სანახაობრივი რაგბი ( გუნდს რა სჭირსო რომ დაედგინათ შინ ათამაშეს, გაიგეთ უფრო მეტი ;))- 20 წლის წინ
საქართველომ 1994/95 წწ სეზონში ბულგარეთს 70-8 ხოლო მოლდოვას 47-5 რომ მოუგო, ფირა-აერის შემდეგ დივიზიონშიც აღზევდა. 1995 წელს პირველად დაგვდო პატივი ევროპულმა ნაკრებმა და გვესტუმრა, დიდი მუშტი-კრივის ფონზე გერმანია დავამარცხეთ 14-3.
დარჩენილ ორ მატჩშინაკრები 15 ნოემბერს გაყვა “ეარ ჯორჯიას” ფრანკფურტის რეისს, რათა ავტობუსით ათასი კილომეტრი გაევლო დანიის ოლბორგამდე, იქედან კი 4-ბორბალა სახლითვე მიბრუნებულიყო ჰოლანდიაში! თამაში გველოდა კვირასა და პარასკევს. გუნდი ორივეში მოგებას გეგმავდა, რათა შემდეგ სეზონში პირველ ჯგუფში ასულიყო და უკეთეს მეტოქეებთან ერაგბა.
ტურნე უმაგალითოდ ფათერაკიანი გამოვიდა. ჯერ ქუთაისში, მზადებისას დაწყდა დენი. მერე დანიაში, ჩრდილო განედის 57 გრადუსზე მოთოვა, რის გამოც ხელბურთის დარბაზშიღა ვივარჯიშეთ; სამ ჩვენებურს კედები რომ არ ჰქონდა, გაცივდა და სიცხემ აუწია. თამაშის დღეს კლუბმა დახვეტა ასპარეზი, მაგრამ დანიის უელსელმა მწურთნელმა დანიელი ბიჭები აიყოლია და კავშირის ჯინაზე, თამაში ჩაშალა, ესაო და მოედანი ალაგ-ალაგ მოყინულიაო.
ამაზე ფრანგმა რეფმა პატაკი დაწერა და დანიას წაგება ჩაეთვალა.
ბიჭებმა რა გაიგეს, ასვლა განაღდებული გვაქვსო, თანდათან აიშვეს. ჰოლანდიაში, დაგვაბინავეს გემ სასტუმროში და ვითომც უფულობის გამო, თითო დღით მიგვაბარეს ქვეყნის სულ სხვადასხვა ბოლოში მდებარე კლუბებს, რათა ამათ დავეპურებინეთ და ვევარჯიშებინეთ. ამის გადამკიდე გუნდი დღის მეტს წილს ავტობუსში ატარებდა.
უფროსობამ წესრიგის დამყარება თამაშის დილას სცადა, მაგრამ დააგვიანა. სამუშაო კვირის ბოლოს, პარასკევს მატჩი ჩვენთვის უჩვეულო დროს, საღამოს რვაზე დაიწყო. თავიდან ყოჩაღად ვიყავით და სიცხიანი ნუგზარ ძაგნიძის ჯარიმით კიდეც დავწინაურდით, მაგრამ 25 წუთის შემდეგ წინა დღეთა თავგადასავალმა იჩინა თავი. ჰოდა, ზეზეულად რომ ჩამოგვეძინა, სარეკორდოდ ბევრი, ცხრა ლელო გავუშვით … ირბ-ში ჩვენი მიმღების, ქის როულენდზის თვალწინ, ვინც საქომაგოდ ჩამოსულიყო. 3-55 დავმარცხდით, მაგრამ ზედა დივიზიონში მაინც ავინაცვლეთ.
შინ მობრუნებულმა ნაკრებმა რეაბილიტაცია გაიარა 12-კაცა, 30-წუთა ტაიმებიან, უდერეფნო, 7-მეტრა ოფსაიდიან, ორ-მსაჯიან, იშვიათ-შერკინებიან “სადა რაგბში”, რომელიც გაზეთის მიერ მოწყობილი ექსპერიმენტი იყო ნუთუ რაგბი ისე დაგვავიწყდა ჰოლანდია ასე იოლად რომ გვსრავსო.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები