10 ივლისს ბორჯღალოსნებმა ისტორია დაწერეს…
იტალიის ეროვნულ ნაკრებს 28-19 მოუგეს…. აჯობეს ყველა კომპონენტში და დამსახურებულად გაიმარჯვეს. საქართველო – იტალიის დაპირისპირებას თავის ინტრიგა აქვს, გარკვეულწილად ხელოვნურად შექმნილი. 6 ერის ყველაზე სუსტი ნაკრები – რაგბი ევროპის ყველაზე ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ. რაგბი რომ სპორტის სხვა სახეობა იყოს, კონკურენციის ფაქტორით სწორედ “ბორჯღალოსნები” იქნებოდნენ – 6 ერში იტალიის ჩამნაცვლებელი, თუმცა რაგბი რაგბია და “6 ერის” მამების მიზანი სპორტის გაფართოება და განვითარება საერთოდ არ გახლავთ.
საქართველოს სარაგბო ისტორიაში ყოფილა გარდამტეხი მატჩები, როდესაც რაღაც ამოყირავებულა, რაღაც ახალი დაწყებულა. სწორედ ასეთი იყო 2013 წელს… საქართველო 16-15 სამოა. ამ მატჩის შემდეგ საქართველო ე.წ “ტიერ 2” დონეზე ლიდერებს შორის ჩაეწერა. ამის შემდეგ მრავალ წარმატებას მივაღწიეთ. განვითარების ახალ ეტაპზე გადავედით.
“ტიერ 1”-ის ნაკრებებთან გამარჯვება ჩვენს ისტორიაში არასდროს გვქონდა.
ჩვენს ტოლსწორებში ერთადერთი ა.შ.შ იყო მსგავს სიტუაციაში, თუმცა ამერიკელებმა საბოლოოდ შოტლანდიის დამარცხება შეძლეს. ტოლსწორებში სწორედ საქართველოს სარაგბო ისტორია რჩებოდა ნაკლული, სადაც გამარჯვება პირველი დონის გუნდთან საერთოდ არ ეწერა.
2018 წელს დიდი იმედები დაიმსხვრა, როდესაც საქართველომ ვერ შეძლო იტალიის დამარცხება და ისტორიის გადაწერა… მიუხედავად იმისა რომ ირლანდიასთან თუ უელსთან გვქონდა მატჩები რომლის მოგებაც შეიძლებოდა, ყველასთვის ცხადი გახლდათ რომ “ტიერ-1” – იდან ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი იტალია უნდა ყოფილიყო.
2022 წელს საქართველოში იტალიის ვიზიტი როდესაც დაანონსდა, ხოლო იტალია “6 ერზე” კარგად გაისარჯა და უელსსაც ძლია. ყველა მივხვდით, რომ იტალიის დამარცხება უფრო რთული იქნებოდა, ბორჯღალოსნებთან ერთად გულშემატკივარსაც ყველაფრის დადება მოუწევდა… და ვინ იცის რა მოხდებოდა.
10 ივლისს საღამოს, ბათუმის სტადიონი გადაივსო, გულშემატკივრობა 80 წუთით საოცრად აქტიური იყო. ტრიბუნიდან საოცარი მუხტი მოდიოდა. ბორჯღალოსნებმა კი საოცარი მატჩი შემოგვთავაზეს.
იტალიას გაუჭირდა, ძალიან გაუჭირდა. ნათლად გამოჩნდა რომ მათ წნეხს ვერ გაუძლეს და დამარცხდნენ…
ბორჯღალოსნებმა კი იფრინეს და ისტორია შექმნეს. ჩვენს აქტივში უკვე არის ერთი წაქცეული ბობოლა. მერე რა რომ ეს ბობოლა ცოტა სუსტია, დავამტკიცეთ რომ ჩვენ შეგვიძლია. იმედია ეს მატჩი ცვლილებების ახალი ტალღის მომტანი იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში ქართულ რაგბის სხვა საფეხურზე გადაიყვანს.