დამარცხებული გმირები ადრე მიდიან
ახალი ზელანდიის მთავარი მწვრთნელი სტივ ჰენსონი გაბრაზებული სულ ორჯერ ვნახე და ორივეჯერ წელს. პირველად მაშინ, როდესაც ზელანდიამ ოთხ ერზე ავსტრალიასთან მაგრად წააგო თან იქ გაითელა, სადაც იშვიათად რომ ვინმემ გათელოს – კონტაქტში, რითაც მცოდნე ხალხს აფიქრებინა ბლედისლოუს თასი ვოლაბებს გადაულოცესო და მსოფლიო ჰენსონის გუნდის დაბერებაზე ალაპარაკდა, ავსტრალიურმა მედიამ კი სიხარულისგან დაუფიქრებლად გადააბიჯა სარაგბო და საერთოდ სპორტულ ღირებულებებს.
“სახეები ნახეთ?! აგებდნენ და არ იცოდნენ რა ექანთ!” ბედნიერებას ვერ მალავდნენ თამაშის შემდეგ ავსტრალიელი ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში. ვოლაბური რაგბის ლეგენდამ ტიმ ჰორანმაც კი ვერ შეიკავა თავი
“იმიტომ რომ არ არიან მიჩვეულები წაგებას!” თქვა ყველას გასაგონად, რასაც ევროპული “შე ლუზერო”-ს ორაზროვანი ხუმრობა მოაყოლა მის გვერდით მოკალათებულმა ჟურნალისტმა და მაგიდის ირგვლივ შემომსხდარები ახარხარდნენ.
სოციალურ ქსელებში დაიდო და ტელევიზორების ეკრანებზე აციმციმდა კეინ რიდის, ბრედლი რეტალიკის და სანი ბილ უილიამსის დაბერებული, ჭაღარაწვერიანი, დანაოჭებული ფოტოები აი, ისეთი ამას წინათ ყველას facebook-ის კედელი რომ ააჭაღარავა. მოკლედ მთელი ავსტრალია საკუთარი გამარჯვების ტკბილ ხიბლში ჩაიძირა და აღარავინ მიაქცია ყურადღება კეინ რიდის სიტყვებს: მეორე თამაში წინ გვაქვს, ექვსი-შვიდი დღე კი სპორტში დიდი დროაო!
ამერიკულ ძვირიან და უგემოვნო ბოევიკებში ხშირად არის ეგეთი მომენტი: ლაპარაკობენ ვიღაც მაგარზე, მაგრამ დავიწყებულ-დაბერებულზე, მერე ეს კაცი საჭირო ხდება, ირთვება “რაღაცნაირი” დაძაბული მუსიკა, შენელებულ კადრში დგანდგარით იღება ციხის კარი, ისმის ჯაჭვის ჩხარუნი და სატუსაღოს ბნელი ხახიდან ნელა გამოდის ბადრაგებით გარშემორტმული დავიწყებული გმირი ან ანტიგმირი, სახეც თითქმის ყოველთვის სტანდარტულია – ღონიერი ნიკაპი, უდრეკი თვალები, ღრმა ნაოჭები, ჯანიანი სხეული და სრული სერიოზულობა, ერთი წამიც რომ არ ემეტება ხუმრობისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მთელი ეს სცენა გოიმობაა, ისიც ვიცი, რომ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და ისიც, რომ “უდაბნოს თეთრი მზის” ნებისმიერი კადრი ჯიბეში ჩაისვამს ამ ძვირიან და მდარე მატარებელს, ეს გლამურული ხატება ისე მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში (საიდან და რატომ ეს სხვა თემაა), რომ ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს იმაზე, რომ ჩემთვის საინტერესო რომელიმე პერსონაჟის საპყრობილის სიღრმიდან გამოჩენას ამერიკული ბოევიკების კლიშეებით წარმოვიდგენ, მაგალაითად სიმონ პირველის გამოსვლას ალამუთის ციხიდან.
და რაღაცა ეგეთი დამემართა წელს ზელანდია – ავსტრალიის მეორე მატჩის დროსაც, სადაც ბლედისლოუს თასის, ვითომდა უკვე გადაწყვეტილი ბედი, უბრალოდ უნდა დაკანონებულიყო, უპირობო მოლოდინიდან ქცეულიყო ფაქტად, სტატისტიკად.
მაგრამ მერე მოედანზე ზელანდია გამოვიდა. თამაშამდე მე არ ვიცოდი არც ერთი ის პერიპეტია, რაც აქამდე მოვყევი, არც რიდის და რეტალიკის დაბერებული ფოტოები მენახა და არც ავსტრალიელი ზედმეტად გათამამებული ჟურანლისტებისათვის მომესმინა, ამიტომ ოლ ბლექსის სიშმაგე და ჰენსონის გადაწყვეტილება რამდენიმე ახლაბედათი ჩაენაცვლებინა გამოცდილი სუპერვარსკვალები, მსოფლიო თასის წინ გუნდში რაღაცეების მოსუსტებას და ახალი ზელანდიის მუდამ უმაღლეს მოთხოვნებს დავაბრალე.
ანგარიში 36:0 კიდევ კარგად ვერ ასახავს იმას თუ რა უქნა ზელანდიამ ოზებს, ეს ბევრად უარესი იყო ვიდრე შოტლანდიელების მიერ თბილისში ჩვენთვის ჩატარებული მუქი ლურჯი სარაგბო გაკვეთილი, იმიტომ რომ სკოტებმა ლაღი, ლამაზი თამაშით გვაჩვენეს, რამხელა გზა გვედო წინ, და თურმე ისიც გვაჩვენეს – რა გველოდა მსოფლიო თასზე, თუმცა ჩვენ ეს არ დავინახეთ. ზელანდიამ კი უბრალოდ ფანჯარასავით დაამსხვრია ავსტრალია. აქ არაფერია უცნაური, შავებს ხშირად გაუკეთებიათ ამგვარები, მაგრამ ასეთი გაშმაგებული ოლ ბლექსი მე არ მახოსვს, ყველაზე მეტად კი რიდმა და სანი ბილმა აიწყვიტეს, პირველმა დაცვაში, მეორემ შეტევაში, ხოლო როცა მორიგ ხისტ ბოჭვაზე ყოველთვის მშვიდმა ჰენსონმაც შემოკრა ტაში და სახეზე მოწოლილი სისხლისგან წამოწითლებულმა ქართულად რომ ვთარგმნო “აი, ეგრეეო!” დაიყვირა, თამაშის შემდეგ კი ჩვეული სიმშვიდით უპასუხა ჟურნალისტს: სწორედ ასეთი რამეები აჩვენებს გუნდის ხასიათს და კიდევ იმას თუ რა შეუძლია ნიჭსო! მივხვდი, ამ მატჩის უკან მოსფლიო თასის წინა მოსამზადებელი პერიოდის ხეირიანად ვერწასვლის გარდა, კიდევ იმალებოდა რაღაცა საინტერესო, ძებნა დავიწყე, ასე შევიტყვე ავსტრალიური სარაგბო მედიის არცთუ ლამაზი საქციელის შესახებ და სწორედ მანდ შემომედარა საპასუხო მატჩზე ზელანდიის ნაკრების სტადიონზე გამოსვლა ამერიკულ ბოევიკებში ვიღაცა მაგარის და ბრაზიანის გამოჩენის კადრებს.
მეორედ კი გაღიზიანებული ჰენსონი ახლა ვნახე, ნახევარფინალში ინგლისთან წაგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩვეული სიმშვიდით სცადა ეპასუხა ჟურნალისტებისთვის და თითქმის გამოუვიდა კიდეც.
ძაან დარდიანი რამე კი იყო.
ინგლისის მილოცვით დაიწყო საუბარი და შემდეგ თქვა, ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ყველაფერი გააკეთეს, უბრალოდ ამან არ იკმარაო. თან კიდევ სპორტში არის რომ არ გაგიმართლებს და ეგ უფრო მტკივნეულია ხოლმე, ახლა კი უკეთესმა გუნდმა დაგვჯაბნაო.
დანარჩენი სულ უბრალო და ძალიან კაცური სიტყვები იყო:
როცა ის არ გამოგივა რაც გინდოდა, ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ისღა გრჩება ადგე და სიმართლეს ყბა შეუშვიროო.
პირველი ტაიმის მერე, გასახდელში ის ვთქვით, რომ თამაშს კი არ უნდა დავხვედროდით, პირიქით სანამ დრო იყო – წაგვეყვანა, თორემ დაგვიანდებოდაო.
როცა აგებ, სულ ეგრე ხდება, დრო მალე კლებულობს, შენც ნერვიულობ და ისეთი რაღაცეების გარისკვას იწყებ, რასაც აქამდე მოერიდებოდიო.
2007 წლის მეოთხედფინალში დამარცხება უფრო მტკივნეული იყო, ჯერ ერთი ის მეოთხედფინალი იყო და არა ნახევარფინალი, მეორეც – ახლა იმ გუნდთან წავაგეთ, რომელიც გვჯობდაო.
კი მე და ჩემს გვერდით მჯდომი ზელანდიის კაპიტანი, კაელ რიდი ვასრულებთ ოლ ბლექსში კარიერას, მაგრამ ცხოვრება გრძელდებაო.
ვუსმენდი მის დინჯ, აუღელვებელ ტემბრს, თითქოსდა მშვიდად ნათქვამ, არადა ყელიდან ამოგლეჯილ სიტყვებს, ჩემს თავს მის ადგილას ვაყენებდი და ვხვდებოდი, ვერ გავქაჩავდი, ვერასოდეს დავიჭერდი ღირსების ჯებირის მიღმა, ასეთი ძალით მოწოლილ იმედგაცრუებას, ვხვდებოდი და მშურდა.
და აი, აქ იკითხა ვიღაცამ, ანუ თამაშზე უხასიათოდ გახვედითო? და ჰენსონმაც ვეღარ გაუძლო და თუმცა ისევ იმ მშვიდი ხმით უპასუხა, ეგ პასუხი უფრო დათვის ღრენას გავდა: არა, ეს უბრალუდ უპატივცემულობაა, როდესაც ვიღაცა ფიქრობს რომ ოლ ბლექსი მსოფლიო თასის ნახევარფინალში უხასიათოდ გავიდა. თუ გინდათ დარჩით და კონფერენციის შემდეგ მარტოს ჩაგიტარებთ რამდენიმე სარაგბო გაკვეთილს, მაგრამ როდესაც ხასიათის ნაკლებობას გვაბრალებთ ეს დაუფიქრებელი რამეაო.
აკი ვამბობ ძაან დარდიანი რამე იყო მეთქი, იჯდა ეს ბულდოგივით დიდსახა, ყოველთვის მოკლედ და აზრიანად მოლაპარაკე ზორბა კაცი და თავისი დიდი, მშვიდი თვალებით ცდილობდა ღირსეულად დახვედროდა საკუთარ მთავარ დამარცხებას, იმ უბრალო კითხვებს, ასე მწარედ რომ ესობოდა გულში.
მერე ადგა და წავიდა, წავიდა 2007 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში დაჩაგრული, 2011 და 2015 წლის მსოფლიო თასის მომგები და 2019-ში მწარედ დამარცხებული ძალიან დიდი მწვრთნელი და ღირსეული კაცი, რომელსაც ერთხელაც არ გადაუბიჯებია დაუწერელი სარაგბო ღირსებებთვის და რომელთან ერთადაც წავიდა მართალია მოკლე, მაგრამ მისივე ხელით შექმნილი სარაგბო ეპოქა თავისი დიდი და ასევე დამარცხებული გმირებით: ოლ ბლექსის კაპიტანი კაელ რიდი, ირლანდიელთა კაპიტანი რორი ბესტი, ირლანდილეთა ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი ჯო შმიტი. წავლენ ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, წავლენ იმიტომ რომ მათმა დრომ მოაწია, რომ იმ სხვას დაუთმონ ადგილი, ვისაც კარგა ხანს ეგონება რომ არასოდეს წავა, სანამ თვითონაც მოუწევს წასვლა.
წავლენ იტალიიდან, არგენტინიდან, შოტლანდიიდან და იაპონიიდან და მარტო სამხრეთ-აფრიკა და ინგლისი იცოცხლებს ფორმაუცვლელად კიდევ ერთ კვირას, წავლენ იმ მიზეზით, რითაც ზიდანმაც ნაადრევად ჩაუარა სადგამზე შემოდებულ მსოფლიო თასს, რადგან დამარცხებული გმირები ყოველთვის ადრე მიდიან.
>ლადო კილასონიას სპორტული და ლიტერატურული ზღაპრები