ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები
გუშინ ნოემბრის ტესტების მორიგმა კვირამ ჩაიარა. იტალიამ ავსტრალიასთან წააგო, უელსმა ტონგას გადაურბინა, თავისი კატანასავით ბასრი პირი გამოაჩინა იაპონიამ ინგლისთან, რითაც ყველას უჩვენა რომ, მსოფლიო თასზე მარტო საკეთი, სუშით და საკუთარი ულამაზესი, უცნაური კულტურით არ უპირებს სტუმრებს გამასპინძლებას. მაგარი თამაში გამოდგა შოტლანდია აფრიკა და თბილისში, ავჭალაში საქართველოს ნაკრებმა, ჩვენთვის უჩვეულოდ ლაღ, გაშლილ და სწრაფ მეორე ტაიმში ლამაზად მოატრიალა თამაში თავისკენ, მოიგო და სიხარულთან ერთად, მგონი წამით ყველას დაგვწყვიტა გული იმ აზრმა, რა იქნებდა იტალიასთანაც ესე რომ გაგვეშალა თამაშიო?!
თუმცა მთავარი ამბავი ირლანდიაში, ავივას სტადიონზე დატრიალდა, სადაც ირლანდიამ, მართალია ცოტა მოსუსტებული, მაგრამ მაინც რვა წელი მსოფლიოს სარეიტიგნო ტახტიდან ჩამოუსვლელი ახალი ზელანდია მიიღო და 16-9 მოუგო.
მე მართლა ბევრს ვუყურებ რაგბის და ეს სპორტი მგონი ერთადერთი რამაა რაზეც ცხოვრებაში თამამად, გაბედულად, ყველანაირი ეჭვების გარეშე შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ ტაქტიკურად ასეთი გამართული თამაში ჯერ არ მინახავს. კი, დღემდე მახსოვს 2003 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალი, რომელშიც ედი ჯოუნსის ავსტრალიამ ზელანდიას თითქმის არ დაურტყა ფეხი (რითაც მის უკანა ხაზი უბურთოდ დატოვა) თავისი ხუთმეტრიანიდანაც ხელით უტია და მოუგო, ისიც მახსოვს როგორ გაანეიტრალა სამხრეთ-აფრიკამ 1995 წლის მსოფლიო თასის ფინალში ჯონა ლომუ, მაგრამ ირლანდიელების გუშინდელი თამაში სხვა რამე იყო.
ირლანდიელების მთავარ მწვრთნელზე ჯო შმიტზე და მის დეტალებისადმი და დისციპლინისადმი ლამის ავადმყოფურ მიდრეკილებაზე ადრეც დავწერე, რის შედეგადაც ირლანდიელები იმდენად იშვიათად ჯარიმდებიან, რომ მსაჯებმა იეჭვეს რაღაცას ხომ არ გვატყუებენო და ხელახლა გადახედეს ამ გუნდის თამაშებს, ისიც დავწერე შმიტი ორ ვიდეო ანალიტიკოსთან მუშაობს და სხვადასხვა გუნდებს ყოველთვის სხვადასხვანაირიად უტევს მეთქი და ვფიქრობ, ამის დასტური სტოკდეილის ლელო უნდა იყოს. ავსტრალიელების ოქროს თაობაში, მგონი 2000 წელს დაბადებული ეგ კომბინაცია, აუტიდან რაქის გარეშე, თორმეტი ნომრის ჯვრით კიდეზე შეყვანა და იქ ფრთისა და ჰუკერის გააქტიურება, სულ ახალხანს გაიმეორა პატარძეულის ვეფხვების წინააღმდეგ ქუთაისის “აიამ” და ლამის ლელოც გაიტანა, მაგრამ ირლანდიელებს ეგ ფანდი აქამდე არ უხმარიათ, მათ შორის არც ამ თამაშის ბრწყინვალე პირველ ტაიმში (რომლის განმავლობაშიც მე კიდევ ერთხელ ვნახე ის რაც ასევე არ მინახავს აქამადე – უბურთო ზელანდია) და რატომღაც მგონია ამ კომბინაციის გაცოცხლება მაკენზის შორეულ დგომს უნდა უკავშირდებოდეს, “მომღიმარ კვლელად” მონათლული ეს ციცქნა, ვერაგი ზელანდიელი ხომ ცოტა ნაადრევად გადადიოდა კიდის ბოლოსკენ, ხაზში ასასვლელად, ჰოდა, მგონია რომ ირლანდიელებს შემჩნეული ჰქონდათ ზელანდიური დაცვის ეს, ასე ვთქვათ “თავისუფლი სივრცე” “შესაძლებლობა” როგორც იტყვის ხოლმე შმიტი, თორემ არა მგონია ჰენსონს და მის სამწვრთნელო შტაბს რეი ბრედბერივით ყოველ კვირა რომ იგონებენ ახალ-ახალ გენიალურ სცენარებს, ტაქტიკურად რამე ეშლებოდეს, უბრალოდ რაგბი თამაშია, თამაშში კიდევ ყველაფერს ვერ დაიცავ.
ირლანდიელებმაც დაინახეს ეგ “შესაძლებლობა”, საპირისპირო ხერხიც დაამუშავეს და ეგრე ელოდნენ შმიტის შუშის ჯიხურიდან მოსულ როგორც ყოველთვის მშვიდად, მაგრამ გარკვევით ნათქვამ ბრძანებას.
თუმცა მწვრთნელი მხოლოდ ნაწილია და გინდ ლეონარდო დავინჩის უჯოკრავდეს გამოგონებებში თუ მოთამაშეები არ ჰყავს, მის იდეებს, ჩვენებური გემრიელი გამოთქის არ იყოს, “ჩალის ფასი აქვს!”
და აბა მანდ იყო მაგარი ირლანდია თუ იყო. რომელი ვთქვა: ბესტი? ფარლონგი? რინგროუზი? კერნი? სტანდერი? სექსტონი? ვან დერ ფლიერი? ამიტომ მგონი ესე ჯობია: ყველა და ო’მაჰოუნი! იმიტომ რომ, მეჩვენება, ირლანდიის გუშინდელი სული ყველაზე მაგრად ამ კაცის იმ ილეთში გამოჩნდა, როდესაც დაღლილობისგან დამძმებული, მობრუნდა, საკუთარი ლელოსკენ გაიქცა და ისეთი იშვიათი ბურთი აცალა გაწვდილი ხელებიდან ზელანდიას, რომლისნაირი ასევე არ მახსენდება, თან ვის? ბენ სმიტს! ააცალა, სუფთა ლელოსგან იხსნა საკუთარი გუნდი და ერთ წუთში ძლივს, მოხუცივით ნელა რომ გავიდა მოედნიდან, მაშინ მივხვდი რა მაგარი რამე ვნახე წუთის წინ, როდესაც ჰაერში ამხტარ და სიკვდილივით თეთრ ბურთს მთელი ძალით გაკიდებულ ვეება კაცში აღარაფერი მირბოდა ხასიათის გარდა.
ვინც რაგბი არ იცის, მისთვის თამაშის ყურება საჭირო არ არის, ბოლო წუთები ნახეთ, ზელანდიელ ბრედლი რეტალიკს ბურთი ხელიდან რომ უვარდება, მსაჯი ჩასტვენს და დაცვის მწვანე ჯაჭვად აკინძული ირლანდიის ნაკრები დაღლილობისგან მოთიბული ბალახივით რომ ეცემა ძირს.
_ გახსენდება გუნდი, რომელსაც ამდენი და ასე ეშრომა, იმისთვის რომ სამი ქულით გასულიყო წინ? _ ჰკითხა პირველ ტაიმში ერთმა კომენტატორმა მეორეს.
_ არა, _ უპასუხა იმან.
აი, ეგეთი თამაში იყო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი პიტერ ო’მაჰოუნი გახდა. ორჯერ ჰკითხა ჟურნალისტმა ბენ სმიტის გაწვდილი ხელებიდან მოტაცებულ იმ სასწაულ ბურთზე და ორჯერვე აარიდა პასუხი ო’მაჰოუნიმ: დღეს ბიჭები, საუკეთესო მეგობრები ვიდექით მოედანზე და რაც გავაკეთეთ ერთად გავაკეთეთო!
ვიჯექი, ვუსმენდი და მეამაყებოდა, რომ მეც ამ სამყაროს, თუნდაც პატარა ნაწილი ვიყავი.
იხილეთ ფბ გვერდი.
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები