2001 წელი – “ბორჯღალოსნებმა” ფრანგი კლოდ სორელის სარდლობით მწვერვალს უწიეს: ერთა თასზე ხუთივე მატჩი მოიგეს. სპორტულმა ჟურნალისტებმა რაგბის ნაკრები წლის საუკეთესო გუნდად შერაცხეს.
ჰოლანდიასთან ორი წლის დაგვიანებით შედგა გრეგორი იაშვილის დებიუტი და ნაკრებში დაბრუნებულმა ვიქტორ დიდებულიძემაც გაამართლა, მაგრამ ფრთებზე გაგვეყინენ შერკინებიდან ბეკებში გამწესებულნი, ვასილ კაცაძე და გია ლაბაძე. 8 ნომერმა ილია ზედგინიძემ ბევრჯერ ძალუმად წაიღო ბურთი, მოყვარული “ტიტები” კი დასკვნით ხუთ წუთში მთლად წახდნენ და ბადრი ხეხელაშვილმა 70-მეტრა სოლო მოაწყო. მოვიგეთ 32:3
პორტუგალიას შუა თებერვალში, თოშიან ქარში ვუმასპინძლეთ, რის გამოც ეროვნული სტადიონი მეათედითღა შეივსო.
მეასე ლელო
მოქნილი ლობუში ფორვარდებით დავიბრიყვეთ, რამაც საათის თავზე მატჩის ბედი გადაწყვიტა. მეტოქე მეორე შერკინებაშივე დავალელოვეთ, მაგრამ მათ მალე გაგვიტანეს არეკნი და ჯარიმა. ამას მოყვა კახა ალანიასა და ბესიკ ხამაშურიძის გარღვევები და ხუთ-წუთა ალყა, რაც ზედგინიძის მეორე, ძალისმიერივე ლელოთი დასრულდა. აქ სტუმრები ხელდახელ თამაშზე გადავიდნენ და კუთხის ალამსაც უწიეს, რაზეც ჩვენები გაგულისდნენ და გაჭიანურებული შტურმი ირაკლი აბუსერიძემ დააგვირგვინა 17:9
მატჩის კრიტიკულ მომენტში, 55-ე წუთზე, მელეირუს ჩამორჩენის ორ ქულამდე შემცირება შეეძლო, მაგრამ 30 მეტრიდან მოეცარა ფეხი. მერე ჩვენმა ჯეელებმა აიწყვიტეს. ჯერ თედო ზიბზიბაძემ ჩაატარა 60-მეტრა სლალომი, კიკოფიდან კი დათო ბოლღაშვილმა გაინავარდა. ბოლო მეოთხედში თედომვე გაიტანა მეექვსე ლელო, რომელიც ბორჯღალოსანთა იმხანად უკვე 13-წლიანსა და 39-მატჩა მატიანეში, სანიშანსვეტო – მეასე გამოდგა! ვიმარჯვეთ 36:12
მატჩი რუსეთში, რუსებს მონინოელი ნიკოლაი ნერუში და ბური ჯეიმზ სტოფბერხი მოძღვრავდნენ, მენეჯერად კი მოსკოვში მოღვაწე დუგლას კავთელაშვილი ეხმოთ. “პეტროვიჩს” მატჩის წინა დღით ჩვენებისთვის ეკითხა, გასახდელი თუ გინდათო და ვითომც უარი რომ მიეღო, ამაზე აღარც ეზრუნა. ავტობუსის მძღოლსაც, რა თქმა უნდა შემთხვევით, გზა აებნა და დინამოს ნაცვლად აეროპორტისკენ წალალა გუნდი, მაგრამ ხიფათი დროზე ვიგუმანეთ, კიკოფს მაინც მივუსწარით და ბაზრობის გადაღმა, საბალეტო სტუდიაში გამოვიცვალეთ სამოსი.
პირველი ტაიმი პირქარში ვირაგბეთ. იმათ დაგვიდეს ორი ლელო, მაგრამ რომ დაემტვრათ კაპიტანი სლავა გრაჩოვი და ტაიმის ბოლოს ყაზახი მურატ უამბაევიც გაასინბინეს, 5-მეტრა შერკინებით ორჯერ ვიხეირეთ. საათის თავზე ანგარიში მაინც გათანაბრდა, აქ კი ვასილ აბაშიძემ ჩვენი მეოთხედიდან კადნიერად გამოარღვია დაცვა და ბურთი გაატანა ლაბაძეს, ვისაც ვეღარავინ დაეწია. რუსები გახელდნენ და მოგვეძალნენ. ფრანგმა რეფმაც ბევრით გადააცილა 80 წუთს. ჰოდა, იმათ ბოლოს მაინც დადეს კიდეზე, მაგრამ ქარში სიმონოვი ვერაფრით გაიტანდა და მოვიგეთ. 25:23
ჩვენ, წესითა და რიგით, ეროვნულზე უნდა მიგვეღო ესპანეთი და სრულიად პოლიტიკური ელიტა და სპორტის ბომონდიც თითქო რაგბის მხარეს იდგა, მაგრამ აზიზმა ფეხბურთელებმა მაინც თავისი გაიტანეს, ესაო და თუ რუმინეთს ბილიარდის მაგიდასავით უხინჯო მოედანზე არ გავუგორეთ ბურთი, ვერ მოვუგებთო.
კავშირმა სათანადოდ დააფასა რუსთაველთა ამაგი და ბორჯღალოსნები დიდ სეირს დანატრებულ მეტალურგთა ქალაქს აწვია. “ფოლადი” პირამდე შეივსო. ქომაგობა იმდენად ემოციური იყო, რომ ხალხის ხმაური მეზობელ უბნამდე აღწევდა. მეტოქეს ყოველმხრივ ვაჯობეთ. ბეკებმა ისე გემრიელად ირაგბეს, რომ ფორვარდებიც კი დაჩრდილეს. არადა, როგორც “აკიდო” წერდა, “აქამდე უცხო თუ შინაური უკიჟინებდა გუნდს, მეტოქეს ძალ-ღონითღა ერევით, თორემ მობურთალობის ბევრი ვერაფერი გცხიათო”
“სორელის გაწურთნილებმა დაგვიმტკიცეს, რომ ოვალის ლაღად თამაში გენეტიკურად მოგვდგამს … სადღა იყო ბურთის დაკარგვის შიში და ფეხით მისი დარტყმა მეტოქის ზურგში?.. იერიშს მოედნის ნებისმიერი ადგილიდან ვიწყებდით, ბურთს მარჯვედ ვინარჩუნებდით, მეტოქის მწყობრში ბზარს ვეძებდით და წინ თანდათან მივიწევდით, მაგრამ რაჟამს გავარღვევდით დაცვის ხაზს, უცებ ავფეთქდებოდით” მოვიგეთ 43:10
რუმინეთთან ჩვენ გვაკლდა დაშავებული ლაბაძე, მაგრამ დროით მოკეთდა იაშვილი, იმათ არ ყავდათ მიტუ და ათმა ნომერმა მიხაი ჩოლაკმაც მაგრად აურია.
შესვენებამდე აქაც პირქარში ვირაგბეთ. იმათ შემოგვიტიეს, მაგრამ არეკნის მეტს ვერაფერს გამორჩნენ. თამაში თანდათან გავათანაბრეთ და ათი ქულით რომ დავწინაურდით, მეტოქემ საჩხუბრად გამოიწია. საათის თავზე ფრე იყო, პეტრუ ბალანი მახო ურჯუკაშვილს დარტყმის შემდეგ განგებ რომ დაეჯახა და სინბინში წაბრძანდა. ჰოდა, ვიდრე მეტოქე კაც-ნაკლული იყო, 15 ქულა მივითვალეთ.
გადამწყვეტი მესამე ლელო გამოდგა: ცაბაძეს შერკინების ჩაქცევის დროს კისერი ტკენოდა, მაგრამ ფორმალურად სისხლ-დენის გამო გამოსულიყო. “ლეონსიოს” მარქაფაში გულმა ვერ გაუძლო, ძაან გარისკა, მოედანზე დაბრუნდა და ბესიკ ხამაშურიძემ რომ გაჭრა ხაზი, გეზის ცვლით, სამ-მბოჭავ-აკიდებულმა, მაინც უწია მიზანს. კარპატელებმა ბოლოს ჯიმშელაძეც დაგვინოკდაუნეს, მაგრამ პალიკო არ გატყდა და მისი დარტყმული არეკნი ძელს მოხვდა. გავიმარჯვეთ 31:20 და პირველად შევმართეთ ევროპის ერთა თასი.
ნოემბერში კი ნაკრებმა გაახერხა ტესტების გამართვა, ოღონდაც არა ძირითად გუნდებთან.
მატჩები ვაკეში ახალ, თანამედროვე “მიხეილ მესხზე” მოეწყო, მაგრამ ცოცხლად რომ გადაიცემოდა ტელევიზიით და რომ ყინავდა, მოსეირე მოისაკლისა. პირველი შეგვხვდა საფრანგეთის A ნაკრები რომლის წევრთა უმეტესობა მაინც ელიტაში რაგბობდა და მერე თითო-ოროლა დიდ “ლე ბლეშიც” მოხვდა. რაც შეეხება მეორე მეტოქეს სამხ აფიკის A ნაკრებს, მათ შემადგენლობაში იყვნენ მორის იუბერი, გობანი ბობო, ხაფი დიუტოი, ბოლა კონრადი, იანეს ლაბუსხახნი და ბაკის ბოთაც.
ფრანგები, მათივე აღიარებით, ღირსეულად ვერ დაგვიდგნენ. დიდებულიძის, ხამაშურიძისა და ვანო ნადირაძის მიძალებათა შემდეგ ჯიმშელაძემ შეაგდო ჯარიმა, მერე კი ვანომვე დერეფანში ორი ხელით მოხსნა ბურთი და აგორებული მოლი ლელოში ისე ოსტატურად ჩაწვა, რომ კაპიტან ცაბაძეს ბურთი ქვეშ მოყოლოდა. დაჯაბნილმა სტუმრებმა პირველად ტაიმის ბოლოსღა შემოგვიტიეს, მაგრამ წინ ხომ გაჭირვებით მოიწევდნენ და განდაგანაც დარბოდნენ.
ბორჯღალოსნებმა შესვენებამდე მეორე ლელოც დადეს: პალიკოს არეკნი ძელს რომ მოხვდა, შევკარით სოლიდური მოლი და თუმც გრძელ ფრთაზე სამი ბეკი ჩამწკრივებულიყო, შოთა მოდებაძემ ბურთი მაინც მოკლეზე გაიტანა და ლაბაძე შექცეული პასით ეწია მიზანს 17:3. მეორე ტაიმში სტუმრები ათამაშდნენ, ორ წუთში მთელი მოედანი გადასერეს და კუთხეში დაგვიმიწეს ბურთი, მერე კი დავიდ სკრელამ შორიდან გაგვიტანა ჯარიმა და სხვაობა ოთხამდე დავიდა.
ეს იყო და ეს. გაიბრწყინეს ზიბზიბაძემ და ურჯუკაშვილმა, ვისაც რამდენიმე კაცი კი იჭერდა, მაგრამ ლელოში მაინც შეფრინდა 24:13. ბოლო მეოთხედში თამაშში მარქაფა ჩავაბით და გემოზე გავაგრძელეთ ბურთაობა. კლოდმა აღნიშნა ირაკლი გიორგაძის დებიუტი, გიო ბუგიანიშვილმა კი ფინტების კორიანტელით თავბრუ დაახვია ფრანგებს, მაგრამ მეტი ლელო ვეღარ გავიტანეთ. არადა, იმხელა უპირატესობა გვქონდა, რომ 20 ქულით უნდა მოგვეგო. 24:20 ვიმარჯვეთ.
აფრიკის დუბლმა ზეპური რაგბის მარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა. “ოლიმპი” წერდა, “თუ უწინ ჩვენს ბიჭებს ბოკეს ოდენ ხსენებაზე მიუწვდომლისა და ამოუცნობის საამო ჟრუანტელი დაუვლიდათ, ამჯერად მას როგორც ტოლი ტოლს, ისე გაეჯიბრნენ და თუმც არაფერი დაუთმეს, მეტოქის კლასმა და განსწავლულობამ მაინც თავისი გაიტანაო. ბორჯღალოსნებმა ძლიერ ქარში ფეხით ცოტა ურტყეს, აქეთ კი ბურთი ბევრჯერ ჩაგვიგდო “ნიჭიერმა და მარად პერსპექტიულმა დიუტოიმ”
ჩვენი ნახევრიდან ხელდახელ ბურთაობაზე ზღვა ენერგია დავხარჯეთ, მაგრამ უკუგება მცირე იყო: ფაზური შტურმი ბოკეს მწყობრის გარღვევით ლაბაძემღა დააგვირგვინა. დაცვაში მედგრად ვიდექით და ბარემ ათი, ნაღდი ლელო ჩავუფლავეთ აფრიკას. სხვა ჩვენს ადგილზე 14 კი არა, 70 ქულით წააგებდა. ქართველი ბეკები ნამატჩევს გამოტყდნენ, ამ სიჩქარეზე ცხოვრებაში არ გვითამაშიაო, სტუმრები კი გადარეულნი იყვნენ, თქვენი ამ დონეზე რაგბობა ვერცკი წარმოგვედგინა. ჰოდა, მსოფლიო თასზე უეჭველად გახვალთო.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები
2001 წელი საქართველო და რაგბი
Facebook კომენტარები
წინა პოსტი