ეშლი-კუპერი გამახსენდა
სამხრეთ-აფრიკაში ვარ, სტელენბოშში. დილაა, ვარჯიში ერთ საათში გვაქვს. ტელევიზორი ჩავრთე. სუპერ რაგბის მორიგი თამაში იწყება, ოქლენდის “ბლუზი” (ზელანდია), სიდნეის “ვორათაზს” ეთამაშება. კომენტატორებად ქცეული ჩემი ბავშვობის დროინდელი რაგბის ლეგენდები შემადგენლობებს თვლიან. ვუყურებ მიკროფონიან, გამხდარ, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ სამხრეთ-აფრიკის ყოფილ კაპიტანს, ადრე გრიზლივით ბუთქუნა და აგრესიულ ჯონ სმიტს და რატომღაც გული მწყდება, თითქოს ეს კაცი მახსენებს, რომ გავიზარდე, რომ მიუხედავად ჩემი ოცდათოთხემტი წლისა, ბევრი ისეთი რამე დამრჩა უკან რასაც ვეღარ მივუბრუნდები.
ეკრანზე მოქმედი რაგბისტები ენაცვლებიან ერთმანეთს და უცებ ამ ახალგაზრდა, ღონიერი, მოცინარი ბიჭების წრეში იდაყვებდასტრაპული, შეჭაღარავებული კაცი ჩნდება. არ მეშლება, ადამ-ეშლი კუპერია, ჩემი ბავშვობის დორინდელი ლეგენდა, იმ დიდი ავსტრალიის ბოლო თაობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ალბათ, ერთ-ერთი ან სულაც ერთადერთი ვინც იმ ოქროსფერი დინოზავრების წასვლის შემდეგ ძველ სიდიდეს ინარჩუნებდა ახალად აკინძულ ავსტრალიის ნაკრებში.
რაგბი მრავალმხრივი თამაშია, “ძალისმიერი ჭადრაკი”, როგორც ამბობს ჩემი ძმაკაცი, მეწყვილე და ძალიან კარგი მწვრთნელი ზურა ამონაშვილი. აქ ყველაფერია საჭირო, ფეხიდან და კონტაქტიდან დაწყებული ხელით და არიდებით დამთავრებული, განსაკუთრებით კი ტვინი. ამიტომ რაგბიში ხშირია დიდი მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი რამე აკლდათ, მაგრამ რაც ჰქონდათ ისე მაგრად ჰქონდათ, რომ იმ სისუსტეებს უვიწყებდნენ, ხუთ ეგეთს ახლავე ჩამოვთვლი ჯონა ლომუ, შეინ უილიამსი, ენდრიუ მერტენსი, კარლოს სპენსრი და კუაიტ კუპერი, დიდი ვარსკვლავები, რომლებსაც აკლდათ ის რისი არქონასაც რაგბი არასოდეს გივიწყებს – დაცვა!
ეშლი-კუპერი ასეთი არ იყო, არაფერში ბრწყინავდა განსაკუთრებით, უბრალოდ ყველაფერში და ყველგან (13,14,15) ძალიან მაგარი იყო.
და ახლა როცა “ბლუზი – ვორათაზის” პირველ ტაიმს ვუყურე და მხოლოდ ერთხელ გავიგე მისი გვარი, მერე კი დავინახე ჯეელ გუნდელებთან შედარებით როგორ მძიმედ წამოდგა რაქიდან, თან გული დამწყდა და თან მაგრად მესიამოვნა. მერე რა რომ აღარ ჩანს, ან როგორ უნდა გამოჩნდეს ოცდათხუთმეტი წლის ხაზის მოთამაშე მოედანზე, როდესაც ირგვლივ ფალაუ და იოანები დაფრინავენ. ხაზის მოთამაშეები ხომ ბევრად მალე ბერდებიან ვიდრე შერკინება, ბუნების კანონია, კაცი ჯანს უფრო დიდი ხანი ინარჩუნებს ვიდრე სისწრაფეს. ეშლი კუპერი კი ისევ თამაშობს და მგონი ერთადერთია ჩემი ბავშვობიდან, ვინც ჯერ კიდევ დგას მოედანზე და ის რომ ამ იდაყვბდასტრაპულ, შეჭაღარავებულ დაღლილ კაცში, მე და კიდევ ძალიან ცოტა ძველი გულშემატკივარი ვხედავთ ავსტრალიის ჩამავალი დიდების ერთ-ერთ კაშკაშა ვარსკვლავს, სხვანაირად მითბობს გულს და იმ დროს მახსენებს, როდესაც საქართველოში რაგბის ტელევიზორში არ აჩვენებდნენ, მეშვიდე არხი იპარადა “სკაი სპორტს”, მეშვიდე არხს კი მხოლოდ საბურთალო იჭერდა და ჩვენ მამასთან ერთად მამიდაჩემის საბურთალს სახლის ძველ ტელევიზორს მიჩერებულები ვუყურებდით მოპარულ თამაშებს და იმ ძველი ეკრანიდან ჩემი, ჩემი ძმის და რაგბით მოწამლული რამდნეიმე ჩემი ძმაკცის ბავშვურ სამყაროში რიგ-რიგობით შემოდიოდნენ მისაბაძი გმირები მწვანე მოედნიდან.
ორ ეგეთ გმირზე როგორმე მერე მოგიყვებით