2008 წელს, რომელშიც “ბორჯღალოსნები” ავსტრალიელმა თიმ ლეინმა ჩაიბარა და ექვსიდან ექვსი მატჩის მოგებით ევროპის “ერთა თასზე” აჩემპიონა და ნოემბერში შოტლანდიაში გათიშული შუქი.
სეზონი პორტუგალიასთან შარშან ორგზის (23/06 10/11) გადადებული შეხვედრით გავხსენით. ლეინი გუნდში თამაშამდე ოთხი დღით ადრეღა მივიდა. ირბ-ის მიერ ვითომც სიტყვიერად ბოძებული ნებართვით, ფრანგულმა კლუბებმა თავი მთლად აიშვეს და რჩეულნი ბითუმად დაგვიკავეს, კავშირი კი, ბიჭების ინტერესებიდან გამომდინარე, კონფლიქტს ამჯერადაც მოერიდა.
ბორჯღალოსან ამქარს ერთბაშად ხუთი წევრი შეემატა. უკანა ხაზი ჩინებულად აათამაშა შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ, ვინც ერთ იერიშში ორი მომსხეპი პასიც გაახერხა და ფოთელმა დიმიტრი ბასილაიამ ლელოთი დაიტკბო დებიუტი. დერეფანში მეფობდა რატი ურუშაძე. ირაკლი ჩხიკვაძემ 13-კაცური ჰითებით მიხდომის ხალისი დაუკარგა ლუზიტანებს, კაპიტან ირაკლი აბუსერიძეს კი შემთხვევა ხელიდან არ გაუშვია, რომ არ შეეტია.
თიმის ხელი გუნდს უმალ შეეტყო: ბეკებმა ლელო ფორვარდებზე მეტი გაიტანეს. სტუმრები ყველა კომპონენტში ჩამოგვრჩებოდნენ და შეცდომა გაქნილ წინამორბედებზე ბევრად მეტი მოსდიოდათ: პირველ ლელოზე ირაკლი ყიასაშვილის მიერ კიდიდან დარტყმული ჯარიმა კართან დაეცა და დავით კაჭარავამ იმათ ცხვირწინ დაუმიწა ბურთი, ხოლო მეოთხეზე მანვე აბუსერიძის გადაკიდებულს ფეხი მიკრა და რეზო გიგაური ოვალს ლელოს უკანა ხაზთან დაახტა.
მეორე ლელო კაჭარავასა და გიგაურის წაბურთავების შემდეგ, ძალისმიერი რეიდით ფრთაზე შეიტანა ბესიკ ხამაშურიძემ- მესამე კი დერეფანში აგორებული მოლით დავით დადუნაშვილმა მიითვალა. 32:3
რუმინეთთან ფავორიტებად ჩვენ ვითვლებოდით და სტეჟარი მართლაც დავიბრიყვეთ: სამეზობლო მეტოქეობის მატიანეში პირველად გავიმარჯვეთ ზედიზედ, შევინარჩუნეთ “ანთიმოზი” და ირბ-ის რეიტინგის მოწინავე 15-ეულში დავბრუნდით. ბურთი მეტწილად გვეპყრა, ფორვარდებით ვმძლავრობდით, მალაღურაძეს ფეხით გამართულად მიყავდა თამაში და უელსელი რეფიც, ამ სიშორეზე პირველად რომ გამოეშვათ სამსაჯოდ, აწ უკვე უავტორიტეტო სტუმრებს არ წყალობდა.
თამაშმა გვიჩვენა, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როცა რუმინეთი ბეკთა უმეტესი კლასით შეცდომებზე გვიჭერდა და მწარედ გვიგებდა. პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთსა და მეორის ერთ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, იმათ შანსი არცა ჰქონიათ. საწყის 35 წუთში მეტოქე ისე დაზაფრული ჩანდა, რომ წინ 10 ქულაზე მეტით უნდა გავსულიყავით. მერე იმათ შოკს თავი დააღწიეს და უცბათ ჩვენ დავიბენით ბრინჯივით, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე ავიღეთ 9 ქულა და თამაში დინჯად, მეთოდურად მივიყვანეთ გამარჯვებამდე.
დერეფანში პარპაშებდა გიორგი ჩხაიძე და ზუსტად აგდებდა ირაკლი ნატრიაშვილი; გორგოძის გაჩერება სტეჟარს ძაან უჭირდა; გიორგაძემაც ბევრი უტია, კაჭარავამ კი მეტოქეს ბლომად უშალა; ოთარ ბარკალაიამ ექვსი ცდით ხუთი გოლი შეაგდო; გიორგი შკინინმა კადნიერად გამოაქცუნა გადაკიდებულები; ყინჩმა აბუსერიძემ სანიშანსვეტო, 50-ე კეპი მიითვალა. ლელო დადო გორგოძემ. 22:7
შინ წყვილი გამარჯვების შემდეგ გასვლითი გამოცდა გველოდა პორტუგალიაში, სადაც მაქამდე ექვსჯერ ჩავსულიყავით და მხოლოდ ორჯერ მოგვეგო, მაგრამ წინა ჯერზე ლუზიტანთა და უელსელი რეფის ალიანსთან საარაკო ფრე მაინც გაგვეხერხებინა და მსოფლიო თასის საგზური აგვეღო. დაგვაკლდა რამდენიმე ლიდერი, მაგრამ მატჩის ადგილზე მაინც კარგად მოვემზადეთ.
ვირაგბეთ ამინდის შესაფერად; ერთბაშად ვაჯობეთ ლობუშსა და სქოთ რეფს; ოთხ კვირაში მესამე თამაშიც მოვიგეთ და რეიტინგში მე-14 ადგილზე გავმაგრდით. წვიმდა და ქარი ქროდა. მოედანი ისე ატალახდა, რომ ხელდახელ, გაშლილად ბურთაობა შეუძლებელი იყო. მასპინძლებმა დაიჟინეს, თეთრი ჩვენ უნდა გვეცვასო და რაკი წითელი თან არ წაგვეღო, ციმციმ შევიძინეთ შავი და ერთი დღით “ოლ ბლექსს” დავეფერეთ.
შესვენებამდე პორტუგალია ზურგ-ქარში რაგბობდა, მაგრამ თავიდანვე იქეთ დავალელოვეთ: ურუშაძემ მოიგო იმათი დერეფანი, აბუსერიძემ მოლიდან მოკლე ფრთაზე მიუშვა მალაღურაძე, ამან კი ჩხიკვაძეს აუგდო. გვერგო რამდენიმე ჯარიმაც, მაგრამ მწურთნელთა მითითებით, ბარკალაიას კარში არ დაურტყამს, ხოლო დერეფანში აგორებული მოლები მსაჯმა ბლოკირების მომიზეზებით დაგვიმუხრუჭა. ამასობაში ლობუში ზედიზედ გვიკიდებდა ზურგში; ერთის გარდა, ყველა აბრაგანი ვიხელთეთ, იმ ერთხელ კი ეგილარი “აბუმ” შებოჭა.
სალელოე შანსი ლობუშს მეტად აღარ მისცემია, მაგრამ ტაიმის ბოლოს რეფმა შერკინებაში ჩასვლისას შარი მოგვდო, თამაშის განახლებისას კი უარესად მოგვდგა: ზედიზედ გვაჯარიმა და კაპიტანიც გაგვისინბინა, მაგრამ გავუძელით, ირაკლის დაბრუნების შემდეგ კი იმათ ნახევარზე გადავედით, აუტი მოვიგეთ და ორი მიძალების შემდეგ მალაღურაძემ არეკნით დაკრა. მერე ბარკალაიამ ცენტრიდან შეაგდო ჯარიმა, ბოლო ეპიზოდში კი წითელ ზოლში იმათ ზედიზედ რომ გაგვაჩერეს, ბურთი უბრალოდ კიდეზე დავარტყით. 11:6 გავიმარჯვეთ
ჩეხეთში საიუბილეო, მეასე ტესტზე საცდელი შემადგენლობა ჩავიყვანეთ, ბრძოლით მოვიგეთ და ლიდერობა დავიბრუნეთ. რუსთაველი ბურჯი გოდერძი შველიძე ბორჯღალოსანთა მე-18 კაპიტანი შეიქნა; ვარაგბეთ ერთბაშად ხუთი ახალბედა და მარქაფაში 22 ნომრად თვით მენეჯერი აბაშიძე გვეჯდა, იმათ ლეგიონი ლამის სრულად შეკრიბეს და უბერებელი იან მახაჩეკიც ათამაშეს.
მზიან, მაგრამ ქარიან დარში ბურთაობა ვერ გამოგვივიდა. ოვალი გვეპყრა და ვუტევდით, მაგრამ ჩეხებმა ტოლი არ დაგვიდეს. პირ-ქარში პირველივე ჯარიმა კარის ნაცვლად კიდეზე დავარტყით, მაგრამ ლელო ვერ შევიტანეთ, მერე კი ფლანკერი გაგვიგდეს ათი წუთით და წინ მეტოქე გავიდა. მალაღურაძემ შესვენებამდე ლელო გაიტანა და ჯარიმას გარდასახვაც დაურთო, მეორე ტაიმში კი, ზურგ-ქარში, მეტისმეტი ტექნიკური წუნის გამო თუმც ბევრი წამოწყება ჩაგვეშალა, ჩეხეთი ბოლო მეოთხედში მაინც გავტეხეთ. 22:3
რუსეთმა კოსმონავტიკის დღეს, 12 აპრილს, ჩვენი მიღება ციმბირის გულ კრასნოიარსკში ჩაიფიქრა. რომ დაგვემატნენ ორ-ორი ბეკი, ჰავბეკი, პირველ-ხაზელი, სამი მხტომელი და ერთიც მარბიელი, თითქმის ოპტიმალური რაზმი შევკრიბეთ. ენისეის პირას ბორჯღალოსნები ორი ნაკადად ჩაფრინდნენ: ფრანგულ ფრთას ვიქტორ დიდებულიძე ჩაუძღვა, აქაურს ლევან ცაბაძე, დელეგაციას კი კავშირის პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე თავკაცობდა.
მატჩი შაბათს, ჩვენებურად დილის თეთრმეტზე იყო. რუსული მხარე ტელე-რეპორტაჟის მოწყობაზე ხუთშაბათამდე ფეხს ითრევდა, რის გამო “ევროსპორტმა” გააუქმა გადაცემა, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კი ბოლომდე მისდია საქმეს და სრულიად საქართველოს ცოცხლად აცქერინა სეზონის მთავარი ჯახი. თუ მოვიგებდით, ციმბირშივე ვიბევებდით პირველობას, ფრეზე კი, ესპანეთთან შინ გასამართ ბოლო მატჩში, რაგინდარა მოგება გვეყოფოდა.
სამშაბათის ჩათვლით თოვდა, მერე გამოიდარა, მაგრამ რკენის დილას ისევ ჩამობარდნა და თამაშის დაწყება 40 წუთით დაგვიანდა. ფრანგი რეფი და კომისარი მატჩის გადადებას აპირებდნენ, ჩვენმა ბანაკმა რომ მიუგო, რაღაი ჩამოვსულვართ, კიდეც ვითამაშოთო, მწურთნელი ლეინი კი მერე და მერე ტრაბახობდა, საქართველო რუსეთს რაგინდარა ადგილსა და საფარზე დაამარცხებსო.
რუსებს ჩვენთან 15 წელი იყო, ვერ მოეგოთ და ნავსი ვერც თოვლზე გატეხეს, საქართველომ კი მეათედ გაიმარჯვა და “ერთა თასი” მეორედ მოიპოვა! თუ ორივე ტაიმის ბოლო ათ წუთს არ ჩავთვლით, მეტოქეს ძაან ვჯობდით. ბიჭებს კიდიდან დიდებულიძე მართავდა. ფორვარდები, მეტადრე კი გორგოძე, ერთი-ერთზე ბრძოლებს უგებდნენ რუსებს, ბეკებს კი უნარიანად აბურთავებდა მალაღურაძე. მაგრად ითამაშეს ჩხაიძემ, კაჭარავამ, ჩხიკვაძემ და განსაკუთრებით სანდრო თოდუამ, ვინც ამ დონეზე პირველად რაგბობდა.
მეტოქეს, რომლის ბირთვიც მოსკოვის ოლქის ვევეადან იყო, ორივე ლელო “ენისეის” ქართველებმა, ურუშაძემ და კაჭარავამ დაუდეს. პირველი გორგოძის მიძალებას მოყვა, მეორე კი მალაღურაძის მოკლე პასს. მამუკა წითელ ზოლში რომ შეაჩერეს, კარის წინ შებოჭილმა რატიმ ხაზს იქეთ მაინც გადადო ბურთი, დათო კი ლელოში 15 მეტრიდან შესრიალდა, რასაც მორიგი, მესამე ჩხუბი და შველიძის სინბინი მოყვა.
10:3-ზე მალაღურაძის პასით ფრთაზე გაძვრა თოდუა და მარჯვენა ალამთან თითქოს ლელოც შევიტანეთ, მაგრამ რეფმა ზედახორაში ბურთის წინ დავარდნა გამოჩხრიკა. აქედან ათ წუთში მანვე რუსებს აპატია აშკარა წინ პასი, რაც მუშტი-კრივითა და ორმხრივი სინბინით დასრულდა. მეორე ლელოს წინ, დაცვის გაწელვის შემდეგ, მალაღურაძის გრძელი პასით შეტევაში ჩხიკვაძე ჩაერთო და თოდუა მეტოქის პირისპირ გაიყვანა, მაგრამ აქაც ჩხუბი ატყდა, მეოთხე წამატებულ წუთზე კი აბუსერიძემ უფალი მასიელო გააბრიყვა, პირველი ხაზის მარქაფა ამოგვეწურაო.
ჰოდა, ფრანგმა 5-მეტრა შერკინებაში მიწოლა რომ აკრძალა, სიკო მაისურაძემ მიზანში ამოიღო პანასენკო და ბეჭებზე დადო, ხოლო მარჯვნივ გაშლილი მარაო კიდეზე გადავდენეთ. 18:12
ქართული რაგბის ბენეფისის დაწყება იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლას რომ დაემთხვა, სტადიონზე ვერ-მისულებს გამორჩათ იშვიათი ოინი: “გულივერა” გორგოძემ ბურთი კვართიანად წაართვა სემპერეს და შეუტია, მაგრამ სახტად დარჩენილმა სხვებმა ლელო ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, იმათ დაგვიფარეს მოგერიებაზე და დაგვიდეს; ჯარიმა უცებ გაგვითამაშეს და ხუთი ჩვენებურის თვალწინ გაირბინეს ნახევარი მოედანი; კიდეზეც გადაგვდენეს, 5-მეტრა შერკინებაში ჯარიმა მიგვაღებინეს და 17:0 გაგვისწრეს.
გამოუვალ მდგომარეობაში გორგოძემ იძალა ლათინებზე: ფაზური შტურმის კვალად, აბუსერიძის მიერ უცებ გათამაშებული ჯარიმიდან ზედახორაში ეწია მიზანს. მალაღურაძემ ერთი დარტყმით 60 მეტრით წინ წაგვწია და მეტოქის მომხვდურ დაცვასაც ზურგში გადაუკიდა; თოდუას გარღვევის შემდეგ ჯარიმა კიდეზე დავარტყით, მაგრამ სამ-კაცა 5-მეტრა დერეფანი იმათ მოგვიგეს, ზედ შესვენების წინ კი ბასილაიას რეიდს ურუშაძისა და ნემსაძის სოლოები მოყვა და მამუკამ ბურთი ლელოში გადადო (12:17)
გორგოძემ ჰეთ-თრიკი სამ კაცთან ჭიდილში, მსოფლიო თასის აქეთ ნაკრებში პირველად მოთამაშე მახო ურჯუკაშვილის გარღვევის შემდეგ გაასრულა. მანვე კიკოფი მოლიდან მოწყდომით გამოაქცუნა, შეტევა კაჭარავამ გააგრძელა და სემპერე ბურთის ჩაკვლისთვის გაასინბინეს. 5-მეტრა დერეფანი მოიგო ჩხაიძემ და ურუშაძემ ძალით შეიტანა ლელო (22:20) ამის შემდეგ თამაში კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა, მაგრამ ჯერ 30 მეტრიდან ავაცილეთ ჯარიმა, მერე გასატანი კიდეზე დავარტყით და იმათ ხროვული ბოჭვით გაგვაგდებინეს ოვალი, მეტოქემ კი ერთხელ გვიტია ფაზურად და რომ დაჯარიმდა, რეფს შეეკამათა. მოვიგეთ 22:20
მარცხი შოტლანდიაში
ზაფხულში საქმეს ეგეთი პირი უჩანდა, რომ 7-წლიანი ბლოკადა გაირღვეოდა: ირბ-ის ლოცვა-კურთხევით, ნოემბერში სატესტოდ ჩამოგვაკითხავდა ბობოლა, შოტლანდია და თანაც ა (მეორე) შემადგენლობით, მაგრამ მერე სქოთებმა აგვისტოს ომი მოიმიზეზეს, ჩვენ კი “ერთა თასამდე” მთლად უთამაშებელი რომ არ დაგვრჩენოდა ნაკრები, მახვეშებისვე ხარჯით, ისტორიაში პირველ ბრიტანულ ვიზიტს დავთანხმდით.
დაინიშნა ორი მატჩი. ლეინმა მაწრთობად და დაცვის გადიად აიყვანა ძველი დოსტი, ტონგელი ჯონი ნგაუამო. რომ შეირჩა 26 მოთამაშე, დაგვაკლდა 12 ლიდერი. მცირე ნუგეშად ის გვქონდა, რომ დაგვიბრუნდა მუხლ-ნაოპერაციები ილია ზედგინიძე და მასპინძლებმა კი გლაზგოს “ფერჰილზე” ერთბაშად ათი კეპოსანი შეგვახვედრეს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ხშირად ხვდებოდენ.
შოტლანდიამ არ დაგვზოგა. ჩვენმა შეკოწიწებულმა გუნდმა 11 უპასუხო ლელო გაუშვა. დაგვცადა უცხო გარემომ და ავდარმაც, მაგრამ არც ის შემართება გვეტყობოდა, რაგბის მოსაგებად რომაა აუცილებელი. შერკინება, რომელსაც ოთხი რიგიანი პირველ-ხაზელი და სამიც მარბიელი აკლდა, მეტოქემ ბევრჯერ გვითრია და წამოგვიშალა, რის გამოც 10-9 ღერძმა ეგრეც ვერ წაიყვანა თამაში.
აქედან ოთხი დღის თავზე, ქარიანსა და მოუწყობელ “მეგეთლენდზე, ედინბურგთან, ოც წუთში სამი ლელო გავუშვით, მაგრამ ბედად დენი გამოირთო და თამაში ჩაიშალა.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები