ჩვენი სოფლის შავ-თეთრი ტელევიზორი, თურმე ფინალი და ხედები იმის იქით
ოთხთა ტურნირის (ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა) პირველ ტურში ავსტრალია სამხრეთ აფრიკას ესტუმრა. ოზებს მუდამ უჭირთ იქ თამაში, იშვიათად რომ ხეირს გამოკრან ხელი. ამჯერადაც ასე მოხდა და მერე კი ტურნირი ისე წავიდა, რომ ეს პირველი მატჩი, ფინალი გამოდგა, ჩემპიონი აფრიკა გახდა, მე ხელმეორედ ვუყურე ამ “თურმე ფინალს”, მომეჩვენა რომ ავსტრალიას დიდი შანსები ჰქონდა მოეგო და ამან გული გამიხარა.
ბავშვობაში შოტლანდიას ვგულშემატკივრობდი, იქ რაგბი ნაკლებდ იყო შუაში. მაშინ სოფელში ვცხოვრობდით და მანქანის აკუმულატორზე მომუშავე ჩვენი პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი მხოლოდ “მარადიულ ხსოვნებიან” “რიონს” და პირველ და მეორე არხებს იჭერდა. მახსოვს როგორი მოუთმენლობით ველოდი საღამოს, როდესაც დრამატული მუსიკის ფონზე გუბეებით მომსხვრეულ ტალახში გრძელკაბიანი ქალი გაიქცეოდა ან სევდიან მუსიკაზე ეკრანზე ჩარლი ჩაპლინი აბაჯბაჯდებოდა. ილუზიონი და მეორე არხის კინოსეანსები – ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილებიც კი კინოებით მახსოვს, შევარდნაძეს პირველი ტერაქტი რომ მოუწყვეს, კევინ კოსნერის “რობინ ჰუდი” გადიოდა, რომელთანაც ახლოს ვერ მოვა რასელ ქროუიანი “რიმეიქი”, ჰოდა, ფილმს ყოველ ათ წუთში წყვეტდნენ და ეკრანზე უმკლავო თეთრ მაისურში ჩაცმული, სკამზე ჩამომჯდარი შევარდნაძე გამოდიოდა, ფრაზაც კი ჩამჩრა: უნდათ მაფიებმა იბატონონ საქართველოშიო!”, მაგ მაისურებს მერე კარგა ხანს “შევარდნაძეებს” ვეძახდით. მანამდე სერიალ “კასანდრაზე” ნახევარი სოფელი ყოველ საღამოს მოდიოდა ჩვენ სახლში, მაშინ დენი არ გვქონდა და სამხრეთ ამერიკული ვნებები შუაგულ, უშუქო სამეგრელოში აკუმულატორის ენერგიას შემოჰქონდა, რაც გია კუბლაშვილის სარაგბო გადაცემების ყურებაში მიშლიდა ხელს და ერთხელ ამაზე გაბრაზებული გამოღებული ფანრიდან მივეპარე ტელევიზორს და შუა ჩვენების დროს გავთიშე. და წარმოიდგინეთ რა მომივდოდა, ხის ხმლების და ფარების მაგივრად დიდი ქვაბების ხუფებით მოთამაშე ბავშვს, რომელიც ხან ბაბუამისის ძმის სახლის აივანის მოაჯირს იქით გამაგრებული იცავდა ციხესიმაგრეს, ხან კი თანატოლებთან ერთად ამავე ციხის აღებას ცდილობდა, როდესაც ტელეკომპანია რიონმა მელ გიბსონის “მამაცი გული” აჩვენა, ეგრევე შოტლანდიის გულშემატკივარი გავხდი, რაც ძალიან მოეწონა მამას, რომელიც უელსის ფანი იყო, ჩვენსავით პატარა ქვეყანაა, ჩვენსავით დაჩაგრული დიდი მეზობელისგანო. თან შოტლანდიის ულამაზესმა ჰიმნმაც მომხიბლა, დღემდე მხიბლავს. მერე კი ირლანდიელების კაპიტანმა ქიის ვუდმა გუნდი შესვენებაზე გასახდელში არ შეიყვანა, რკალად შეკრა და ირლანდიის ჰიმნი “ჯარისკაცის სიმღეერა” ამღერა. სწორედ მაშინ, მიუხედავად იმისა რომ უკვე ავტსრალიის ოქროს თაობის გულშემატკივარი ვიყავი, შემომეპარა ამ ერთი მუჭა, ჯიგრიანი ხალხის სიყვარული, მწვანე კი ყოველთვის ჩემი საყვარელი ფერი იყო, ჩემი სოფლის მდინარის და ბალახის ფერი.
ახლა ვეღარ ვიტყვი რომელიმე გუნდს ვგულშემატკივრობ მეთქი. პროფესიამ თანდათან გამაცალა ეგ სიამოვნება, ვუყურებ თამაშს და ვხვდები ბავშვობისდროინდელი მოლოდინით და იმედით სავსე გულისცემა, ტაქტიკური მონახაზებმა, ახალმა იდეებმა და ამ იდეების ჩვენს ყოფაში გადმოტანის სავარაუდო გზებმა ჩაანაცვლა. მაგრამ აფრიკა – ავსტრალიის პირველი ტურის ამ თამაშმა რაღაც სხვანაირად შემირხია სიმები, იმიტომ რომ მომეჩვენა ამ თამაშით ერთმანეთს კი არ ეცნენ, არამედ იმ დიდ შავ გველეშაპს (მგონი მერვე წელია რომ შემომჯდარა სარაგბო მთის წვერზე) უთხრეს: არც ჩვენ ვართ რამე ჯაბანიო” და კიდევ ყველას დაგვანახეს, რომ ძალიან საინტერესო მსოფლიო თასი გველის წინ!
არგენტინის ამბავი ყველამ ვიცით, ზე-რაგბის ფინალში რომ გავიდა და იქაც ტოლი არ დაუდო ვის ვის და “ქრუზეიდერსს” და მაგარი სიგოიმე და სიბანძე იქნებოდა ამ გუნდისთვის თავისი მრისხანე სახელი რომ გადაერქმიათ!
ირაზმება ირლანდიაც, ვნახოთ იქნება და ამჯერად მაინც არ აირდაიროს რაღაცა, ირლანდიას ხომ წყევლასავით მოსდევს ერთი უცნაურობა, ყოველთვის გამორჩეულად კარგია მსოფლიო თასებს შორის და ძალიან იშვიათად მსოფლიო თასზე.
მძიმე და აგრსიული იქნება უელსი. საინტერესო და სასიამოვნო სანახვი შოტლანდია – გრეგორ თაუნზენდის ლამაზი და თავზეხელაღებული შეტევითი იდეებით.
მზაკვარი ედი ჯოუნზის ინგლისიც აქვეა და ტაგეში კიტანოს ფილმების “იაკუძას” ჯარისკაცების უემოციო სახეებივით ამოუცნობი და ბასრი იაპონიაც.
ფიჯი ხომ მთლად ჩვენს ჯგუფშია და თან როგორი?! მაგათ ხაზს რომ თვალი გადაავლო პოლარული ციალი გეგონება.
მაგრამ მთავარი მაინც ეს დიდი სამეული მეჩვენება: ფოლაუს გარეშე დარჩენილი და მაინც ძალიან სახიფათოდ ქცეული ავსტრალია (კი, ნამდვლია, რომ ეროვნული ნაკრები თამაშობს ყველასთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა და სექსალური მიდრეკილებისა და საბედნიეროდ ვინ არის ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე, ვინ არა და ვინ რა სასჯელს იმსახურებს ამას სპორტსმენების მაგივრად ქვეყნის კონსტიტუცია თუ კანონმდებლობა წყვეტს. მაგრამ სიტყვის თავისუფლებაც ხომ ორმაგი და არა ცალმხრივი სტანდარტია და როგორ ველოდებოდი, რომ ფოლაუს საკუთარ ქრისტიანობაშივე მოუხოზავდა ვინმე იმ მხირდან, რომელსაც ჯოჯოხეთში დაწვა უწინასწარმეტყველა, შეუნდობდა და იტყოდა რომ კი ცდება ეს კაცი, მაგრამ მსოფლიო თასი მის გარეშე ის არ იქნება რაც უნდა იყოსო! სამწუხაროდ ასეთი რამე ვერ ვნახე, შეიძლება კარგად არც მიძებნია). იმიტომ რომ ის რისი თამაშიც ავსტრალიამ აფრიკის სუპერაგრესიული დაცვის წინააღმდეგ სცადა და ხანდახან გამოუვიდა კიდეც ძალიან საინტერესო სანახავი და რთული რამეა, რასაც თამაშის შემდეგ ავსტრალიელთა კაპიტანმა მაიკლ ჰუპერმა დასძინა: ახალი რაღაცეების გაკეთებას ვდილობთ, ადგილ-ადგილ გამოგვივიდა, თუმცა უმარავი რამ ჯერ არ გვიჩვენებიაო.
აფრიკას რასი ერასმუსი ჩაუდგა სათავეში, სადაც რასია იქ დაცვა ძლიერდბა და კონტრშეტევა ილესავს კბილებს, ეგრე იყო აფრიკულ სტორმერსში, რომელიც რასისთან ერთად ზერაგბში ყველზე ნაკლებ ლელოს უშვებდა, ირლანდიურმა მანსტერმაც რასისთან ერთად სხვანაირად დაუთვალა ნეკნები მოწინააღმდეგეებს, რასის შრომისმოყვარეობაზე კიდევ ლეგენდები დადის, მუდამ ხალისანი და მომღიმარი სახის მიღმა მომთხოვნი და ბოლო წვეთამდე გამწურავი კაცი იმალებაო. თან მის მოსვლასთან ერთად ვეება, კუნთმაგარ და მუდამ გაგლეჯვა-გამტვრევაზე მომართული აფრიკის ნაკრებში ღლეტვის სპეციალისტი ფრანსუა ლოუ და შეტევაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ჰუკერი, ბებერი სკალკ ბრიცი დაბრუნდნენ. ლოუ აფრიკული შერკინების სტანდარტებისთვის პატარა იყო, სკალკის ფერივერკებს კი წლებია არიმჩნევდნენ სპრინგბოქსის სათავეში ერთი მეორის მიყოლებით მოსული სპეციალისტები, მგონი ზედმეტად რისკიანად ეჩვენებოდათ ლონდონის სარასენისის სამხრეთ-აფრიკელი ჯადოქარი.
ჰოდა, ამ ხალხის დაბრუნებით აფრიკის დაცვა-შეტევაში მეჩვენება რომ სიცოცხლე და აზარტი ბრუნდება.
როგორც მეუბნებოდა 2006 წელს დურბანში ჩვენი აკადემიის მწვრთნელი, იუმორიანი და თავისი საქმის მაგარი მცოდნე სუეის დებრუინი, “ამ ქვეყნის პრობელმა ზედმეტი ფიზიკური მომზადებააო!”, ახლა კი სუეისც რასის გვერდით დავლანდე მწვრთნელების მინისკედლებიან ჯიხურში და ძალიან გამეხარდა. თუმცა ახლა წერენ სუეისი ნაკრებიდან წავიდაო.
მწვერვალის თავს კი მაინც შემოჰხვევია სილაშემოკრული ზელანდია, სადაც ახალი მოთამაშეების გასინჯვა დაიწყეს.
ჩვენი ნაკრებიც მაგრად ემზადება და იაპონურად მოიეროგლიფებული ჩვენი დროშაც აღმოსაველთისკენაა მიმართული.
დანარჩენი დროის ამბავია, ჩვენებურად რომ მოვთარგმნო, მსოფლიო თასი და აგერ ხვალეო!
ავტორი :ლადო კილასონია