდევ ერთხელ დასვეს მარადიული და მარადიულად უპასუხო კითხვა – შამპანი თუ რკინა?
გაეცანი სხვა საინტერესო სტატიას ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი კაცი
გამოგვყვევი ინსტაგრამზე georgian.rugby.supporters