ქართველებს გვაქვს გამოთქმა – “ურემი რომ გადაბრუნდება გზა შემდეგ გამოჩნდებაო”
აქ რა შუაშია ეს გამონათქვამიო ალბათ დაგებადათ კითხვა. შუაში კი არა თავშია. საქმე ის არის რომ ჩვენი სარაგბო ურემი ჯერ კიდევ 2018 წელს აყირავდა, თუმცა ჩვენ გზა ვერ დავინახეთ.
ბევრი სარაგბო ექსპერტი კი ‘ურემის’ რყევებს ჯერ კიდევ 2016 წელს გრძნობდა. თუმცა 2016 წელს იმდენად წარმატებული სეზონი ჰქონდა ნაკრებს, როგორ გინდა შეგემჩნია ეს ყველაფერი. 2017 წელს რუმინეთმა სერიოზულად შეგვაჯანჯღარა, მაგრამ მაშინაც ვერ მივაქციეთ სათანადო ყურადღება პრობლემებს. აი 2018 წელი კი ნამდვილად უნდა გამხდარიყო თვალის ამხილავი ჩვენთვის. ფიჯელებმაც და იაპონელებმაც ბრწყინვალედ გვაჩვენეს სად გვიჭირდა. თუმცა წელიწადნახევრის შემდეგ, ჩვენდა სამწუხაროდ ვერაფერი გამოვასწორეთ. შოტლანდიური გაკვეთილები კი (მსოფლიოს წინა მოსამზადებელი) ძალიან დაგვიანებული იყო. ალბათ უფრო სარკეში ჩაგვახედეს ნარშავებმა…. და გვაგრძნობინეს თქვენი სამწვრთნელო შტაბი გადაჭარბებულ მოლოდინებს გიქმნით-ო.
რეალურად ჩვენი მიზანი 2 თამაშის მოგება ნებისმიერი ხერხით და 2 მატჩში კარგი რაგბის ჩვენება უნდა ყოფილიყო. 2015 წლისაგან განსხვავებით ეს ბევრად რთული იყო.
- ცუდი კალენდარი. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისათვის მოკლე დასასვენებელი პერიოდი
- 2019 წლის ფიჯი ბევრად უკეთესი გუნდია ვიდრე 2015 წლის ტონგა. მათ პოზიციების უმეტესობაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ყავთ. მათი დიდი ნაწილი კი ძალიან კარგ ფორმაშია.
- 2015 წლის მსოფლიო თასს ჩვენი ნაკრების ლიდერები შეხვდნენ შესანიშნავ სპორტულ ფორმაში: ზირაქაშვილი, გორგოძე, კვირიკაშვილი, კაჭარავა, ნარიაშვილი. ასევე იმედისმოცემი ახალგაზრდების კარგი სათამაშო ფორმა – შარიქაძე, მჭედლიძე, ლობჟანიძე.
- ურუგვაი უკეთესი გუნდია ვიდრე ნამბია. შესაძლოა მათ შორის სხვაობა მცირეა, თუმცა სამხრეთ ამერიკელები წინ დგანან ნამიბიაზე.
- 2019 წლის მსოფლიო თასს გუნდის ლიდერები ვერ შეხვდენენ საუკეთესო სპორტულ ფორმაში
ამ ყველაფრის გადალახვა უფრო რთული იქნებოდა… შესაბამისად 2019 წლის მსოფლიო თასზე ორი მატჩის მოგება ქართული რაგბის ახალ საფეხურზე ასვლის მანიშნებელი იქნებოდა – და არა თუნდაც წინა მსოფლიო თასის შედეგის გამეორება. თუმცა ჩვენ ეს ვერ შევძელით.
მიზეზები მრავლად არის. თუნდაც ის პრობლემები რაც 2017/18 წლებში გამოიკვეთა დროულად რომ აღმოგვეფხვრა ვინ იცის…
ყველა იმ პრობლემას შორის რაც წლების წინ შეიარაღებული შემდეგ კი შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა გამოვყოთ მხოლოდ ერთი –
სათამაშო სტილი – ამ მსოფლიო თასზე შეტევაში ბორჯღალოსნები ძალზედ უსახურად გამოიყურებოდნენ, არ ჩანდა არანაირი დამუშავებული კომბინაცია. ჩვენი თამაში სრულად აგებული იყო მარტივ და ადვილად გაშიფვრად სათამაშო ტაქტიკაზე. ბურთის მოცილება, მეტოქის ნახევარზე გადაკიდება და იქ მათი შეცდომის იმედად ყოფნა. ან მეტოქის დაცვის ხაზში უცაბედად (არა სათამაშო უპირატესობით) გაჩენილ ღრიჭოში შეძრომა. როდესაც ბურთი დიდხანს გვქონდა ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა არ ვიცოდით მისთვის რა მოგვეხერხებინა.
ამ სათამაშო სტილზე გუნდი დიდი ხანია გადაერთო – ამ ყველაფრის მიზეზი კომპაქტურია. თუმცა ერთ-ერთი რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩვენს ახლო წარსულს უკავშირდება. 2013-2015 წლებში ჩვენს შერკინებას ფრანგი დიდიე ბესი წვრთნიდა, მისი წასვლის შემდეგ ინერციით დაახლოებით წელიწადნახევარი ჩვენი შერკინება კვლავ ინარჩუნებდა დომინანტურ პოზიციას მსოფლიოში. თუ წარსულს გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი შერკინება ერთა თასზე იყო დომინანტი. მსოფლიო თასებზე (სადაც გვიწევდა მაღალი დონის გუნდებთან თამაში) და შემდეგ ტესტ მატჩებზე (2010 წლის შემდეგ) ბორჯღალოსანთა შერკინება, სულაც არ იყო მონსტრი. დიდი ბესის გუნდში მოსვლის დღიდან კი ჩვენი შერკინება მალე ძალიან ძლიერი ხდება. არათუ ჩვენზე სუსტ, არამედ ბევრად ძლიერ მეტოქეებს თავბედს ვაწყევლინებთ შერკინების სტატიკურ ფაზაში – კერძოდ მიწოლაში. ამავდროულად (2013-2015 წწ) ბორჯღალოსნები აუმჯობესებნ დაცვაში თამაშს.
მსგავსი სათამაშო კომპონენტების დახვეწის შემდეგ საქართველოს ნაკრები მაქსიმალურად იყენებს მათ ყველა მატჩში. ძალიან დიდი უპირატესობის გამო ქართველი მორაგბეები შერკინებიდან ბურთის სწრაფად გამოტანაზე არ მუშაობენ. სათამაშო სქემების უმეტესობა მთლიანად მორგებულია მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანაში. იქ დაცვის მხრიდან წნეხის გაზრდაში, რაც ზრდის მოწინააღმდეგის მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობას. აქ უკვე საქმეში შერკინება ერთვება. საბოლოოდ მეტოქე იჩეჩქვება, იღლება და ხაზმაც უნდა მოახერხოს გალაღება.
დგება ქართული შერკინებს ოქროს ხანა ( 2014 – 2017 წლები ). ჩვენი ნაკრები შერკინებით აღწევს ძალიან დიდი წარმატებებს. მოთამაშეთა ფსიქოლოგიაში შერკინებით უპირატესობის მიღწევა მნიშვნელოვანი ხდება. პარალელურად სათამაშო სტილიც ერგება ჩვენს შერკინებას. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ პრობლემაც ჩნდება – ჩვენ არ გვაქვს სამოქმედო გეგმა “ბ”. თუკი ჩვენი შერკინება ვერ იმუშავებს.
ამ სათამაშო სტილმა / სქემამ არაერთი წარმატება მოგვიტანა. თუნდაც 2015 წლის მსოფლიო თასზე 12-ეულში მოხვედრა, წარმატებული ზაფხულის ტურნე კუნძულებზე (2016წ)
თუმცა რა შეიძლება დაემართოს მსგავსი სათამაშო სტილით მობურთალ ნაკრებს?
– შერკინებაში ზოგიერთი მოთამაშე ფორმაში ვერ იქნება? თუ მეტოქე სპეციალურად, განსაკუთრებულად მოემზადება შენთან შესარკინებლად. როდესაც მეტოქე აქეთ მოგაწვება? ასევე დაცვას პრობლემები გაუჩნდება მიზეზთა გამო და ის საიმედო აღარ იქნება ? – აი ეს კითხვები დაგვისვა 2018 წელმა. მკაფიოდ…
ჩვენ კი პასუხებით 2019 წლის მსოფლიოზე წარვსდექით. უფრო სწორად პასუხი საერთოდ ვერ გავეცით ამ კითხვებს. მსოფლიო თასმა კიდევ ცალკე- თვალნათლივ დაგვანახა სად გვიჭრს და რა გვიჭირს.
ბორჯღალოსანთა ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებელი მსოფლიო თასებზე
მიღებული ლელოები 2019 წლის მსოფლიო თასზე 18.
2003 წ – 28 ლელო / 2007 წ – 15 ლელო / 2011 წ – 9 ლელო / 2015 წ – 16 ლელო
გატანილი ლელოები 2019 წლის მსოფლიო თასზე 9
2003 წ – 1ლელო / 2007 წ – 5 ლელო / 2011 წ – 3 ლელო / 2015 წ – 5 ლელო
სტატისტიკა დაცვაში პრობლემებს კი გვიჩვენებს, თუმცა მიუხედავად ჩვენს სათამაშო სტილში შეტევითი პოტენციალის მკვეთრი ნაკლებობისა 9 ლელო მომავლის იმედს მაინც გვაძლევს. მიუხედავად წლევანდელი წარუმატებლობის.
ჩვენი სარაგბო ურემი არათუ გადაბრუნდა – გვარიანად მოიშალა კიდეც. ამიტომაც სწრაფი ტემპებით წინ სვლა და სწორ განვითარებაზე ზრუნვა გვმართებს.
ჩვენ უნდა დავიწყოთ რაგბის თამაში. თამაში და კიდევ თამაში. ვიზრუნოთ ჩვენს ძალისმიერი კომპონენტების გამოსწორება / აღდეგნაზე. თუმცა აუცილებელი არის ბურთით თამაში და არა უბურთოდ სირბილი.