2009 წელი რაგბის 50 წლის იუბილე და მოგებულე ერთა თასი, რომელიც 2010 წელს გაირკვა, რომ თურმე მოგვიგია. (2 წლიანი ციკლი 1 წლიანი გახდა, ჯამში ჩვენ ვიგებდით გაყოფის შემდეგ 2009 ში ჩვენ ვიჩემპიონეთ, 2010 ში რუმინეთმა.)
პირველმა მეტოქემ, ელიტაში ამოსულმა გერმანიამ ეროვნული რაგბის სულიერ ცენტრში, საუნივერსიტეტო ქალაქ ჰაიდელბერგში მიგვიღო, მაგრამ ბავარიის ქართველობა სალაშქროდ კარგა ხანია ემზადებოდა და ბიჭებს, ლამის იყო, თავი შინ აგრძნობინა. – მამუკა გორგოძე შერკინების შემკვრელად, მერაბ კვირიკაშვილი კი 15 ნომერზე დადგნენ.
გერმანიამ ეთნიკურად ჭრელი ბუნდეს-ნაკრები გამოგვიყვანა: პირველი ლელო დაგვიდეს და ერთი-ორჯერაც სახიფათოდ შემოგვიტიეს, მაგრამ რომ მოატანა ბოლო მეოთხედმა და იმათი მოყვარულები დაიქანცნენ, ჩვენმა პროფესიონალებმა მანამდე შეტანილ სამს სამიც მოაყოლეს. დასაბამიდან მე-300 ლელო დავით კაჭარავას ანგარიშზეა. 38:5
ლობუშს დავუჯაბნეთ შერკინება, მაგრამ ახალი მოძღვრის ხელში ფორვარდებს დაავიწყდათ ანბანური ჭეშმარიტება, რომ ბურთი გაქანებულებს უნდა აეღოთ და არა დამდგრებს. გვაწყინა წესთა ცვლამაც: რაც ირბ-მა ბურთიანის წაქცევით მოლის შეჩერება დაუშვა, ხელიდან მძლავრი იარაღი გამოგვეცალა, სანაცვლო კი უცხოელებმა ვერაფერი გვასწავლეს. ვერც ბეკებმა იბურთავეს ავსტრალიურად, რაღაი ბიჭებს აკლდათ სიმარდე, ტექნიკა, ალღო და სწორი გეზი, და სტრატეგიაშიც ჩავიჭერით – როცა ანგარიში თანაბარი იყო ან ცოტათი ვაგებდით, დასარტყამი ჯარიმები კარში არ დავკარით.
საწყის მეოთხედში ლუზიტანებმა წითელ ზოლშიღა გაგვიჩერეს აქვსენტ გიორგაძე, გორგოძე და ილია ზედგინიძე, გიორგი შკინინმა, გია ლაბაძემ და გიორგი ჩხაიძემ კი ლელოში შეტანილი ოვალი ჭიდილში ვეღარ დაამიწეს. ვერ გაგვიმართლა გორგოძის 8 ნომრად დაყენებამაც: მამუკა მარტო-კაცურად ეძალებოდა, გუნდელები კი უცქერდნენ. ტაიმთა ბოლოსკენ პორტუგალიას ლელოს გატანის თითო შანსი მიეცა და ორივე გამოიყენა: ჯერ კებრალმა კარის პირდაპირ შეუშვა დევიდ მეტეუში, ვინც ორი მბოჭავი გაგვიცურა, მერე კი სილვამ გრძელი პასი ჩაუჭრა აბუსერიძეს და 50 მეტრი ირბინა.
მესამე მეოთხედში ირაკლი მაჩხანელმა გადაიკიდა და ბურთი კაჭარავას მიუვიდა; კვირიკაშვილმა კიდიდან გარდასახა და იოლი ჯარიმაც რომ შეაგდო, პირველად დავწინაურდით, მაგრამ მალევე, ისევ ფრეზე, ლეალმა 25 მეტრიდან ააცილა და სინბინის კვალად, კებრალმა კარს 45 მეტრიდან ვერ უწია. კვირიკაშვილმა ორჯერ მოხსნა აბრაგანი, ლეალმა კი 30 მეტრიდანაც დაახაია ჯარიმა. მესამედაც რომ ჩამოვრჩით, დრო თითქმის ამოწურულიყო, მაგრამ ლობუშს შერკინება წამოვუშალეთ და მივეძალეთ, გორგოძე და ჩხაიძე ლელოს თითქმის მიწვდნენ და ზედგინიძემ ზედახორაში შეიტანა.
ამას ჩხუბი და საქმის გარჩევა მოყვა, მეკო კი სამი წუთი ელოდა თავის ჯერს და კიდიდან გარდასახვით მაინც იხსნა ქულა. 20:20
საესპანეთოდ 15-ეულში ოთხი კაცი შეიცვალა, ბიჭები კი შეთამაშდნენ და ნაცად ყაიდაზე, თავიანთი კლასისა და ავტორიტეტის შესაბამისად რომ ერკინენ ლეონესს, გასვლაზე რვაჯერ დაალელოვეს.
იბერიელები პირველსავე შეტევაში დაწინაურდნენ, მაგრამ უმალ კაჭარავამ გაჭრა ხაზი, ხოლო მაჩხანელს მბოჭავმა არ დაამიწებინა. პირველ ლელომდე “კაჭი” კიდევ ორჯერ გაგვიჩერეს წითელ ზოლში, ზედიზედ სამ 5-მეტრა შერკინებაში კი ორი, სხვადასხვა ფლანკერი ადრე რომ წამოდგა და გორგოძეს დაუხვდა, რეფმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა. იქვე კაჭარავამ გადმოკიდებულიდან დაგეზა მამუკა, ვინც მესამედ შეასრულა ჰეთ-თრიკი და ბორჯღალოსანთა მოწინავე მელელოვეც გახდა, ესპანეთმა კი 52-ე წუთზე წელში გატეხილი და კისრებ-დაგრეხილი შერკინების პირველი ხაზი მთლიანად შეცვალა.
ბოლო მეოთხედში, როცა წრთობა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, ქართველი პროფესიონალები მეტად გალაღდნენ და ახლებმა, ირაკლი ჩხიკვაძემ, ირაკლი ნატრიაშვილმა და სანდრო თოდუამ ხელდახელ ბურთაობით ორი კოხტა ლელო გაიტანეს 55:11
რუმინეთთან ეროვნულზე, საწყის რვა წუთში 20 ქულა გამოცხვა: იმათ დერეფანში აგვიგორეს მოლი და ჯარიმა შეგვიგდეს; აბრაგანის პასუხად ფრთაზე გაგვიგორეს და ორი ჩვენიანი რომ შეცდა, ბარბულიჩანუ ბურთს ლელოს უკანა ხაზამდე დაახტა, კალაფეტეანუს დარტყმული გარდასახვა კი ძელს მოხვდა და გავიდა. კიკოფი აიღო ჩხაიძემ; შეუტია ირაკლი აბუსერიძემ, მოკლე ფრთაზე ლაშა მალაღურაძემ და კაჭარავამ გააქანეს მაჩხანელი, კვირიკაშვილმა კი კიდიდან შეაგდო.
შემდეგსავე ეპიზოდში დავჯარიმდით და ექვსით ჩამოვრჩით, მაგრამ თამაში 30-ე წუთის მიდამოში გარდავტეხეთ. მოლს მოვაყოლეთ ძალური სოლოები და წითელ ზოლს ვუწიეთ; მეტოქეს წამოვუშალეთ 5-მეტრა შერკინება და კარის წინ დავიმსახურეთ ჯარიმა. მორიგ მოლში მუშტი-კრივი რომ ატყდა, მსაჯებმა თათბირის შედეგად კვაჭები დაითხოვეს, ზედ შესვენების წინ კი სტანკამ მოკლე ფრთაზე სცადა გადაკიდება, მაგრამ მალაღურაძემ დაუფარა და ბურთი გაატანა მაჩხანელს, ვინც ორი მბოჭავი მოიშორა (15:13)
მეორე ტაიმში სხვაობა გავზარდეთ. მესამე ლელოზე იმათი დერეფნის მოგების შემდეგ გავმართეთ გრძელი მოლი და ათ მეტრზე ვათრიეთ, ნატრიაშვილის მიძალებიდან კი ზიბზიბაძემ მოკლეზე მიუშვა მახო ურჯუკაშვილი, ვინც ორი გააბითურა. მალაღურაძემ კიკერობა გადაიბარა და ლელო კიდიდან გარდასახა. 77-ე წუთზე ანგარიში 28:16 გახდა, წამატებულ დროში კი სტეჟარმა თუმც სამჯერ, უკბილოდ გაათამაშა ჯარიმა, მაინც დაგვალელოვა. მოგებით ზედიზედ მესამედ ავწიეთ “ანთიმოზი” და ერთა თასის ცხრილსაც კენწეროში მოვექეცით, ხოლო რუმინეთი მეოთხე ადგილამდე დაეშვა. 28:23
შარშანდელი ომის გამო ფირა-მ იფრთხილა და რუსეთთან გასამართი შემდეგი ორი რკენა ნეიტრალურ მოედნებზე დანიშნა. მეტოქემ შინაურ ასპარეზად აირჩია აზოვის ზღვის პირა პორტი და სამრეწველო ცენტრი მარიუპოლი.
ამინდის ბიურო შეცდა: თოვლ-ჭყაპისა და ქარის ნაცვლად რაგბი მზიან დარში ჩატარდა. ბიჭებმა ჩინებულად წარმართული საათის შემდეგ, ოზ სარდალთა უმოქმედობის გადამკიდე, დასკვნით მეოთხედში შიში გვაჭამეს, მაგრამ ბოლო შეტევით მეხუთედაც დაალელოვეს ძველი მეტოქე და მე-13 შეყრაზე მეთეთრმეტედ ძლიეს.
თამაში ბარაქიანი გამოვიდა. “დათვები” უწინდელზე მეტად გაწაფულიყვნენ, მაგრამ ისევ ვერაფერი მოუხერხეს ჩვენს დაცვას, შერკინებას და ტაიმთა შესაყარზე ბევრით ჩამოგვრჩნენ. პირველ ლელოზე რიტმისა და გეზის ცვლით წავიბურთავეთ; მეორეზე მეტოქის შეცდომით ვიხეირეთ; მესამე თამამ გამოქცუნებას მოყვა; მეოთხე მოთმინებას, გარჯასა და კავკასიურ ღონიერებას, მეხუთე კი, კრიტიკულ ვითარებაში, გონის სისხარტესა და ცოტათი, იღბალსაც.
მაგრად ითამაშეს კვირიკაშვილმა, მალაღურაძემ, ჩხაიძემ და ლაბაძემ. პირველ ლელოზე მეტოქის იქეთ ჩათრევის კვალად მეკო აქეთ ჩაერთო ხაზში, გორგოძემ კი წითელ ზოლს უწია და აუგდო მალაღურაძეს, ვინც მიზანს ორ კაცთან ჭიდილში ეწია. მეორეზე ლაშამ მარჯვნივ გაარტყა მიწას, ჩხაიძემ კი იმათ დერეფანში იხელთა ბურთი და დაჭერილმაც გაატანა ლაბაძეს. მესამეზე რუსეთმა ლელოდან მოედანში რომ მოიგერია, კვირიკაშვილმა ბურთი გამოაქცუნა, ტრიშინს გაუსხლტა და ურჯუკაშვილი კარზე დაგეზა (19:6)
48-ე წუთზე, ურჯუკაშვილის, ზედგინიძის, გორგოძის სოლოთა შემდეგ, მალაღურაძემ არეკნი ძელს მოარტყა, ამსხლტარი ბურთი კი კარის წინ, ზედახორაში ჩაიმარხა. 5-მეტრა შერკინებიდან ნელნელა, სოლოებით მივეძალეთ და დათო ხინჩაგიშვილმა ალამთან შეიტანა ლელო (24:6, მაგრამ საათის თავზე გაგვისინბინეს მალაღურაძე; ფეხ-მტკივან გორგოძეს ოთხ მეტოქესთან ჭიდილში თერნოვერი შეემთხვა და გვოზდოვსკი გაგვიძვრა; მაჩხანელი კი ამაოდ ეცადა ჩაჭრას და სხვაობა სამამდე დავიდა (24:21)
გაჭირვებაში ქართულმა ნიჭმა ძალუმად იფეთქა. კიკოფი ჩხაიძემ რუსებს ცხვირწინ ააცალა და ოვალი ლაბაძეს მისცა, ამან კი მაჩხანელს გაატანა. ძნელად რომ მოვიგეთ, გამარჯვება უფრო გვეტკბილა. 29:21.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები
2009 წელი საქართველო და რაგბი
Facebook კომენტარები
წინა პოსტი