2002 წელი როდესაც დავიბევეთ მსოფლიო თასის საგზური, თუმც ერთა თასზე წინა წლის შედეგი კი ვეღარ გავიმეორეთ.
ერთა თასზე პირველი მატჩი ჰოლანდიასთან გვქონდა, მარტივად მოვუგეთ და 14-ჯერაც დავავლელოვეთ 88:0
ბიჭებმა პირველი შიში პორტუგალიაში გვაჭამეს. ბორჯღალოსნებმა თავ-დაჯერებულად დაიწყეს თამაში და იმდენი მოახერხეს, რომ ზურგქარში, საწყის ათ წუთში ორი ლელოთი ჩამორჩნენ. დასკვნითი ნახევარი საათის წინ ლუზიტანები ჯერაც 11 ქულით გვიგებდნენ, მაგრამ სორელს 9 ნომრად უკვე შეეყვანა გამოცდილი შოთა მოდებაძე და ორი მორკინალიც შეეცვალა.
ბურთაობა რომ ავაწყვეთ, პირველი ტაიმისგან განსხვავებით, ვეღარ გაგვიძლეს დაღლილმა მასპინძლებმა. პირქარში ზედიზედ ვჭრიდით ხაზს. “დალალებ მოზრდილმა კვაჭმა, აქვსენტ გიორგაძემ ბლიც-სტილში ორგზის რომ დაალელოვა მეტოქე, გახარებულმა ბურთიც კი შემართა. ერთი ქულით დაწინაურებულები ავმჩატდით, ფრანგმა რეფმა კი ზედიზედ გაგვიძევა ორივე მეორე-ხაზელი და ოთხი წუთით 13 კაცის ანაბრად დაგვტოვა” საბოლოოდ კიდევ ერთი ჯარიმა და 27:23
გაჭირვებით მოგებას ცივი შხაპივით უნდა ემოქმედა, მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ შეხვედრაზე რუს ბებიათა ვითომც მყოლი სამი სამხრეთ-აფრიკელი (ბეკი კონრად ბრეიტენბახი, ბურჯი ტენკ ჰენდრიკსი, ფლანკერი ბლუს ფოლსხენკი) ჩაწერეს რუსებმა ოქმში, ფრანგმა კომისარმა მარსულომ ხელები დაიბანა, ირბ-ის კანონთა თანახმად, რუსეთის მხარემ ამათი გამოყვანის უფლება საბუთებით წლის ბოლოსღა უნდა დაუმტკიცოს დუბლინის ოფისსო.
თამაში დედის დღეს დაემთხვა, ამიტომაც მანდილოსნებისთვის შესვლა უფასოდ დაწესდა, მოვიდა რეკორდული რაოდენობის მაყურებელი, ევროპის ერთა თასს ამდენი მაყურებელი რაგბზე არ ახსოვს 65 000. თუმცაღა გამარჯვება ვერ შევძელით ეგ კი არა ბოლოს ვაგებდით კიდეც სამი ქულით, ბოლოს 12:12.
ამის შემდეგ მადრიდში 34:18 დავამარცხეთ ესპანელეი ლომები. გადამწყვეტი მატჩი კი თბილისში იმართებოდა, რუმინეთთან.
ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა თბილისის რკენას, რომელიც შაბათისთვის იმად გადმოიდო, რომ ბორჯღალოსნებს ევროპაში მიბრუნებამდე შინ შევლა და ახლობლების მონახულება მოესწროთ. ჩვენდა ჭირად, საფრანგეთის ჩემპიონატში დაგვემტვრნენ ტულონელი ილია ზედგინიძე და გრენობლელი ჯიმშელაძე, რის გამოც სორელმა ციმბრიდან რატი ურუშაძე იხმო, ხოლო გალეთიდან – ახალბედა ბობა კვინიხიძე, მაგრამ ბოლოს ორივე მარქაფაში დასვა.
ამასობაში (თამაზ მგელაძე, ნიაზ მამრიკიშვილი) შარშანდელი პირობის თანახმადა და ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ლევან მეტრეველის ესკიზით, ძველ მორაგბეს, გია ჯაფარიძეს ოქროცურვილი ბრინჯაოსგან დაამზადებინა სამეზობლო, გარდამავალი, “ანთიმოზ ივერიელის თასი”
მოთავეებმა კავშირს ჯილდო მატჩის წარდგენაზე ჩააბარეს. თასი საქართველო – რუმინეთის ყოველ შებმაში უნდა გათამაშებულიყო. მისი პირველი მფლობელი გახდებოდა შაბათის გამარჯვებული.
კონსულის მოთხოვნითღა
ფირა აერ-ის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ბაკემ ნამატჩევს მოგვისამძიმრა, თამაში პირველ ტაიმშივე წააგეთო. და მართლაც, რუმინეთი შესვენებაზე 22-ქულიანი ფორით წავიდა, რაღაი “აქამდე შეკრული ბორჯღალოსნები უყოჩოდ, ალალ-ბედზე მიშვებულ ფარას დაფერებოდნენ და მეტოქისთვის ხელის შეშლას ამაოდ ცდილობდნენ, შეცდომათა გამოყენებაში ოდითგან გაწაფულმა სტეჟარმა კი არ გვაპატია რაგბის ძირეული პრინციპების უგულებელყოფა”
რუმინეთმა ზოგი ლელო თავად შექმნა და ზოგიც ჩვენ ვუძღვენით. პირველზე მათ მოიგეს დერეფანი, მოლით 15 მეტრზე ატარეს ბურთი, ორჯერ ჯიქურად მოგვეძალნენ, ჩვენი ფორვარდები ჩაითრიეს და ბეკებს უკან-დახევა აიძულეს; მერე პეტრე მიტუმ ბურთი ხაზს უბოძა, რომეო გონტინეაკმა ცრუ-ჯვარი გააკეთა, ოვალი თავისი ფრთიდან შემოსულ კრისტიან სეუანს შეუბრუნა, ამან კი ფრონტის შუა-წელი კარაქივით გაგვისერა.
მეორეზე იმათ ბოჭვით გაგვაგდებინეს ოვალი; ვალი მაფტეიმ ლელოსკენ გაგვიგორა, კვაჭმა მარიუს ტინკუმ კი ბადრი ხეხელაშვილს ზურგში ორივე ხელი კრა, წააქცია და ბურთს თავად დაახტა. იტალიელი რეფი იქვე იდგა, მაგრამ ნათესავ ლათინთა დარღვევა არ შეიმჩნია. მესამეზე ბურთი ზურგში გადავკიდეთ, ოღონდ ხაზი სწორად ვერ ავწიეთ. ჰოდა, გაბრიელ ბრეზოიანუმ და მაფტეიმ მწყობრი გამოგვირღვიეს, იონუც ტოფანმა გეზი მოსწრებულად შეცვალა, ბურჯი პეტრუ ბალანი კი ბეკივით წაებურთავა ბრეზოიანუს.
შესვენებაზე კლოდმა ოთხი კაცი შეცვალა. რომ ვერ გაგვიმართლა 10-9 ღერძმა, ვისაც რაგბობა 14 წლით ადრე, ბიჭთა ერთ გუნდში დაეწყო, გურუმ თამაშის გაძღოლა ირაკლი აბუსერიძესა და ბობა კვინიხიძეს დააკისრა. ფორვარდებით ვიძალეთ; რუმინეთიც დაიღალა და წვრილ-წვრილი ეშმაკობებით დროის გაყვანაზე გადავიდა, მაგრამ ჩვენდა ჭირად, “ტაიმი 40-წუთა რომ იყო და არა ერთ-საათა, სტეჟარს ვეღარ დავეწიეთ.
მალი ლელოები რომ გვჭირდებოდა, ხუთი დასარტყამი ჯარიმა კიდეზე გადავიტანეთ, მაგრამ სტუმრები მაგრად დაგვიდგნენ და კაპიტან ლევან ცაბაძეს დამიწებისას ხელი დაუჭირეს. შერკინებაში რუმინეთს უკან ვახევინებდით და ორივე ლელოც მაქედან დავუდეთ: ჯერ მამუკა მაგრაქველიძემ შეუტია მოკლე ფრთაზე, აბუსერიძემ ვიორეანუ მიიზიდა და მახომ თვით მიტუ მოაღორა, მეორედ კი 5-მეტრა ჯარიმის ნაცვლად შერკინება მოვითხოვეთ და ნორჩი გიორგი ჩხაიძე ტოფანსა და ფლორინ კოროდეანუს ერთბაშად მოერია.
ამით ჩამორჩენა რვამდე შევამცირეთ, ანუ ლელო და გოლიღა გვჭირდებოდა. ტოფანი დაფრთხა და ბურთი თავის ლელოში შეაგორა, მაგრამ ხამაშურიძე ვერ დაეწია. მერე კვინიხიძემ ააცილა არეკნი, ბოლოს კი მაფტეიმ ჩაგვიჭრა პასი და ბურთი ფეხით წინაც გაიგდო, მაგრამ ისე დაღლილიყო, რომ აღებისას წინ გადაუვარდა. 23:31 დავმარცხდით.
მსოფლიოს შესარჩვზე მეტოქეებად გვერგენ ირლანდია და რუსეთი. პირველი რკენა გვიწევდა ირლანდიასთან
დუბლინის “ლენზდაუნ როუდზე” ჩვენი ხილვის ფასად 25 ევრო დადგინდა, რაც “ექვსი ერის” ნიხრზე ორჯერ იაფი იყო. ვირაგბეთ ჰაიჰარად. უელსელი რეფიც მოგვდგა და კელტური სოლიდარობიდან გამომდინარე, ისე რიხიანად გვიჯარიმა საფრანგეთში მოსაქმე ბიჭები, თითქო ამათ თანამედროვე რაგბისა არაფერი გაეგებოდათ. ირლანდიამ შესვენებამდე ხუთჯერ დაგვალელოვა, მაგრამ მეორე ტაიმში რომ მოდუნდა, ბარემ ნახევარი საათით ვიხელთეთ ინიციატივა და ორი ლელოს გატანით ოდნავ აღვიდგინეთ შელახული იმიჯი. 14:63 დავმარცხდით.
რეპორტაჟს კავკასიაში ინტერნეთ-რადიოთი ვუსმინეთ. რაგბის თემს 49-ქულიანი მარცხი ებევრა.
სარუსეთოდ შევიმოსეთ შინდისფრად. ვირაგბეთ მგზნებარედ, მაგრამ ანგარიშიანადაც და უტკბესად გავიმარჯვეთ. “ოლიმპში” დაიწერა, ბორჯღალოსანთა ამ თაობამ საშვილიშვილო საქმეს დაადგა თავი: მობურთალთაგან პირველი გავიდა მსოფლიო თასის ფინალში, რაც საქართველოში რაგბის, ამ მართლაც და გლობალური ლელობურთის, აყვავებისთვის ძალუმი ბიძგი გახდებაო.
“გაიხარა ერმა და ბერმა. გარჯა და თავდადება დაუფასდათ მორაგბეთა თაობებს. დიდი მატჩები ლამაზად, გაპრანჭულად ვერ მოიგება. მათში მიზნის მისაღწევად პრაგმატულად უნდა ითამაშო. ამ პრინციპს ამჯერად წარმატებით მივდიეთ, რაც ძაან საგულისხმოა, რადგან ანგარიშიანობა ჩვენს ხასიათს თითქოს ვერ ესადაგება. არადა, გამჭრიახობითა და წესრიგიანობით არავისზე ნაკლებნი არ ვართ და ბორჯღალოსნებმა ეს კიდევ შეგვახსენეს”
ილია ზედგინიძემ გუნდს ფრიადზე უყოჩა. შერკინება მაგრად იდგა. დერეფანიც გამართულად მოქმედებდა. ლაბაძემ გადამწყვეტ მომენტში ორჯერ მოუგო რუსებს მათივე ბურთი. საფრანგეთში განსწავლის გამო მეტოქეს კლასით, ანუ რაგბის თამაშის ცოდნით ვჯობნით. რუსები ბურთისთვის ცილობისას ხშირად ჯარიმდებოდნენ, რითაც ინიციატივა გვეპყრა, მაგრამ მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაინც გვარიანად გაგვიძალიანდა და ნაცნობ ყაიდაზე ალაგ-ალაგღა აირია.
ჩვენგან კარში მახო ურტყამდა და რაც გასატანი იყო, სულ პირნათლად შეაგდო და მოგება დაგვიბევა. რუსებს შესვენებამდე სამად-სამი შანსი ჰქონდათ და ყველათი იხეირეს. მეორე მეოთხედში წნეხი რომ მოვადუნეთ, იმათ ერთადერთხელ გაგვირღვიეს დაცვა: სლავა გრაჩოვმა ბევრი იარა, რაჩკოვმა კუთხეში დაგვალელოვა და შვიდით ჩამოვრჩით, მაგრამ ბიჭები უმალ დაირაზმნენ და ზედ შესვენების წინ ბარაქიანი, ძალისმიერი ლელოც გავიტანეთ.
ბოჭვაზე მოპოვებული ჯარიმა კიდეზე რომ დავარტყით; ვანო ნადირაძემ ორი ხელით მოხსნა ბურთი და ისეთი მოლი ავაგორეთ, რომ როგორც მერე გამოჩნდა, ნაკრებში ბოლოჯერ მოთამაშე ცაბაძემ კარიერაში მეათე ლელო შეიტანა. მეორე ტაიმში ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავედით. რუსები რომ აგებდნენ, გაშლილად ბურთაობა სცადეს, მაგრამ გაუვალ დაცვას გადააწყდნენ.
ჯიმშელაძემ მოზომილი დარტყმებით მეტოქეს უკან ბევრჯერ დაახევინა, აბუსერიძემ და მესამე ხაზმა კი რუსები მათსავე ნახევარზე გამოამწყვდიეს. საათის თავზე ზედიზედ რომ გვერგო 5-მეტრა შერკინება და მერე ჯარიმაც, კაპიტანმა ურჯუკაშვილს ულაპარაკოდ ააღებინა სამი ქულა და რუსები აიძულა, ლელოს გასატანად ემუშაკათ.
რჩებოდა 15 წუთი, რუსებმა შეტევის შვიდი ფაზა რომ აკინძეს და იგორ დიმჩენკომ აბრაგანიც აწია, მაგრამ ზიბზიბაძე უშიშრად შეხტა და ბურთის ალალზე დაჭერით გვიხსნა. მეტოქეს ზურგში ხშირად რომ ვუკიდებდით, რუსები დროის მეტ წილს შორიდან, ფუჭად გვეშვიდკაცებოდნენ. 75-ე წუთზე სიმონოვმა შორიდანვე ააცილა ჯარიმა, მაგრამ ბოლო წუთზე მსაჯის ჟესტი სწორად ვერ გავიგეთ და რომ გვეგონა, დრო ამოიწურაო, ბურთი კიდეზე იქვე მოვიგერიეთ.
ამით მეტოქეს შანსი კიდევ მიეცა და ერთი ფრთიდან მეორემდე რამდენჯერმე ჩაათამაშა ოვალი, მაგრამ 22 მეტრის ხაზზე აზარენკო ზიარად რომ დასცეს ვიქტორ დიდებულიძემ და ტატო რატიანიძემ, რუსს ბურთი წინ დაუვარდა და თამაშიც დასრულდა. ხალხი მოედანზე გაიჭრა და ზეიმი გააჩაღა. საქართველო მსოფლიო თასის მე-18 ფინალისტი შეიქნა და პულში ბობოლებს, სამხრეთ აფრიკასა და ინგლისს დაუჯდა, ხოლო რუსები ჩაებნენ რეპეშაჟში, რათა ესპანეთის, ტუნისისა და შტატების ჯობნით მოეპოვებინათ ავსტრალიის საგზური.
ჩვენ კი პირველად მოვიპოვეთ მსოფლიოს საგზური.
პ.ს ამის შემდეგ პლეიოფში რუსეთი – ესპანეთის მატჩზე ესპანელებმა ირბ-ში იჩივლეს რუსებს არასამართლიანად ყავთ ბურები დამატებულიო ხოდა გამართლდენ და შემდეგ ეტაპზეც გავიდენ.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები