ბადიდას და თენგო ბიჭოს ძველი ტელევიზორი და მფრინავი ფიჯელი
მამაჩემის და, მარინა და მისი ქმარი თენგო ფალავანდიშვილი რაგბის ძველი გულშემატკივრები არიან, ჯერ კიდევ იმ დროის როდესაც რაგბის თამაში გასვენებას ჰგავდა, მხოლოდ მეგობრები და ნათესავები რომ ესწრებოდნენ.
მამიდას მე და ჩემი ძმა ბავშვობიდან “ბადიდას” ვეძახით, თენგოს კი “თენგო ბიჭოს”, საიდან მოდის ეს მეტსახელი არ ვიცი, ბავშვური ენა უცნაური რამეა, მაგრამ თენგოს კი ძალიან უხდება, დღემდე ბიჭივითაა – თხელი, მოძრავი, მოუსვენარი. ამას წინათ, მანქანით მივდიოდით სადღაც, გვეჩქარებოდა, როდესაც მითხრა გამიჩერე აფთიაქში რაღაცა უნდა ვიყიდოო, გადავიდა და სამოცდაათს მიტანებული, ბიჭის სიმსუბუქით შეხტა მეტრიან ქვის ბორდიურზე.
ჰოდა, ბადიდას და თენგო ბიჭოს სახლი ყოველთვის ჩვენი მეორე სახლი იყო, უფრო სწორად მიუხედავად იმისა რომ ჩვენ სადგურზე ვცხოვრობდით ისინი კი საბურთალოზე, მე დღემდე არ ვიცი სად მთავრდება ჩვენი სახლი და სად იწყება იმათი.
საბურთალოს ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ჩემს ბავშობაში კი, როდესაც ინტერნეტი სადღაც შორს, ოკეანეებს იქით იდგამდა ფეხს, ხოლო ჩვენს სიძესთან, მამუკასთან მისვლა და მის პენტიუმზე “ვორკრაფტ 2”-ის თამაში დღესასწაული იყო, რაგბის მარტო “მეშვიდე არხი” აჩვენებდა, ისიც მოპარულს, “Star Sport”-ს იჭერდნენ საიდანღაც.
“მეშვიდე არხს” მხოლოდ საბურთალო იჭერდა და მე, ჩემი ძმა, ჩემი ოქორსუბნელი რაგბისტი ძმაკაცები და მწვრთნელები ლამის ყოველ კვირა დავყავდით მამას ბადიდასთან და თენგო ბიჭოსთან.
ეგრე გემრიელად მე რაგბი აღარსად მიყურებია, როდესაც ციცქნა ოთახში შეყუჟულები ვუცქერდით ნოემბრის ტესტებს, ზე-12ს, ხუთ ერს, გვერდით ოთახში ბადიდა ამეცადინებდა ინგლისურში მოწაფეს და იქიდან შემოსული მისი ხმის, სიგარეტის სუნის და ინგლისელი კომენტატორის სიტყვებთან ერთად ჩვენს ოქროსუბნულ ნაცრისფერ დანიან და სროლებიან სამყაროში ერთი-მეორის მიყოლებით შემოდიოდნენ მაშინდელი სარაგბო სამყაროს ვარსკვლავები.
ვინ აღარ მოსულა ბადიდასა და თენო ბიჭოს ტელევიზორიდან: ჯერ კიდევ ახალგაზრდა და თხელი ბრაიან ოდრისკოლი სამი ლელო რომ გაუტანა გასვლაზე საფრანგთს, რითაც მსოფლიოს ახალი ვარკვლავის დაბადება ამცნო, მორტალ კომბატის ჯექსის მკლავებიანი ჯერი კოლინზი, დრედებიანი მააა ნონუ, ეშლი კუპერზე ხომ აქამდეც დავწერე.
ახლა რომ ვფიქრობ ყველაზე მაგარი რაღაცეები სწორედ იმ ტელევიზორში მაქვს ნანახი: 2003 წლის ინგლისის დიდი გუნდის აგურ-აგურ შენება და ამ მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა, როდესაც ინგლისი ნოემბრის ტესტებში 16-3 უგებდა ახალ ზელანდიას, საბოლოოდ კი 23-23 დაუმთავრა, ფრაზებიც კი მახსოვს მაგ თამაშის შესახებ მეორე დღეს დაწერილი საგაზეთო სტატიიდან “ჩია რიისი ვეება ლომუზე მივიდა”, “ასე დასდევდნენ ქალენს”, “ასე ბოჭავდნენ ლომუს”. აქვე ვნახე 1999 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალი ავსტრალია-სამხრეთ-აფრიკა, როცა შეუჩერებელ ტიმ ჰორანს გაჭრილზე ისუტ ვან დერ ვესთხოიზენი დახვდა უკანასკნელ ზღუდედ და ჩვეული თავზეხელაღებული ბოჭვით მოწყვიტა მიწას, მერე კი დამატებით დროში ლარქემმა დაკრა ის თავისი სასწაული არეკნი…
რომ გავყვე ვერ დავამთავრებ და მართალია რაღაცეები უკვე გადღაბნა დავიწყების ლიბრმა, მაგრამ აი, ფიჯელი რუპენი თაუთაუნიბუკას გამოჩენა დღესავით მახოსვს: მრისხანე “ბრამბიზი” რომ ეთამაშებოდა წლების განმავლობაში სუსტ “ოქლენდ ბლუზს” და უცებ ვიღაცა ბრინჯაოსფერმა ჯანიანმა კაცმა ჩაიგდო ბურთი ხელში და იქ ამბავი დატრიალდა?! დღემდე საუკეთესოებად მიჩნეული ავსტრალიის ნაკრების ვარსკვლავები – გრეგანი, ლარქემი, როფი ისე დაფრინავდნენ აქეთ-იქით ფოთოლცვენა გეგონებოდა.
მსოფლიომაც შეამჩნია ეს კაცი და ძალიან გაიხარა, როდესაც გაიგო, რომ ზელანდიის ნაკრებში ვერ ითამაშებდა, რადგან რუპენიმ 2003 წლის მსოფლიო თასზევე დაისაკუთრა “მფრინავი ფიჯელის” მეტსახელი, როდესაც ჯერ საფრანგეთს გაუტანა სასწაული ლელო, მერე კი შოტლანდიას მოევლინა ღამის კოშმარად და ფიჯიზე ბუას პროვინციის მშობლოურ სოფელ ნასაუში მამამისს აუშენა სახლი, რომელსაც მისი იმდორინდელი კლუბის “ოქლენდ ბლუზის” საპატივცემულოდ ოქლენდი დაარქვა.
მალევე წაიყვანეს, რა თქმა უნდა იქ სადაც ყველზე დიდი ფული აქვთ და ყველაზე უკეთ იციან ქართველი პირველხაზელის და ფიჯელი უკანახაზელის ფასი – საფრანგეთში, 2004 წელს მოაწერა ხელი კონტრაქტს აჟენთან, დღეში ათასი დოლარი დაენიშნა ხელფასი და გასუქება დაიწყო, ისედაც მორივით ფეხები, ხელები და კისერი კიდევ უფრო დაუმსხვილდა მუცელზე კი ღიპი ამოეზარდა, მაგრამ არც სიჩქარე დაუკარგავს და არც სისხარტე.
ჩემი გუნდელი გურამა კავთიძე მოხვდა აჟენში და ის მიყვებოდა: სპორტდარბაზში საერთოდ არ შემოდის, არც ტესტს აბარებს და არც სასწორზე დგება, ეგეთ დროს სულ რაღაცას იტკიებს, იმხელაა და იმხელა ღიპი აქვს, ხელს ვერ შემოაწვდენ, შანსი არ არის რომ თამაშზე დაგეჯახოს, ყველაფერის იზამს ასარიდებლად, დასაფინტად, მაგრამ თუ კონტაქტი დაგარტყა ფეხზე არ დაგტოვებსო.
როგორც ამბობენ ბოლოს საერთოდ აღარ ვარჯიშობდა და მაინც ძალიან სწრაფი და სხარტი იყოო. დაემუქრებოდნენ გაგაგდებთო, ეტყოდა ოცი წუთი მათამაშეთ სამ ლელოს გავიტანო, გატიანდა და მერე დადგებოდა ჯორივითო.
კიდევ, სიცივეს ვერ იტანდა და თუკი ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქებში უწევდათ გასვლა ყველაფერს აკეთებდა რომ არ ეთამაშაო.
ეგ ფიჯური სენია. დელასაუ იყო ეგეთი ფიჯელი რაგბისტი, ფრანგები იძახდნენ ერთი-ერთზე მსოფლიოში ვერავინ დაჯაბნისო, მაგრამ სიცივე არ უყვარდა და უეინ კოტერთან იყო ფრანგულ “კლერმონში”. კოტერთან ყოფნა კი იოლი არ არის.
ერთიცაა და გასვლა აქვთ რომელიღაცა ცივ ქალაქში, რომ მოლასლასდა ეს დელასაუ, გუშინ კისერი გამეჭიმა ძილში, ტკივილი წელამდე ჩამდის და ვერ ვიხრებიო.
კარგიო, კოტერმა, ცოტა ხანში გვერდით მიუჯდა და სთხოვა, ვხედავ ახალი ტელეფონი გიყიდია და იქნებ მანახოო, ამანაც, ინებეთ მწვრთნელოო, შეათვალიერა კოტრმა ტელეფონი, გაუვარდა ხელიდან, წამში კატასავით მოქნილად ქცეულმა დელასაუმ კი ჰაერშივე დაიჭირა ახლადნაყიდი ნივთი და ექვსი თვით დაემშივოდბა მოედანს.
მაგრამ მფრინავი ფიჯელის და ქვისსახა ზელანდიელის გზები სამწუხაროდ არ გადაიკვეთა. რუპენიც აგრძელბდა გასუქებას, მისი უცნაურობები კი თანდათან სცდებოდა ყველანაირ საზღვარს. როგორც ამბობენ გადაკარგვები და ნასუში გადაფრენები ადრეც უყვარდა, მაგრამ ეგ სეზონამდე ხდებოდაო, ახლა კი საფრანგეთის ჩემპიონატის დროს ორჯერ არ მოვიდა თამაშზე, რის შემდეგაც კლუბმა ფიჯიზე თავის სოფელში მიაკვლია, თევზაობდაო. ნასაუში კი ასფალტის გზა არ მიდისო. იმასაც ამბობენ იქ ჩასულ ფრანგებს ისე ჩაუარა ვითომც არაფერი და ფიჯური ღიმილიანი მისალმების შემდეგ საკუთარ ქოხში გაუჩინარდაო.
მაინც დააბრუნეს, იმიტომ რომ რაც მაგას შეეძლო ის ფიჯიზეც კი იშვიათი იყო.
მაგრამ არაფერმა გაჭრა, რუპენი იქამდე აგრძელებდა გაპარვებს, დამალვებს, დაგვიანებით ჩამოსვლებს და გასაუქებებს სანამ გამოაგდეს, საფრანგეთიდანაც და ფიჯის ნაკრებიდანაც. დაგროვილი ფული მალევე შემოეხარჯა და როდესაც ნასაუში დაბრუნებული ერთ წამში იქცა მდიდარი მსოფლიო ვარსკვლავისგან ფიჯელ მეთევზე-გლეხად, მაშინღა დაფაცრუდა, აბა სხვა რა უნდა ექანა, სკოლას ეგ ვერ გახსინდა და უნივერსიტეტს. მაგრამ გვიანი იყო.
ბოლოს შეფერთხილი, დაბერებული და სიჩქარედაკარგული ვნახე ზელანდიის შიდა ჩემპიონატის რომელიღაცა გუნდში, ძალიან ცდილობდა კარგად ეთამაშა და როცა ვიღაცა ახალგაზრდა სამოელმა ფრთამ მისივე ფინტით გააქვავა ადგილზე, მაინც შემეცოდა.
ახლა ნასაუშია, ამას წინათ ფოტოს მოვკარი თვალი: რაგბისტ შვილზე, პატარა, ბრინჯაოსფერ, თეთრკბილა და კაჟივით ბიჭზე ხელგადახვეული დგას, იღიმის და შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ მაგ ღიმილში სიხარულთან და იმედთან ერთად სევდაც არი, შვილზე ხომ ამბობენ მამასავით ნიჭიერიაო!
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები