პირველად დამარცხებული რუსეთი… 1996 წელი, როდესაც მსოფლიო რაგბში
უამრავი სიახლე დაინერგა და ჩვენშიც, კერძოდ განისაზღვრა რომ შერკინებაში 8 მოთამაშე
უნდა მდგარიყო და არა მეტი, ასევე დერეფანში დაუშვეს ამხტარისთვის ხელის შეშველება,
რეალურად კი აწევა; ბურთის ალალად დაჭერა შესაძლებელი გახდა ნახტომშიც. ჩვენს
ნაკრებს შარშან პირველად რომე ემოსა ბორჯღალოიანი კვართი გადაწყდა ნაკრების ლოგოდ
ბორჯღალოს დამტკიცება.
გვესტუმრენ ჩეხები ვაკეში, კარგად ვეთამაშეთ და სამი ლელოც დავუდეთ. პირველსავე
შეტევაში მოვიგეთ ჯერ დერეფანი, მერე რაქი და 9 ნომრად პირველად მოთამაშე შოთა
მოდებაძემ მოკლე ფრთაზე დაგეზა არჩილ ქავთარაშვილი. "ვრაგბობით თანამედროვედ,
გადაჯგუფებებით და ბეკებს მაშინღა ვატევინებდით, სივრცე რომ საკმაო გამოჩნდებოდა,
რითაც მეტოქეს ბარემ 15 წლით ვუსწრებდით"
მეორე ლელო იმათი უკანა ხაზის თერნოვერიდან დავდეთ – განავარდებაში კახა ალანია,
პალიკო ჯიმშელაძე და ქავთარაშვილი მონაწილეობდნენ; მესამე მეტოქის მიერ წაგებულ
დერეფანს მოყვა და მეტობა ნიკო იურინმა გამოიყენა; სალელოე შანსები ჩეხებსაც ჰქონდათ,
მაგრამ ჩვენები ფეხმოუცვლელად იდგნენ დაცვაში, თამაშის ბოლოს კი კინაღამ მეოთხეც
გავიტანეთ.
ნაკრების საშემოდგომო პროგრამა მაისში დაისახა. ფირა-მ მორიგი რე-სტრუქტურიზაცია
მოახდინა. ბოლოსდაბოლოს დაგვიფასდა წარმატებები – გაგვათავისუფლეს 1999 წლის
მსოფლიო თასის პირველი შესარჩევი სტადიიდან, შედეგთა ზერელედ დაჯამებით,
შედარებითა და 12 უკეთესი გუნდის ზიგზაგური განაწილებით კი "ერთა თასზე" შეიქმნა
ოთხი 3-გუნდა პული, რომლებშიც შეჯიბრი ერთ წრედ, "შინ ან გარეთ" პრინციპით უნდა
გამართულიყო.
მეტოქეებად გვერგნენ სლავები – რუსეთი და ისევ ჩეხეთი. ამასთან რუსეთი აქეთ უნდა
გვწვეოდა, ჩვენ კი ჩავსულიყავით ჩეხეთს.
ჩეხეთი დავამარცხეთ 18:14…
მატჩი რუსეთთან
ბილეთი 5, 3 და 2 ლარი ღირდა. თამაში კვირას, დღის ოთხზე დაიწყო. მოდებაძის
თანაშემწის, დათო კილასონიას თქმით, მეტოქის ათლეტურობისთვის უნდა
დაგვეპირისპირებინა ჭკუა და შეძლების და გვარად მალე დავწინაურებულიყავით.
რუსებთან საბჭოთა ხანაში რაზმის მხოლოდ მესამედს ეთამაშა, სხვანი კი ქართულ რაგბის
წიაღში გაზრდილიყვნენ.
დარი საამო იდგა. გვეცვა შინდისფერი. ბიჭებმა თავი გადადეს. ბებრებს – გია გიუნაშვილს,
რაფავას, მაჩიტიძეს, ჰუქერად პირველად მოთამაშე დიმა ობოლაძეს ჯეელებმა – ჯიმშელაძემ,
მოდებაძემ, ლევან ცაბაძემ, გია ლაბაძემ აუბეს მხარი და მერაბ ბესელიაც დიდი ბიზნესიდან
ძაან დროულად დაუბრუნდა დიდ რაგბს.
ვიბურთავეთ ლამაზად. პირველსავე წუთზე ბესელიამ მოკლე ფრთაზე შეუტია და
მაჩიტიძემ სხარტი არეკნით გახსნა ანგარიში. კახამ სამი ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ
გადამწყვეტი მაინც სამი ეშხიანი ლელო იყო. პირველმა, 25-ე წუთზე, თამაში ჩვენს
სასარგებლოდ გარდატეხა: რუსებმა მოლში ბურთი რომ დაკარგეს, სწრაფად ჩავათამაშეთ
მარჯვნივ, ბესელიამ გრძელი სლალომი მოაწყო და შიგნით წამოსულმა, ძაან შორს მიაწოდა
ქავთარაშვილს, ვისაც დიაგონალზე ვეღარავინ დაეწია.
მალე მოდებაძემ ოდნავ მობრუნებული შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია,
ქავთარაშვილმა კი სატყუარას როლი ითამაშა. ზედ შესვენების წინ იურინმა თავისი
ნახევრიდან ქვემეხისებრი არეკნი დაარტყა, მეორე ტაიმში კი, მეტოქე რომ მოგვეძალა,
მომხვდურებიც ადგილზე, რისკიანად გააცუცურაკა. სტუმრები ბოლო მეოთხედის წინ ორ
ქულამდე წამოგვეწივნენ, მაგრამ აქ მდუმარე სტადიონმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და
გუნდსაც აღმაფრენა ეწვია.
მაჩიტიძემ და იურინმა კუთხეებს ზუსტად უმიზნეს. მთლად გავეშდნენ ბესელია და
ჯიმშელაძე. დერეფნიდან ტანკივით იარა ცაბაძემ. რუსებმა თავიანთ წითელ ზოლში ორი
შერკინება ჩააქციეს, მაგრამ ნადირაძემ მოკლე ფრთაზე მაინც შეიტანა ლელო, ხოლო
მაჩიტიძემ გარდასახვაც შეაგდო. 29:20 ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს.
ოქმი ჩვენი შემადგენლობით
20/10/96 საქართველო 29:20 რუსეთი
3ლ: ქავთარაშვილი შ.მოდებაძე ნადირაძე; გ 2ჯ: მაჩიტიძე; 2ა: მაჩიტიძე ნ.იურინი – ლ 5ჯ:
ბოლდაკოვი
რეფ ბარაბი (სფრ; კიდ: მგელაძე / ნარიმანაშვილი * ეროვნული
3:0(2ა) 3:3(7) 6:3(13) 6:6(21) 11:6(25) 14:6(29) 14:9(32) 19:9(34) 19:12(39) 22:12(40ა) /
22:15(54) 22:20(64) 29:20(80+3)
საქ: იურინი ბესელია ჯიმშელაძე ალანია (ჩიქვინიძე 41) ქავთარაშვილი (ბუგიანიშვილი 72)
<10-9> მაჩიტიძე მოდებაძე / მთიულიშვილი (ფირცხალავა 15-20) ობოლაძე კაპ^ ცაბაძე;
ნადირაძე რაფავა (პარწიკანაშვილი 66) ზ.ლეჟავა ლაბაძე გ.გიუნაშვილი (კ.კობახიძე 55) ^ მწ)
მოდებაძე კილასონია ჭეიშვილი
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები