1959 წელი – როგორ დაიწყო რაგბობა ჩვენში.
1929, 1939 და 1947 წელს საქართველოში რაგბი უთამაშიათ, თუმც 1959 წლამდე მას ფეხი ვერ მოუკიდებია ჩვენთან.
გუნდი და მორაგბეები პირველად შეკრიბა ჟაკ ასპეკიანმა.
ჟაკი ძირით მარსელიდან იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩასულიყო საბჭოთა სომხეთში, მაგრამ იქ რომ არ მოწონებოდა, ნათესავებთან თბილისში გადმოსულიყო. რეპატრიანტს ჯეელობაში ლიონში რომ ეთამაშა რაგბი, საბჭოეთში ბურთიც წამოეღო, მაგრამ იგი მარგად თბილისშიღა გამოიყენა.
ჟაკმა ბარემ ორი წელი სდია სპორტის ხელმძღვანელ მუშაკებს და ბოლოს ცხვედაძე დაიყოლია.
პირველი განაცხადი რაგბის გუნდისთვის ვეძებთ ახალგაზრდებსო ტექნიკურ უნივერსიტეტში გაკრულა (იმხნად გეპეი)
ნოდარ ყიფიანის თანახმად, ვარჯიში სისტემატურად, კვირაში სამჯერ ეწყობოდა. თანდათან შეიცვალა კონტინგენტიც – რაგბს სხვა სახეობებში გამოცდილი, სპორტული ტიპები მოაწყდნენ. ჟაკს მზირის ალღო ჰქონდა და დროდადრო ახერხებდა მოწაფეებიანად ნაღდ, სპორტულ მოედნებზე შეპარვას, რადგან იქედან მოყოლებული სულ ბოლო დრომდე, რაგბს არა წყალობდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.
ზამთარში სესიების, არდადეგებისა და თოვლის (თბილისში უწინ ბარაქიანად დადებდა ხოლმე) გამო ვარჯიში წყდებოდა და გაზაფხულზეღა ახლდებოდა. ვისაც რა გააჩნდა, იმით იმოსებოდა. დაახლოებით იმავე ხანებში (ვინც უწყის, ეგებ ცოტა ადრეც) ჟაკმა ნავთლუღში, ფეხსაცმლის ფაბრიკა “ისანშიც” დააარსა გუნდი და მას იმ დღეებში ამეცადინებდა, როცა ბურთი დაკავებული არ იყო.
დღეს სადაა ის ოვალი რელიკვია ან თუნდაც მისი ნაშთი, ძნელი სათქმელია, თუმც საუკუნეთა შესაყარზე მისი სამუზეუმოდ მოძიების იმედი ჯერაც ცოცხლობდა. თავად ასპეკიანი მესამე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (მაშინ ვაკეში მდებარეობდა, მეცხრე საავადმყოფოს ადგილას) გუნდის შექმნისა და 1961 წელს, გივი მრელაშვილის მიერ ქალაქის სპორტ-კომიტეტში “რეგბის სექციის” გაფორმების შემდეგ თანდათან ჩრდილში მოექცა და 1964 წელს საფრანგეთში მიბრუნდა.
ასე დაიწყო ჩვენში რაგბის თამაში და შეიქმნა სამი გუნდი.
(ზაალ გიგინეიშვილის “50 წლის მატიანეს” მიხედვით, შემოკლებული)