კარდიფიდან მოსული ძველი ამოძახილი
უელსში თამაში სხვა რამეა, მე დღემდე მახსოვს ის შეგრძნება, როდესაც კარდიფში მოვხვდი და ქალაქის ცენტრში, ბარებისა და ღამისკლუბებით მოპენტილი ვიწრო ქუჩების შუიდან ღრუბლიან ცაში წასული მილენიუმის სტადიონის მრუმე კონსტრუქციას ავხედე, შიგნით შესულმა კი წარმოვიდგინე რომ საქართველო – ზელანდიას კი არა უელსი ინგლისის მატჩს ვესწრებოდი და ჩემთვის გავიფიქრე, აუ, რა იქნება-მეთქი!
იმიტომ რომ ახალი ზელნადიის გარდა ალბათ არსად სხვაგან არ სუნთქავენ რაგბით ისე როგორც უელსში.
გუშინ კი ხარის გულივით ღონიერმა და ერთად მფეთქავა უელსმა სახლში ბეჭებზე დადო ინგლისი, თან რა ინგლისი და თან როგორ თამაშში!
ეს არ იყო ლამაზი რაგბი, ეს ნაღდი რაგბი იყო! რომლისაც შეგეშინდება და მაინც ვერ მოწყვეტ თვალს – სტუმრად ჩასული ირლანდიის და საფრანგეთის გამთელავი ინგლისი, თავისი ქირურგის ლანცეტივით ბასრი და საშიში ფეხით და ჯონი მეით, სუპერაგრესიული დაცვით, პოლინეზიიდან ჩამოტანილი მორბენალი გარდერობებით (ტუილაგი, ვუნიპოლა) და გრანდ სლემის ამბიციით და ყაყაჩოს ველივით აწითლებული სტადიონის მწვანე გულში ჩამდგარი უელსი.
რასაც წელს ექვს ერს ვუყურებ ასე მეჩვენება – ყველაზე ლამაზად მოთამაშე შოტლანდიაა, ზედმეტადაც კი (როგორი მოთამაშეც იყო ეგეთი მწვრთენლია გრეგორ თაუნზენდი და ამ პროფესიულ, სივრცეების წამში ამომქოლავ თამაშში, სადაც ყოველ გოჯ მიწას ცეცხლის ფასი აქვს, ასეთი თავზეხელაღებული რომანტიზმი ძაან მაგარი რამეა!), ყველაზე ორგანიზებული – შმიტის ირლანდია, ყველაზე საშიში, დაუნდობელი და ღონიერი – ედი ჯოუნზის ინგლისი. ყველაზე გამძლე და შეუპოვარი კი უელსი აღმოჩნდა.
გუშინდელი თამაში ისეთი გამოდგა, რომ თუკი რომელიმე მწვრთნელს გაუტეხელობის და თავდადების ვიდეოების ამოღება და საკუთარი მოთამაშეებისთვის ჩვენება უნდა, ფარაონების განძი ჩავარდნია ხელში. ბოჭვა-ბოჭვაზე, კონტაქტი კონტაქტზე, თან დაძაბულობის სიმი სულ დაჭიმული იყო. როგორ ბოჭავდნენ ვუნიპოლას! და რა იყო, ამ კაცის გაუტეხელობა და ყოველ ახალ ჯერზე კიდევ უფრო მეტი გაშამგებით მისვლა მცველებზე! აკი, ვამბობ, ნაღდი რაგბი იყო მეთქი!
“როცა შეტევაში არაფერი გამოგდის ჰაერში უნდა ახვიდე, ჩვენც ავედით, მაგრამ იქაც წავაგეთ!” თქვა ჯო შმიტმა, ირლანდია-ინგლისის მატჩის შემდეგ. წელს კი ჰაერში და მაღალ დაკიდებულებში ოუენ ფარელიან და ბენ იანგსიან ინგლისს ბადალი არ ჰყავს. ჰოდა, უელსი რომ მაგრად დადგა მიწაზე, ინგლისი ჰაერში ავიდა და აი მანდ გაიბრწყინა ფეხებდაგვაჯულმა ლიამ უილიამსმა და ისეთივე მაგარი იყო, (არ მომერიდება ამის თქმა) როგორც ბექა გორგაძე იმ წვიმიან დღეს, როდესაც ოცლწამდელები ჩვენს პირველ მსოფლიო თაზე შევეჯახეთ უელსს.
უილიამსმა კი დაგლიჯა, სასწაული ბურთები მოხსნა, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა და ერთი ისე ირგაბა აუტის ხაზთან, რომ იმ ვიდეოს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ხელემორედ არჩვენება – დანაშაულია!
და უელსმა მოიგო, იმიტომ რომ ჯოუნზებით, უილიამსებით და ტომასებით შეკოწიწებულ ამ ციცქნა, ოჯახივით ქვეყანაში ჯერ კიდევ მაგრად ფეთქავს ის დიდი, ულამაზო, ნაღდი რაგბის გული!
როდესაც მსაჯმა ბოლოჯერ ჩასტვინა, ჩემთვის ვცადე წარმომედგინა რა ხდებოდა იქ, უელსში და უცებ youtube-ზე მოსმენილი ის ამოძახილი ჩამესმა, რომელის მომსწრეც მე არ ვყოფილვარ, მაგრამ რომელიც ასე მოგვენატრა ყველას:
“პრედსტავლიაუ შას შტო ტვარიცა ვ ტბილისი, ლიკუეტ სტალიცა გურზიი, ლიკუეტ ვსია ნაშა სტრანა!”
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები