პირველად მსოფლიო თასზე 2003 წელს…
ევროპის ერთა თასი მსოფლიოს მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა, თუმცაღა პირველ მატჩში პორტუგალიასთან ვერ ვიყოჩაღეთ, “ლობუშებმა” კი ბოლო წამს დადეს გმარჯვების ლელო 30:34
შემდეგ ეროვნულზე, თოვლში დავამარცხეთ ესპანეთი 34:3
რუსეთთან თამაში პალიკო ჯიმშელაძის ბენეფისად იქცა: მგეზავმა ლელოთი და ექვსი გოლით 23-ვე ქულა პირადად შეგვძინა. რუსებმა ჩვენს მოწოდებაზე ბევრჯერ აგვაცალეს ბურთი, მაგრამ დაცვაში გაუვალ მწყობრს რომ აწყდებოდნენ, ზურგში ფეხით გვიკიდებდნენ ოვალს, იქ კი უკანა ბეკები კარგად ვერ ირჯებოდნენ და 9 ქულით გვაზარალეს.
პირველ ტაიმში ორჯერ ჩვენ დავწინაურდით და ოთხჯერ ისინი, მაგრამ გარდატეხა საათის თავზე, ლელოთი მოხდა: ფრონტის შუისკენ რამდენჯერმე რომ მივეძალეთ, მეტოქე იქეთ მივიზიდეთ და ირაკლი აბუსერიძემ პალიკოს სხარტად შეატევინა მოკლე ფრთაზე. ბოლოს რუსები მოგვეძალნენ და იტალიელმა რეფმა გაახშირა ჯარიმები, მაგრამ მასპინძლებს გარდასახული ლელო ჭირდებოდათ და ამიტომ კარში არ ურტყამდნენ, ხოლო ბიჭებმა ყველა იერიში მოიგერიეს. 23:17 ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს.
ერთა თასზე ახლად ამოსულ ჩეხეთს პრაღაში 20 მორაგბის ამარა მოვუგეთ 30:15.
პორტუგალიის კარგი თამაშის გამო საქართველო – რუმინეთი ანთიმოზ ივერიელის თასის გათამაშებადღა იქცა. სტეჟარს 9 ნომრები ბითუმად რომ დამტვრეოდა, პეტრუ მიტუს ეაჯა და დაიბრუნა, ჩვენ კი ჯაგა-ჯუგზე ნებით ვთქვით უარი და კარპატელებს პინგ-პონგში ავყევით.
შესვენებამდე ზურგქარში ვთამაშობდით, მაგრამ კაცაძის ორი მიძალების მეტი საგულისხმო ვერაფერი მოვახერხეთ. ჯიმშელაძემ ახლოდან შეაგდო ორი ჯარიმა, ურჯუკაშვილს კი ბურთი შესატევად არც მისვლია. წამატებულ დრომდე ექვსით მაინც წინ ვიყავით, მაგრამ მოედანზე რომ არაფერი ხდებოდა, მაყურებელი დუმდა, სტადიონის ინფორმატორის მოწოდებას კი სტეჟარი გამოეხმაურა: ვალი მაფტეიმ არეულ თამაშში, თავისი ნახევრიდან გამოგვიჭრა ხაზი, ბევრი ირბინა და შიგნით მიაწოდა გაბრიელ ბრეზოიანუს, ვინც მანამდე, მიტუს პასების შედეგად, ორჯერ იღბლადღა ავლაგმეთ.
რუმინეთმა პირველ მეოთხედშიც უწია მოლით ლელოს, მაგრამ ბურთი ვერ დაამიწა. მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ორჯერ გადავრჩით, მერე კი რომ გახურდა პინგ-პონგი და გადაკიდებული ვერ ავიღეთ, იმათ ჩვენს უბურთო 15 ნომერს ზურგში ჰკრეს, ფრანგმა მსაჯმა კი ლელო ჩათვალა. ექვსით ჩამორჩენილები მეტოქემ ჩვენს ნახევარზე დაგვამწყვდია და ლაფსუსებიც მოგვიმრავლდა. საბოლოოდ 6:19 დავმარცხდით.
მზადება მსოფლიოსთვის და პრობლემები >
უსახსრობის გამო ჩაგვეშალა ბაკურიანის შეკრება, საფრანგეთში ვარჯიში და კანადაში სტუმრობა.
ცალკე გამოსაწრთობად და ცალკეც ფულის ეკონომიის მიზნით, ბორჯღალოსნები ოტელის ნაცვლად კარვებში ცხოვრობდნენ. ეს მალე შეიტყო მსოფლიო მედიამ, პირის ზედიზედ შლით შეწუხებულმა კავშირმა კი იმდენჯერ დაიჩივლა, სახელმწიფომ ვერ გაიაზრა მსოფლიო თასზე გუნდის გაგზავნის მნიშვნელობაო, რომ ყურები ცქვიტეს სენსაციას დახარბებულმა უცხოელმა მწერლებმა. ჰოდა, ცნობილმა სკანდალისტმა ალეკს ბრაუნმა ირბ-ს ეგეც შეაპარა, საქართველო ავსტრალიაში არ ჩამოდის და ესპანეთით შეცვალეთო.
თუ მსოფლიო თასის ვებ-საითს დაეჯერებოდა, ხელისუფლებამ ბოლოს მაინც გაიკრა ჯიბეზე ხელი და პრეზიდენტის ფონდიდან 134 400 ლარი შეაწია ბორჯღალოსნებს. არადა, შუა სექტემბერში ვითარება იქამდეც დაიძაბა, რომ დავალიანების გამო საფრანგეთში მყოფ ნაკრებს ოტელიდან აძევებდნენ, კავშირის პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე კი “პროტესტის ნიშნად” უარს ამბობდა კუთვნილ პრივილეგიაზე – ირბ-ის მიწვევით ავსტრალიაში აღარ მიდიოდა, რაღაი “ბიჭების წინაშე პირნათელი ვერ იყო”
იტალიასთან ტესტი: თასის წინ ერთადერთი ტესტი ტურინის მიდამოში, იტალიასთან გავმართეთ. დანავსულები საერთაშორისო ფოსტამაც დაგვაღალატა და რომ ვერ ჩამოგვიტანა ახალი ფორმა, შავად შევიმოსეთ.
ზაზამ სავარჯიშო სამოსი რუხი შეუკვეთა, კუკრის თარგები კი კავკასიური ბორჯღალითა და ფრესკიდან აღებული ბრიალა მზით გააქართულა. კვართს წელთან გაკრული ხელით ეწერა “GEORGIA” და კონტრასტული ფერის ნომერიც ეტყობოდა. სათასოდ ფორმის ორი, შავ-შინდისფერი და თეთრ-შინდისფერი ვარიანტი შეიკერა. ჰოდა, პირველი ისე გასაღდა, რომ აქამდე ამშვენებს კოლექციებს და ესთეტებიც მალიმალ იხსენებენ.
“ექვსი ერის” წევრ იტალიას ვეთამაშეთ ლაღად და ტოლი არაფერში დავუდეთ. მატჩი “ტელე იმედმა” ცოცხლად გადმოსცა. ოლიმპის თანახმად, “ნაპატივებმა გუნდმა ძლივს მოუგო უვარჯიშებელსა და მიუსაფარს, ვისაც 22-კაცა რაზმში ერთბაშად ექვსი ახალბედა შეეყვანა და სქოთი რეფიც დაბალ ღობედ თვლიდა – სამი კაცი გაუსინბინა, ჩხუბში უპირობოდ გაამტყუნა და გარდამტეხ ეპიზოდშიც პირადად გააცუცურაკა”
პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. აძურმა მოლით დაგვიდო ორი ლელო, ჩვენ კი თერნოვერით ვიხეირეთ: ურჯუკაშვილმა რომ დასცა მომხვდური, მოსროლილი ბურთი ბესიკ ხამაშურიძემ აიღო, გაქუსლა და წამოსწრებულ მახოსვე გაატანა. მეორეში ფაზურად რომ ვუტიეთ, ურჯუკაშვილმა შორიდან არეკნი დაკრა და მეორედ დავწინაურდით, მაგრამ მერე უფალმა რემიჯმა ჭკუის დარიგება დაგვიწყო. ჰოდა, ვიდრე ბიჭები რეფს უსმენდნენ, ჯარიმა გაათამაშა გაქნილმა ტრონკონმა, სქოთმა კი მას არამი ლელოს გაუქმება ვერ ჰკადრა.
მსაჯმა ოფსაიდიდან განგებ თამაშისთვის გაგვიგდო ლაბაძე, მაგრამ ოთხით ჩამორჩენილებს არ გვიბოძა ჯარიმა, როცა მახომ თავისივე გადაკიდებული აიღო და უხეშად დაეჯახნენ. დასასრულ, რემიჯმა აძურს დერეფანში თათბირიც ადროვა, ხოლო ჩვენები აგორებულ მოლს საეჭვოდ შემოაცილა. 22:31 დავმარცხდით.
მსოფლიო თასი >
ინგლისი 84:6 საქართველო / პომებს ბურთაობის ისეთი მეთოდი დაემუღამებინათ, რომ ოვალს ფაქტობრივად ვერ წაართმევდი. 80 წუთი ინგლისელთა ჩახურვაში, ბოჭვასა და დევნაში გავატარეთ. ბიჭებმა ბურთიანი მეტოქე 194-ჯერ დასცეს, იმათ კი ჩვენების წაქცევა სულ 40-ჯერ მოუხდათ.
გვიჭირდა დერეფანსა და შერკინებაში. თუ მაინც მოვიგებდით სტატიკაში ბურთს, უმალ მეტოქეს დავურტყამდით და მორიგი იერიშის მოსაგერიებლად გავემზადებოდით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე ჯარიმა გავიტანეთ და ანგარში 6:53 გავხადეთ, გავაჩაღეთ ფაზური თამაში და ჩვენს მოქომაგე პუბლიკას დავანახეთ, თუ რისი შნო გვქონდა. არადა, ამ დროს უკვე 57-ე წუთი იდგა.
სამოა 46:9 საქართველო / სამოასთან ბურთი რომ ვერ დავიჭირეთ ისევ დევნა მოგვიხდა მეტოქის ეგღაა ერთი მომენტი 17:9 იყო ანგარიში თუმცაღა მოწინააღმდეგესთან ვერაფერი გავაწყეთ.
სამხ აფრიკა 46:19 საქართველო / ყველა აფიკას 65-80 ქულით უქადდნენ გამარჯვებას, მაგრამ დადგა ბოლო მეოთხედი, სხვაობა ოდენ 13 ქულა იყო და კვლავ ისე თამამად ვუტევდით, რომ მთელი “ოზი სთედიუმი” ჩვენ გვქომაგობდა.
ვეტერანებმა, კაცაძემ და ვიქტორ დიდებულიძემ დაამტკიცეს, რომ ბებერი ხარისა რქებიცა ხნავს, ჯეელთაგან კი მარბიელი გიორგი წიკლაური ნამდვილი აღმოჩენა იყო და მეორე უკეპომ, სერგო გუჯარაიძემაც კაცურად ირაგბა. ბედად, მსაჯმაც დაარღვია ამ თასის ტენდენცია, ბობოლას უპირობოდ აღარ მიემხრო და გამოჩნდა, რომ ბარაქიანი რაგბის თამაში გულად გადამთიელსაც შეძლებია. ჩვენს გარემარბებს ბურთი ერთხელაც არ მისვლიათ, მაგრამ კარში ოთხი ჯარიმა ხომ დავარტყით და ბარემ ხუთჯერ ვუწიეთ წითელ ზოლს.
ქართველთა პირველი სამსოფლიოთასო ლელო ქუთაისელმა კვაჭმა, დავით დადუნაშვილმა გაიტანა. ბოკემ პრემია რომ დაიბევა, ჩვენები გახელდნენ. დიდებულიძემ პასი ჩაუჭრა იაპებს და გაქანდა, მღლეტელმა სხოლცმა კი ბურთი ჩახურა და გაასინბინეს. ჯარიმა კიდეზე გადავიტანეთ, დერეფანი წიკლაურმა მოიგო და “დადუ” მოლის გვერდით შეიჭრა. ესოდენ ღირსეული რაგბობით გულმოცემულებს გვჭირდებოდა სულ მცირედი – ურუგვაის ძლევა, მაგრამ უკუღმართი კალენდრის გამო, მეტოქემ 15 დღე იუქმა და ჩვენზე უკეთ მოემზადა.
საქართველო 12:24 ურუგვაი / თამაში ჩავაფლავეთ. “ოლიმპმა” დაწერა, “ტეროსი ნამუსიანი ხელოსანივით გაისარჯა, ჩვენ კი მასწავლებელი არ გვივარგა. თავი არც ამჯერად დაგვიზოგავს, მაგრამ ურუგვაიმ გააკეთა ის, რაც იცოდა და თითქმის ყველა შანსი გამოიყენა; ღონითა და ჯიგრით არ ჩამოგვრჩა, თავს პინგ-პონგი მოგვახვია, არც ბინძურად თამაში ითაკილა და სიმულაციითაც ბევრჯერ დააგდო ტემპი; ერთი სიტყვით, გვაჯობა იმით, რითაც წლიდან წლამდე გვიგებს რუმინეთიო. შეტევაში არანაირი გეგმა არ გვქონდა; ყოველმა მეტოქემ ჩვენს შესახებ მეტი იცოდა, ვიდრე ჩვენ მასზე”
აი ასეთი იყო 2003 წელი ქართული რაგბისთვის, მართალია წარუმატებელი, მაგრამ პირველად მსოფლიო თასზე… გუნდურ სპორტის სახეობებში პირველი გუნდი სწორედ ბორჯღალოსნები იყვნენ ვინაც მსოფლიო ასპარეზს უწიეს ქართველთაგან და ამ შედეგს დღემდე მხოლოდ მორაგბეები იმეორებენ.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები