1998 წელი…
მსოფლიოს შესარჩევამდე მოვემზადეთ არგენტინაში, ვესტუმრეთ საფრანგეთს და ამხანაგურად ვერაგბეთ უკრაინას (31:17 მოგება)
მსოლიოს შესარჩევზე ვეთამაშეთ იტალიას, რომელმაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა ჩვენთან თამაშზე, პირველი ტაიმი ვჯობდით, თუმც საბოლოოდ მეტოქემ მაინც გვაჯობდა და 31:14 იმარჯვა.
შემდეგი თამაში ეროვნულზე რუსეთთან გველოდა ნაწვიმარზე კიკერობა ეტვირთა ჯერაც სკოლის მოწაფე მახო ურჯუკაშვილს, ვისაც კილასონიამ ჭაბუკთა ნაკრებში დაამუღამებინა დარტყმა. რომ გვიჭირდა, აკადემიის გაზრდილმა უამრავი ხიფათი განმუხტა, მერე კი ოთხი სასწაული გოლი შეაგდო – 40, 35, 27 და 20 მეტრიდან და მხოლოდ 47 და 50 მეტრიდან მოეცარა ოდნავ ფეხი. გმირს სტადიონზევე უშველებელი ლარნაკი და ხმალი აჩუქეს.
მსოფლიო თასის შემდეგ სტადიაზე გამყვანი სამი ლელოს გატანის იმედი რომ ეწურებოდათ, სტუმრები გავეშდნენ და ზედიზედ რვაჯერ მოგვეძალნენ, მაგრამ ფეხიც ვერ მოგვაცვლევინეს. სტადიონი გადაირია: ბიჭებმა მომხდურნი ცხრა (!) წუთში 28-ჯერ შებოჭეს და ბოლოსდაბოლოს კიდეც აოტნეს ლელოს მისადგომებიდან, მერე კი ბრძოლა დინჯად მიიყვანეს გამარჯვებამდე. ჰოდა, ბორჯღალოსნებზე ალალი იყო ტრიუმფალური წრე.
ჩვენი პული
1) იტალია / 4-0
2) საქართველო / 3-1
3)ხორვატია / 2-2
4)რუსეთი / 1-3
5)დანია / 0-4
ამ შედეგით მოვხვდით სამ გუნდა ჯგუფში, საიდანაც 1/2 გადიოდა მსოფლიოზე მესამეს კი სანუგეშოდ ბოლო საგზურისთვის ბრძოლაღა რჩებოდა. ირლანდია/რუმინეთი/საქართველო. ყველა მატჩი ირლანდიაში იმართებოდა.
უშეღავათო განრიგის გადამკიდე, შაბათს ირლანდიას გავუყვანეთ 26-კაცა რაზმის მარქაფა. თამაში ჩვენებურად საღამოს შვიდზე დაიწყო. კელტები კლუბებით 205:15 აღგვემატებოდნენ, მობურთალთა რაოდენობით კი 65 000 : 1 000. ანგარიშიც ამის შესაფერი გამოვიდა 70:0. სამყურებმა ათჯერ დაგვალელოვეს და 12 წლით ადრე, რუმინეთთან დამყარებული რეკორდი გაიუმჯობესეს, ჩვენ კი მეორე ტაიმის დასაწყისში გასატანი ჯარიმა ავაცილეთ.
მეორე მატჩი კი რომელშიც მოგებას ვგეგმავდით დავთმეთ 23:27. ასე, “მარცხიანად დასრულდა ქართული რაგბის აქამდელ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თამაში; თავი კი დავდეთ, მაგრამ კლასმა მაინც გახნა აღმართი; გაიმარჯვა ოსტატობამ; არადა, საკმარისი იყო, ბორჯღალოსნებს კარპატელები ეძლიათ, რომ ქართული სპორტის ისტორიაში მობურთალათაგან პირველები გავიდოდნენ მსოფლიო თასზე. ეს ჩვენში რაგბის იმიჯს ხომ მოუხდებოდა და ქართული ლელობურთის საერთაშორისო ანალოგის მომავალსაც კარგა ხანით უზრუნველყოფდა კავკასიის გაჭირვებულ ქვეყანაში”
რუმინეთმა შესვენებაზე სწორი დასკნა გააკეთა – თამაში განახლებისთანავე გაგვიშალა. 15 ნომერი მიხაი ვიორეანუ ზედიზედ ჩაერთო ხაზში, ლელოსკენ გაგორებული ბურთები კი ვერ ავიღეთ 6:17. მაინც არ გავტყდით – მორკინალთა მიძალებით გავიტანეთ ლელო და გარდავსახეთ; მერე დასარტყამი ჯარიმა არ გავათამაშეთ და ჩამორჩენა ერთამდე შევამცირეთ 16:17, მაგრამ აქ 9 ნომერი პეტრე მიტუ წაეპასავა ვიორეანუს და ჩვენს მბოჭავს ალამთან დაუმიწა.
წამატებულ დროში არჩილ ქავთარაშვილმა რომ ჩაჭრა პასი და მთელი მოედანი გადასერა, თამაშიც დასრულდა. რუმინეთმა ნაკრებთა პირველი რკენა მოგვიგო და მსოფლიო თასზე გავიდა, ჩვენ კი იმედად რეპეშაჟი დაგვრჩა. ტურნირის ბოლო მატჩში, ირლანდიასთან, კარპატელები ისე გალაღდნენ, რომ ბეკებით ხუთი (!) ლელო გაიტანეს და მაინც 18 ქულით დამარცხდნენ, ჩვენ კი, ძაან შორებლები და უცხონი, იმაზე მეტად გაგვაქილიკა ბრიტანულმა პრესამ, ვიდრე ახალბედობის გათვალისწინებით ვიმსახურებდით.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები
1998 წელი საქართველო და რაგბი
Facebook კომენტარები
წინა პოსტი